თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. მონტენეგრო საქართველოსთან უვიზო რეჟიმის საკითხებზე მოლაპარაკებების დასაწყებად მზადაა, განაცხადა პარასკევს, 5 ივნისს მონტენეგტოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა პარასკევს, 5 ივნისს.
მინისტრმა შეხვედრები გამართა მონტენეგროს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრთან.
”ჩემს კოლეგასთან საუბრისას მისი მხრიდან მხარდაჭერა მივიღე, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები ჩვენ ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რაც ჩვენი ურთიერთობების აბსოლუტურად ბუნებრივი გაგრძელება იქნება იმის ფონზე, რომ საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდება”, — განაცხადა ბერუჩაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე წლებია, მონტენეგროს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვს.
”რა თქმა უნდა, განსაკუთრებით გამოიკვეთა თანამშრომლობის სფეროები და მასში შედის ტურიზმი, კულტურა, განათლება. მონტენეგროს შესაბამისი უწყებების მხრიდან ამ სფეროების შესაბამის კომპანიებთან თანამშრომლობის სერიოზული მზადყოფნა არსებობს”, — აღნიშნა ბერუჩაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი მონტენეგროში პირველი ოფიციალური ვიზიტით 4 ივნისს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში 4-6 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრი ქალაქ ბუდვაში მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის უსაფრთხოების ფორუმში 2BS FORUM, რომელიც ქალაქ ბუდვაში 4-6 ივნისს გაიმართება.