თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატები საგაზაფხულო სესიაზე სამშაბათს შეიკრიბებიან. ოქტომბერში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელმაც შესაძლოა საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკურ ძალთა გადაადგილება გამოიწვიოს.
რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნება, რომელზეც გადაწყდება თუ რა ფორმატში მოხდება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დეპუტატების წინაშე გამოსვლა.
საგაზაფხულო სესიის გახსნამდე მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და საპარლამენტო უმცირესობების — „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ შორის პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის საკითხი ურთიერთდაპირისპირების საგანი გახდა.
ოპოზიცია პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატების გამართვას მოითხოვს, „უმრავლესობა“ კი მხოლოდ პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენის მომხრეა.
პრეზიდენტ მარგველაშვილის პარლამენტში წლევანდელი გამოსვლა იქნება პირველი შემთხვევა, რომელსაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, საქართველოს მთავრობის მეთაური და მინისტრები დაესწრებიან.
2013 წელს ჯერ კიდევ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა არა პარლამენტის, არამედ საზოგადოების წინაშე გამოსულიყო. 2014-2015 წლებში, როდესაც საქართველოს მთავრობას ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, 2012 წელს არჩეული საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლის ფაქტობრივად იგნორირება ხდებოდა.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ საკანონმდებლო ორგანო ყოველდღიურ საქმიანობას გააგრძელებს.
მუშაობა… მუშაობა… მუშაობა…
ბოლო საგაზაფხულო სესია დეპუტატებისთვის საკმაოდ დაძაბული იქნება — სხდომის დღის წესრიგით ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელთაც მოსახლეობის ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ.
მთავრობამ საგადასახადო სისტემის რეფორმირების, დამწყები ბიზნესმენების ხელშეწყობისა და განათლების სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით რიგი კანონპროექტები მოამზადა.
ამის გათვალისწინებით, ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო საგაზაფხულო სესიის პერიოდში დეპუტატები მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ როგორი იქნება საქართველოში ბავშვთა ბაღები, დაკანონდება თუ არა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საქართველოში შემოყვანის აკრძალვა, შეიცვლება თუ არა მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელი და ა.შ.
თუმცა, ყველაზე რეზონანსული მაინც საარჩევნო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების შეტანა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას ვერ ახერხებს.
ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციონერი დეპუტატების გადაბირება სჭირდება.
კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების მთავარი საკითხი, რომლის კანონპროექტი პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიამ უკვე მოამზადა, საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემის ნაცვლად პროპორციული სისტემით გამართვის საკითხი იქნება. ცნობილია რომ ამ საკითხთან დაკავშირებით „უმრავლესობასა“ და ოპოზიციას სხვადასხვა მოსაზრებები გააჩნია.
ამის გათვალისწინებით, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა საბოლოოდ საგაზაფხულო სესიის დახურვის შემდეგ მოხდება, რიგგარეშე ან წინასაარჩევნოდ გამართულ ბოლო საშემოდგომო სესიის სხდომაზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საგაზაფხულო სესიის გახსნამდე მედიასთან განაცხადა, რომ პარლამენტს არცთუ მარტივი სამუშაო პროცესი ელოდება.
„ნათელია, რომ საგაზაფხულო სესიაზე ვნებათაღელვა იქნება, ამ პროგნოზს ჩემს თავზე ვიღებ. მთლიანობაში, ეს წელი ყველაზე დატვირთული და დაძაბული იქნება, თუმცა მჯერა, რომ ეს ვნებათაღელვა იმ ტემპერატურამდე არ მიაღწევს, როგორც სხვა შემთხვევებში მოხდა. ქვეყნისთვის ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო და პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანის რეჟიმში უნდა გადავიდნენ ისე, რომ ამან ხელი არ შეუშალოს სახელმწიფო საქმეს“, — განაცხადა მან.