თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავის ყოველწლიურ გამოსვლაში ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმთავრეს საკიტხებს შეეხება, — განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში ოთხშაბათს გაიმართება.
„მოხსენების შინაარსი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით და იგი შეეხება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, იქნება ეს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებული თემატიკა. ფორმატთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ დაუფიქსირებია და ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მზადაა, რომ ნებისმიერ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა“, — განაცხადა კვერენჩხილაძემ „იმედის“ ტელეეთერში.
ახალმა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა, წინამორბედისგან განსხვავებით, სახელმწიფოს მეთაურის ყოველწლიურ გამოსვლაზე დასწრების მზადყოფნა გამოთქვა.
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტობრივ ონლაინტრანსლაციას შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ „Sputnik საქართველოს“ საიტზე ოთხშაბათს, რეალური დროის რეჟიმში.