ლარის კურსის ვარდნა ჯერ არ დასრულებულა

© фото - public domainქართული ლარი
ქართული ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლარი პარასკევს დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა და ერთ დოლარზე 2.4694 ლარი შეადგინა. ექსპერტები ფასების ზრდას ვარაუდობენ, მთავრობა კი დუმს.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ქართული საზოგადოება შეშფოთებულია ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი ვარდნით. ლარი დღეს კიდევ 1%-ით დაეცა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან მისმა ვარდნამ 3% შეადგინა. პარასკევს ქართული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა და ერთ დოლარზე 2.4694 ლარს გაუტოლდა.  

ექსპერტები გამოსავალს გვთავაზობენ, თუმცა ყველა სხვადასხვას 

ექსპერტები ლარის შემდგომი გაუფასურების შემთხვევაში ფასების ზრდას ვარაუდობენ და შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს გვთავაზობენ. 

მათი ერთი ნაწილი მთავრობას ურჩევს, გაატაროს რეფორმები, შეამციროს გადასახადები და წაახალისოს ინვესტიციები.

„უნდა გადაიდგას რადიკალური, სწრაფი ნაბიჯები დერეგულაციის თვალსაზრისით: გადასახადების შემცირება, სამთავრობო ხარჯების შემცირება და ზოგადად ბიუჯეტის შემცირება. ყველაზე სახიფათო ისაა, რომ მთავრობა არ ხედავს ამას კრიზისად, მაშინ, როცა კრიზისში ვართ“, — განაცხადა „რუსთავი 2–ის“ ეთერში ექსპერტმა გიგი ბედინეიშვილმა. 

ეროვნული ვალუტა - Sputnik საქართველო
ექსპერტი: ლარის კურსის ვარდნა ქვეყნიდან კაპიტალის გადინებამ გამოიწვია

სხვა მოსაზრება აქვს ფულად–საკრედიტო საკითხების ექსპერტ ლია ელიავას, რომელიც ლარზე სამი ძირითადი მეთოდით გვთავაზობს გავლენის მოხდენას. კერძოდ, უნდა განხორციელდეს სავალუტო ინვესტიციები, შეიზღუდოს ქვეყნიდან კაპიტალის გადინება და მესამე, უმთავრესი — მოსახლეობაზე უნდა მოხდეს ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რათა ისინი დარწმუნდნენ, რომ არაფერი ცუდი არ ხდება, რის შემდეგაც მათ მშვიდად დაეძინებათ. 

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ლარი ვარდნას განაგრძობს და ნამდვილად მიუახლოვდება ნიშნულს — 3 ლარი ერთი დოლარისთვის და გასცდება კიდეც მას. თუ ეროვნული ვალუტის ვარდნა გაგრძელდება, ეს ეკონომიკას ძლიერ დარტყმას მიაყენებს და ზრდაზე საუბარი ზედმეტი იქნება“, — მიაჩნია ექსპერტს. 

ხეისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ადანაშაულებენ

ოპოზიცია მთავრობას ადანაშაულებს ლარის კურსის ვარდნაში და აცხადებს, რომ პირველ რიგში ეს ტვირთად ქვეყნის მოსახლეობას დააწვება, რომელიც დღითიდღე ღარიბდება. 

პარლამენტი - Sputnik საქართველო
ოპოზიცია: ლარის ვარდნა ხელისუფლების უნიათო პოლიტიკის შედეგია

მიხეილ მაჭავარიანს მიაჩნია, რომ ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა ხელისუფლების უნიათო პოლიტიკის ბრალია და მათ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ პროგრამას სთავაზობს. 

„უნიათო პოლიტიკის შედეგია, ერთი თვის წინ, როცა ბიუჯეტს ვამტკიცებდით, ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ არის თუ არა შესაბამისად ბიუჯეტში გათვალისწინებული უსაფრთხოების ბალიში ლარის დევალვაციის პირობებში, მაშინ მთავრობა ყეყეჩობდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. და თუ ჩვენი წინადადება, ჩვენი ეკონომიკური პროგრამა დროულად არ იქნება განხილული, ჩვენი მოსახლეობისთვის და შესაბამისად, ამ ხელმძღვანელობისთვის ძალიან მძიმე პროგნოზს ვაკეთებ, რომელიც ოქტომბერში ნამდვილად წავა“, — განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა „რუსთავი 2–ის“ ეთერში. 

ამის პასუხად პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ „მთავრობა მუშაობს, ოპოზიცია კი იტყუება“. 

მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება რეგიონში სავალუტო კრიზისის შედეგია და არა ქვეყნი ხელმძღვანელობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ოპოზიციას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. 

„მე ამას რეგიონის ქვეყნებში ეროვნული ვალუტების კიდევ მეტ დევალვაციას ვუკავშირებ, რაც ძირითადად ნავთობზე ფასების ვარდნას უკავშირდება“, — თქვა მეჭიაურმა.  

დოლარი, ვალუტის კურსი - Sputnik საქართველო
ლარმა დოლართან მიმართებაში ისტორიული მინიმუმი დაამყარა

ლარი ეცემა — ფასები იზრდება

და სანამ მთავრობა ოპოზიციასთან იმას არჩევს, ვინაა მართალი და ვინ — დამნაშავე, ადამიანები თავის გატანაზე ფიქრობენ. განსაკუთრებით გაუჭირდება 700 ათას პენსიონერს, რომლებიც დღეისათვის 160 ლარს იღებენ. მიმდინარე წლის 1 ივლისიდან მათ პენსია მხოლოდ 20 ლარით გაეზრდებათ. 

„პენსია ქრონიკულად არ გვყოფნის. ისედაც ძლივს ვანაწილებთ ამ 160 ლარს, რომელიც, ფასების ზრდიდან გამომდინარე, ყოველთვიურად მცირდება. სულ რაღაცის მოკლება გვიწევს, რომ რაღაცნაირად გადავირჩინოთ თავი. თუ წამალს იყიდი, უშუქოდ ან უგაზოდ დარჩები და ესე იგი, ზამთარში სითბო არ გექნება. აი ასეთია პენსიონრის მწარე ხვედრი საქართველოში“, — თქვა 72 წლის თბილისელმა გიორგი კაპანაძემ. 

ეროვნული ბანკი ლარის გადარჩენას ცდილობს

საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს ლარის კურსისბოლო ვარდნაზე, მაგრამ სამთავრობო პროგრამაში „ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის“ აღნიშნულია, რომ ეროვნული ვალუტის მცურავი კურსი შენარჩუნდება, ვინაიდან არსებულ რეალობაში ეს ქვეყნისთვის ყველაზე მეტადაა მისაღები. 

დოლარი - Sputnik საქართველო
ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გაყიდვით ლარის კურსი ვერ შეაკავა

კომენტარი არც ეროვნულ ბანკს გაუკეთებია, რომელიც ლარის კურსის დასასტაბილურებლად პერიოდულად ახორციელებს ინტერვენციას.  

2015 წლის სექტემბრის ბოლოდან ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,4499 GEL/$1–მდე დაეცა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის თქმით, ბანკმა ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით,  უფრო მეტად აგრესიული პოლიტიკის გატარება დაიწყო. 

ბოლო ორი აუქციონი მიმდინარე წელს გაიმართა. ეროვნულმა ბანკმა ექვსი ჩატარებული აუქციონის შედეგად თითქმის 127 მლნ დოლარი გაყიდა. 

მიუხედავად ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ზომებისა, ლარის კურსი ვარდნას განაგრძობს. მეზობელ ქვეყნებში ვალუტების დევალვაცია, ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების მოცულობათა შემცირება კვლავაც უარყოფითად მოქმედებს ქართული ვალუტის კურსზე და დასრულდება თუ არა ეს პროცესი, ამას უახლოეს კვირაში შევიტყობთ. 


ყველა ახალი ამბავი
0