თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის — ლარის კურსის ვარდნა საქართველოს ხელისუფლების უნიათო პოლიტიკის შედეგია.
ლარის გაუფასურების ახალი ეტაპი მიმდინარე წლის იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყო. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის 22 იანვრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2,4445 GEL/$1 ოდენობით დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0,0128 ლარით შემცირდა.
ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებას სთავაზობს.
"ეს უნიათო პოლიტიკის შედეგია… ერთი თვის წინ, როცა ბიუჯეტს ვამტკიცებდით, ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ არის თუ არა შესაბამისად ბიუჯეტში გათვალისწინებული უსაფრთხოების ბალიში ლარის დევალვაციის პირობებში, მაშინ მთავრობა ყეყეჩობდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. ეს შეთავაზება, ჩვენი ეკონომიკური პროგრამა თუ დროზე არ იქნება განხილული, მე ძალიან მძიმე პროგნოზს ვაკეთებ ჩვენი მოსახლეობისა და ხელმძღვანელობისთვის, რომელიც ოქტომბერში ნამდვილად წავა“- განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება არა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის, არამედ რეგიონში სავალუტო კრიზისის შედეგია. ის ოპოზიციას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
„მე ამას რეგიონის ქვეყნებში ეროვნული ვალუტების უფრო დიდ დევალვაციას ვუკავშირებ, რაც, ძირითადად, ნავთობზე ფასების დაცემამ გამოიწვია“, — განაცხადა მეჭიაურმა.