თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. მსოფლიოში ნავთობის გაიაფება დოლარის გამაყებას განაპირობებს, რაც თავის მხრივ ნეგატიურად ეროვნულ ვალუტაზე აისახება, განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა.
„ნავთობის ფასის ვარდნა ხშირ შემთხვევაში დოლარის გამყარებას განაპირობებს, რაც შესაბამისად ლარზე უარყოფითად ისახება, თუ არ ჩავთვლით ამ ნეგატიურ ფაქტორს, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კლება, არა მხოლოდ ჩვენთვის არამედ სხვა მომხმარებელი ქვეყნებისთვისაც არის დადებითი.“-თვლის პაატა ბაირახტარი.
ანალიტიკოსის თქმით, ლარის ბოლოდროინდელი არასტაბილურობა ფასებზე მაინცდამაინც არ ასახულა, თუ იმპორტიტრებულ პროდუქციას არ ჩავთვლით.
„ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელმაც ადგილობრივ პროდუქციაზე ფასების ზრდა არ გამოიწვია,მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასების შემცირებაა", მიაჩნია პაატა ბაირახტარს.
მისი თქმით, საქართველოში ნავთობის გაიაფება დადებითად ძირითადად ლოჯისტიკაზე, სატრანსპორტო გადაზიდვებზე და მძიმე მრეწველობაზე აისახება.
რაც შეეხება საწვავის ფასებს, ანალიტიკოსის თქმით, იმის გამო რომ ამ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია არ არის, ბენზინგასამართ სადგურებში საწვავი მხოლოდ რამდენიმე თეთრით იაფდება ხოლმე.
"საწვავის ბაზარზე ჯანსაღი სიტუაცია არ გვაქვს, ამიტომ, თუ მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასები იზრდება, ქართველი იმპორტიორები ამას საწვავის ფასებზე დაუყოვნებლივ ასახავენ, ხოლო თუ კლების ტენდენცია გვაქვს, ქართულ ნავთობ კომპანიებს მაშინათვე „აღმოაჩნდებათ“ ხოლმე რამდენიმე კვირის ან ზოგჯერ თვის მარაგი და სანამ ამ მარაგს არ ამოწურავენ, მანამდე ფასები არ იცვლება“ —განაცხადა პაატა ბაირახტარმა.
მისი თქნით, ბენზინის გაიაფება ხდება, ოღონდ რამდენიმე თეთრით და საკითხავია რამდენად შეესაბამება ეს გაიაფება იმ ტენდენციებს, რომლებიც არის მსოფლიო ბაზარზე.
მსოფლიო ბაზარზე 1 ბარელის ფასი დღეს 30 დოლარს შეადგენს.