თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთისა და უკრაინის რკინიგზების ხელმძღვანელთა ოთხმხრივ შეხვედრაზე ხელი მოეწერა ოქმს, რომლითაც ტრასეკას ფარგლებში ტვირთგადაზიდვებზე შეღავათიანი და კონკურენტუნარიანი ტარიფები განისაზღვრა, — იუწყება "Sputnik აზერბაიჯანი".
ტრანსკასპიური მაგისტრალი ჩინეთიდან — ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით — ევროპამდეა გადაჭიმული. 2015 წლის აგვისტოში ეს გზა საცდელმა სატვირთო მატარებელმა გაიარა.
ოფიციალური აღიარება
ოთხ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმება ტრანსკასპიური მარშრუტით, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ტერიტორიების გავლით, უკრაინული ტვირთების გადაზიდვის კონკურენტუნარიან პირობებს, შეღავათიან ტარიფებსა და კომპლექსურ ღონისძიებათა ორგანიზებას განსაზღვრავს, რაც ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის გაზრდისა და აღნიშნულ გზაზე შემადგენლობათა გადაადგილების გამარტივებისკენაა მიმართული.
ოქმს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთის რკინიგზების ხელმძღვანელებმა: ჯავიდ გურბანოვმა, მამუკა ბახტაძემ, ასკარ მამინმა და ასევე „უკრაინის რკინიგზის“ ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ზავგოროდნიმ მოაწერეს.
ამას გარდა, ანალოგიურ ოქმს მოეწერა ხელი აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზებს შორის. ოთხმხრივ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის კასპიის ზღვის ნაოსნობის ხელმძღვანელი რაუფ ვალიევი და ბაქოს საერთაშორისო საზღვაო-სავაჭრო პორტის დირექტორი თალეხ ზიიადოვი.
ათი დღე გზაში
ყაზახეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და საქართველოს სატრანსპორტო კომპანიები ტრანსკასპიური დერეფნით ტვირთების გადაზიდვასა და ეფექტური ლოგისტიკის თაობაზე შეთანხმდნენ, — განაცხადა ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ მამინმა.
„ტრასეკას მარშრუტი ერთ-ერთი ყველაზე მეტად პერსპექტიულია და განვითარების დიდ პოტენციალს ფლობს. მთლიანობაში ვვარაუდობთ, რომ 2020 წლისთვის ევროპისა და აზიის ქვეყნების — ძირითადად, ჩინეთის მიმართულებით — სატრანზიტო გადაზიდვების საერთო მოცულობა 300 ათას კონტეინერს შეადგენს“, — ხაზი გაუსვა მან.
გასულ წელს ამ გზაზე უკვე გაიარა რამდენიმე სადემონსტრაციო შემადგენლობამ, ხოლო 2016-2017 და შემდგომი წლები ამ დერეფნის განვითარების წლები იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ექსპლუატაციაში შევა ბაქო-თბილისი-ყარსის გზის ყარსი-ახალქალაქის მონაკვეთი, — აღნიშნა მამინმა. „ჩვენი აზერბაიჯანელი, ქართველი და თურქი კოლეგების თქმით, ეს დერეფანი და გზის მონაკვეთი ექსპლუატაციაში წელს შევა, რის შემდეგაც, იმედი გვაქვს, რომ დერეფანი მთელი სიმძლავრით ამუშავდება“.
როგორც ყაზახეთის რკინიგზის თავმა აღნიშნა, ჩინეთიდან უკრაინის პორტებამდე ტვირთის მიტანას — კასპიისა და შავი ზღვების საბორნე გადასასვლელების გავლის ჩათვლით — დაახლოებით ათი დღე დასჭირდება.
„მიმაჩნია, რომ ეს გზა ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტულუნარიანია დღევანდელ ბაზარზე. ოქმში აღნიშნულია, და უკრაინელი კოლეგებიც გვარწმუნებენ, რომ ტვირთგადაზიდვები წელიწადში მილიონ ტონას მიაღწევს“, — დაასკვნა მამინმა.
ათვლის წერტილი — თებერვალი
„აზერბაიჯანის რკინიგზის“ ხელმძღვანელმა ჯავიდ გურბანოვმა ხაზი გაუსვა, რომ ტრანსკასპიურ მარშრუტზე ერთიანი სატარიფო პოლიტიკა პარტნიორებს შორის უკვე თებერვლის შუა რიცხვებისთვის უნდა იყოს შეთანხმებული. მანამდე მხარეები ოქმით გათვალისწინებულ წინადადებებზე იმუშავებენ, ხოლო უკრაინა ილიჩოვსკიდან ბათუმამდე და ფოთამდე მანძილს განსაზღვრავს, რის შემდეგაც ტვირთების გადაზიდვის საბოლოო ღირებულება გახდება ცნობილი. გურბანოვის თქმით, გამოყენებული იქნება ყველა ძალისხმევა, რათა ფასი კონკურენციის მიმართ მყარი იყოს.
უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო სადგურ იზოვიდან ყაზახეთ-ჩინეთის სასაზღვრო სადგურ დოსტიკამდე თვეში რვა მატარებლის გატარებაა შესაძლებელი. როგორც ცნობილია, 2015 წელს აზერბაიჯანში ტრანსპორტის საკითხების საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა და ახლა აღნიშნულ ოქმზე ოთხი ქვეყნის ხელმოწერა კიდევ ერთ ნაბიჯად იქცა აზერბაიჯანის საერთაშორისო ჰაბად გადაქცევის გზაზე, — აღნიშნა გურბანოვმა.
რაც შეეხება ტვირთგადაზიდვების დინამიკას ბოლო სამ თვეში, აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელმა Sputnik-ს უთხრა, რომ შიდაგადაზიდვების მოცულობის შემცირების კვალდაკვალ, ტრანზიტი 10-15%-ით გაიზარდა და სპეციალისტები მის შემდგომ ზრდას ვარაუდობენ.
„თქვენ იცით, რომ ვაჭრობა მთელ მსოფლიოში ეცემა. მაგრამ ბოლო მონაცემებით, უკრაინა მთლიანი შიდაპროდუქტის მოცულობის მიხედვით მსოფლიოში 49-ე ადგილზეა. ქვეყნის ექსპორტი 373 მლრდ დოლარადაა შეფასებული და მის მნიშვნელოვან ნაწილს აზერბაიჯანზე შეუძლია გაიაროს“, — განაცხადა გურბანოვმა.
მისი თქმით, ყარსი-ახალქალაქის მონაკვეთზე სამუშაოები გეგმის მიხედვით ხორციელდება. „ეკონომიკურ კრიზისს სამშენებლო სამუშაოებისთვის ხელი არ შეუშლია. აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო ფონდის პრეზიდენტის განკარგულებით, წელს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტისთვის თანხები უკვე გამოყოფილია, სამშენებლო სამუშაოები, მიუხედავად ყინვებისა, გრძელდება“, — ხაზი გაუსვა რკინიგზის შეფმა და დაამატა, რომ აზერბაიჯანის მონაკვეთზე სამუშაოთა 85% უკვე დასრულებულია.
„უკრაინის რკინიგზის“ ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ზავგოროდნიმ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ შეხვედრა ძირითადად ერთიანი ტარიფის შემუშავებას მიეძღვნა. მისი თქმით, პროექტი ჯერ აუცილებლად უნდა დაამუშაონ ექსპერტებმა და მხოლოდ ამის შემდეგ მოეწეროს ხელი თებერვლის შუა რიცხვებისთვის.
„ვიმეორებ ადრე ნათქვამს — ხვალ ილიჩოვსკის პორტიდან საცდელ მატარებელს ვაგზავნით, რომლის ამოცანაც მარშრუტის გაკონტროლებაა, რათა გავიგოთ, რა დრო დაგვჭირდება საბორნე გადასასვლელების გასავლელად, სადაც ტექნიკური პრობლემები შეიძლება წარმოიშვას, და როგორ უნდა მოხერხდეს ამ პრობლემების აღმოფხვრა. როცა ტარიფების თაობაზე ყველა დოკუმენტს ხელი მოეწერება, ტვირთების გაგზავნას უკვე მშვიდად შევძლებთ. დღეს ტვირთები უკვე არსებობს — შეიძლება არა იმდენი, რამდენიც სასურველი იქნებოდა, მაგრამ თვეში ერთი ან ორი მატარებლისთვის საკმარისია — როგორც ევროპის, ისე ჩინეთის მიმართულებით“, — განაცხადა მან.
უკრაინის რკინიგზის უწყების ხელმძღვანელის თქმით, საცდელი მატარებლის გატარების შემდეგ, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, 15-20 თებერვალს მარშრუტს უკვე ოფიციალურად გაივლიან სატვირთო მატარებლებით დატვირთული ბორნებიც. პროექტის მონაწილეებს მოუწევთ, შესაბამისობაში მოიყვანონ დიდი რაოდენობით დოკუმენტაცია, ვინაიდან ტრასეკას ქვეყნებს სხვადასხვა სტატუსები აქვთ.
„ჩვენი გათვლებით, დღეისათვის რეალურად ამ დერეფანში 1-1.2 მლნ ტონა ტვირთის მოზიდვა შეგვიძლია“, — აღნიშნა სპეციალისტმა, რომლის თქმითაც, ძირითადად ეს იქნება კვების პროდუქტები. ამას გარდა ჩინეთს ასევე აქვს განაცხადი თუჯის გადაზიდვაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ტრანსკასპიური მარშრუტით ტვირთგადაზიდვებზე კონკრეტული ტარიფები შეხვედრის მონაწილეთაგან არცერთს გაუხმაურებია.
ბონუსი სატრანზიტო შემოსავლებზე
მოცემული მოვლენის შეჯამებისას, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ 14 იანვარს ბაქოში ორ კონტინენტს შორის ტვირთგადაზიდვების ბაზრისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ვიყოთ ობიექტურები და ვაღიაროთ, რომ პროექტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშავდებოდა, დასრულებისკენ მიდის თურქული და უკრაინული ტვირთებისთვის მიმართულების შეცვლის წყალობით. მარტივად რომ ვთქვათ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ტრასეკას სატრანზიტო მომსახურებაზე მოთხოვნა საგრძნობად გაიზარდა. ეს არის ის მოცემულობა, რომლიდანაც, ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე მიიღებს სარგებელს.