თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. წლის დასაწყისში რუსეთმა უკრაინას დსთ-ის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ ხელშეკრულების მოქმედება შეუჩერა, დაწესდა საბაჟო მოსაკრებელი. უფრო მეტიც, ახლა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, უკრაინიდან ყაზახეთში სატვირთო გადაზიდვები რუსეთის გავლით მხოლოდ ბელორუსის მონაწილეობითა და სანავიგაციო სისტემა „გლონასის“ კონტროლითაა შესაძლებელი.
ამასთან, რუსეთი არ ზღუდავს მისი ტერიტორიის გავლით მესამე ქვეყნებში — აზერბაიჯანში, საქართველოში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში, ჩინეთსა და სხვაგან, ყაზახეთის გარდა — საქონლის ტრანზიტს, განუცხადა ჟურნალისტებს ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრეი ბელიანინოვმა.
და მაინც, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი ახლა აქტიურად ამუშავებს ტრანზიტის ალტერნატიულ გზებს. 15 იანვარს უკრაინიდან საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით სადემონსტრაციო მატარებლის გაშვება იგეგმება. უკრაინულ მხარეს სწამს, რომ ეს გზა ცენტრალური აზიის ბაზარზე საქონლის გასატან ალტერნატიულ გზად იქცევა. რა არის ეს — ეკონომიკური ბონუსი ახალი სატრანზიტო ქვეყნებისთვის თუ პროექტი, რომელიც თავშივე ჩავარდნისთვისაა განწირული? Sputnik-ის კორესპონდენტი ექსპერტებს ესაუბრა.
უკრაინის მიერ დსთ-ის ქვეყნებთან რუსეთის გვერდის ავლით ვაჭრობის შესახებ შემუშავებული პროექტით მიღებული მოგება ძალიან დაბალი იქნება და პირველ ეტაპზე უკრაინა სერიოზულ დივიდენდებს უბრალოდ ვერ მიიღებს, დარწმუნებულია დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის ეკონომიკის განყოფილების ხელმძღვანელი აზა მიგრანიანი.
ექსპერტის თქმით, დღეისათვის უკრაინული საქონლის რუსეთის ტერიტორიის გავლით გატანა გართულებულია ტექნიკური მოთხოვნების გამო: აუცილებელია პლომბების დამაგრება და ტვირთების გაცილება „გლონასის“ სისტემით.
შესაბამისად, უკრაინულმა მხარემ რუსეთის გვერდის ავლით მოძრაობა გადაწყვიტა და ეს, რაღა თქმა უნდა, კიევისთვის იძულებითი ზომაა, — მიაჩნია ექსპერტს.
„უკრაინა სრულად დაკარგავს გასაღების ბაზარს, თუ დსთ-ში მიწოდებები შეწყდება, ვინაიდან ევროკავშირთან ასოცირება არანაირად არ უწყობს ხელს უკრაინული პროდუქციის მოცულობის ზრდას. ის ჯერ არ შეესაბამება ტექნიკურ სტანდარტებს და არ შეუძლია ხარისხისა და ძირითადი ეკოლოგიური მოთხოვნების მიხედვით კონკურენცია გაუწიოს ევროკავშირის საქონელს“, — დარწმუნებულია მიგრანიანი.
ამიტომ, როგორც ექსპერტი ამბობს, ახლა ერთადერთი ბაზარი უკრაინისთვის კვლავ დსთ-ის ქვეყნებია. რა თქმა უნდა, საუბრები იმის თაობაზე, რომ რუსეთის გავლით ტრანზიტი აბსოლუტურად შეუძლებელია, მიგრანიანის თქმით, პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მიკერძოებული. თუმცა უკრაინაში მიაჩნიათ, რომ ალტერნატიული გზა შესაძლებლობას მისცემს, წარმოაჩინონ რუსეთისგან ყველა საკითხში დამოუკიდებლობა.
ხელსაყრელი ტრანზიტი
ექსპერტის აზრით, უკრაინული საქონლის ტრანზიტის ეს პროექტი დამატებით და მოულოდნელ შემოსავალს აძლევს აზერბაიჯანსა და საქართველოს, რაც ფინანსური არასტაბილურობისა და ბაზრების შევიწროების პირობებში მისასალმებელი ფაქტია.
მოცემულ შემთხვევაში, მიგრანიანის აზრით, შეგვიძლია ვილაპარაკოთ ყაზახეთის ხელმძღვანელობის ქმედებათა საბაზრო მიმართულებებზე: მიესალმებიან რა უკრაინულ საქონელს, ისინი ხელს უწყობენ სხვადასხვა მწარმოებლებს შორის კონკურენციის ზრდასა და საქონლის მრავალფეროვნებას.
მეორე მხრივ, ყაზახეთს აწყობს ისეთი მიმწოდებლის მიღება, რომელიც მზარდი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ხარჯების პირობებში დემპინგირებას ვერ შეძლებს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნული გზა ვერაფრით შეძლებს რუსული ბაზრის სრულად ჩანაცვლებას“, — დარწმუნებულია მიგრანიანი.
ორ ცეცხლს შუა?
მიგრანიანი გვახსენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრმა ყაზახეთმა, ისევე როგორც ბელარუსმა, მხარი არ დაუჭირა რუსულ სანქციებს უკრაინის მიმართ: ქვეყნები ამ მიმართულებით ავტონომიურ პოლიტიკას აწარმოებენ. ამასთან აღსანიშნავია, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეთანხმებებით ჯერჯერობით არ რეგლამენტირდება სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის ერთიანი პოლიტიკა. ამიტომ ყაზახეთის მხრივ რაიმე დარღვევაზე საუბარი ჯერ არ შეგვიძლია.
„მაგრამ თუ საქართველოსა და აზერბაიჯანის „აბრეშუმის გზის“ გავლით მიღებული უკრაინული და ევროპული საქონელი მართლაც შეიჭრება რუსულ ბაზარზე, გასაგებია, რომ მოსკოვი მწარმოებელი ქვეყნის პროდუქციის ხარისხზე დამატებით კონტროლს დააწესებს“, — ვარაუდობს ეკონომისტი.
ახლა რუსეთსა და ბელარუსს შორის კონტროლის გაძლიერების სწორედ ასეთი პერიოდი შეინიშნება. და თუ ტენდენცია შენარჩუნდება, შესაძლოა ასეთივე პრობლემები გაგვიჩნდეს ყაზახეთთან საზღვარზეც, — თქვა ექსპერტმა და იქვე განმარტა, რომ სანამ პროექტი საცდელია, ამაზე საუბარი ნაადრევია.
თუ რუსეთი არა, მაშინ სხვა
უკრაინის პროექტს სხვაგვარად აფასებს რუსეთის მეცნიერებათა აკედემიის პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ლეონიდ ვარდომსკი. მისი აზრით, ახლა ვაჭრობის დროა და არა ბლოკირებისა: ის დრო წავიდა.
უკრაინა, რუსეთის შემდეგ, დსთ-ის ქვეყნების ბაზრების უმსხვილესი მომმარაგებელია. რუსეთი იძულებული გახდა, გაერთულებინა ეს ტრანზიტი და ახლა კიევი მიწოდების სხვა ვარიანტებს ეძებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. არანაირ პრობლემაზე და მით უმეტეს, რაიმე წინააღმდეგობებზე ევრაზიულ კავშირთან საუბარიც არ შეიძლება იყოს. განა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრებს სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის უფლება არ აქვთ?“ — კითხულობს ვარდომსკი.
ექსპერტის აზრით, რუსეთი მხოლოდ უნდა მიესალმებოდეს მსგავს პროეტსა და იმ ფაქტს, რომ ქვეყნებს შორის ახალი სატრანსპორტო და ტრანზიტული შესაძლებლობების ათვისება ხდება. რამდენად რენტაბელური იქნება მსგავსი გადაზიდვები — ეს სხვა საკითხია“, — აღნიშნა ვარდომსკიმ.