მამუკა არეშიძე — ექსპერტი კავკასიის საკითხებში
ახლო აღმოსავლეთში საკმაოდ რთული მდგომარეობაა და უნდა ითქვას რომ იქ მიმდინარე პოცესებს ხელოვნურობის სერიოზული იერი დაჰკრავს. ახლა აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში ჩართულია რამდენიმე მსხვილი და რეგიუონული მოთამაშე, რომლებსაც თავიანთი ინტერესები აქვთ და ეს ინტერესები საბოლოო ჯამში კონფლიქტის მოგვარებას ხელს არანაირად არ უწყობს. მომავალში პირიქით ვვარაუდობ კონფლიქტის ესკალაციას.
ძირითადი მოთამაშეები და მათი ინტერესები
ეს მსხვილი მოთამაშეები ერთის მხრივ არიან ევროპა, აშშ, რუსეთი, ირანი, თურქეთი, არაბული სამყარო საუდის არაბეთის მეთაურობით, ისრაელი და გარდა ამისა არის ისეთი ტიპის მოთამაშეები, რომლებიც ცალკე რელიგიურ პლატფორმაზე დგანან, ესენი არიან ცალკე შიიტები, ცალკე სუნიტები და რა თქმა უნდა, ისლამური სახელმწიფო და ქურთები. ასეთი რაოდენობით მოთამაშეების არსებობა, რომელთაც თავისი ინტერესები აქვთ, განაპირობებს თუნდაც საომარი მდგომარეობის არასტაბილურობას, რაც თავისთავად ცინიკურად ჟღერს, იმიტომ რომ როგორ შეიძლება საომარი ვითარება იყოს სტაბილური, მაგრამ ასეთი მიდგომა შეგვიძლია გამოვამჟღავნოთ და ვთქვათ, რომ პრონციპში ეს არის კონფლიქტი, რომელიც დაუსრულებელია. არ არსებობს ისეთი მაგიდა, დიპლომატიური თვალსაზრისით, რომლის ირგვლივაც კონფლიქტის მხარეები დასხდებიან. ეს არის უნიკალური შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში, როდესაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხვდება მათი ინტერესების თანხვედრა. ეს არის ომი, რომელსაც პრინციპში დასასრული უახლოეს მომავალში არა აქვს, რომელიც კიდევ უფრო გაფართოვდება და არ არის გამორიცხული, რომ ახალი მოთამაშეები ჩაერთონ, უფრო წვრილი რა საკვირდეველია, მაგრამ მაინც მოთამაშეები და ჩვენ თუ ამას ჩვენი გადასახედიდან შევხედავთ შეიძლება დადგეს დრო, რომ ეს კონფლიქტი ჩვენს საზღვრებსაც მოუახლოვდეს.
სირიის კონფლიქტი — საიდან დაიწყო ყველაფერი
სირიის კონფლიქტი ხელოვნური კონფლიქტია, რომელიც მავანს სჭირდებოდა იმისთვსი, რომ ახლო აღმოსავლეთში დიდი ცეცხლი დაენთო. ყველაფერი დაიწყო ალბათ იმით, რომ დასავლეთს ჰქონდა გარკვეული ინტერესები რუსეთის მიმართ, ეს არის რუსეთისა და დასავლეთის კონფლიქტის გამოძახილი. როდესაც დასავლეთისთვის ნათელი გახდა, რომ ძალიან მყარად იჯდა რუსული გაზის გემზე ასე ვთქვათ, მაშინ ასეთი მიდგომა გაჩნდა, რომ მომხდარიყო ენერგოკორიდორების დივერსიფიკაცია. ეს ჯერ კიდევ 90 წლებში დაიწყო, ეს გუშინ არ დაწყებულა. პირველი მერცხალი ამ თვალსაზრისით იყო აზერბაიჯანული გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირება ევროპაში 90-იან წლებში, შემდეგ უკვე იყო ჩრდილოაფრიკული ენერგომატარებლების ტრანსპორტირება ევროპაში. შემდეგში გაჩნდა იდეა, რომ ყოფილიყო ახლო აღმოსავლეთიდან ახალი ენერგოკორიდორი ევროპისაკენ. სწორედ ამისთვის შეიქმნა სამხრეთ კორეის გემთსაშენში 4 დიდი გაზტანკერი, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი და გადაწყდა რომ სპარსეთის ყურიდან გაჭიმულიყო გაზსადენი ევროპისდაკენ, ძირითადად აქ კატარის გაზი იგულისხმებოდა. იმისათვის რომ ამ პროექტის რეალიზება მომხდარიყო საჭირო იყო, რომ ამ გაზსადენს გაევლო დღევანდელი სირიის ტერიტორიაზე, ეკონომიკური სარგებლობის თვალსაზრისით ეს ყველაზე სწორი მარშრუტი იქნებოდა, მაგრამ ამავე დროს არ შეიძლებოდა სირიაში ყოფილიყო რეჟიმი, რომელიც ასადის მოკავშირედ ითვლებოდა, ანუ ასადის რეჟიმი. ამიტომ საჭირო იყო სირიაში რეჟიმის შეცვლა.
რეგიონის ქვეყნების ამბიციები და რუსეთისა და დასავლეთის ინტერესები
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყება ბევრ ქვეყანას აწყობდა, რადგან ეს კონფლიქტი, დაასუსტებდა რეგიონში ამბიციურ რეჟიმებს. ასეც მოხდა. მაგალითად: თურქეთი ცდილობდა ისლამური სამყაროს ლიდერი გამხდარიყო, რამაც მის მიმართ გაუცხოება გამოიწვია ისლამურ სახელმწიფოების მხრიდან, რადგან მათ მსგავსი ინტერესები არ ჰქონდათ; საუდის არაბეთს უნდოდა ლიდერობა შეენარჩუნებინა არაბულ სამყაროში, თუნდაც ახლო აღმოსავლეთში; ირანი თავის თავს შიიტური სამყაროს ლიდერად თვლიდა, ხოლო შიიტური მოსახლეობა მთელ ახლო აღმოსავლეთშია გაბნეული.
სანქციები, რომელიც დასავლეთმა ბირთვული პროგრამის გამო დაუწესა ირანს, ნელ-ნელა შემცირებისაკენ წავიდა, რაც უახლოეს მომავალში საშუალებას მისცემდა ირანს თავისი ენერგორესურსების გაყიდვა დაეწყო და 10-15 წლის შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ ქცეულიყო. მაგრამ ვიღაცას ირანის გაზრდილი მადა არ მოეწონა და დღეს ის საუდის არაბეთისა და მის კოალიციაში შემავალ ბაჰრეინისა და სუდანის პირისპირ აღმოჩნდა.
თავის მთავარ მოწინააღმდეგედ ირანი ისრაელს მიიჩნევს, რომელიც აბსოლუტიურად მილიტარიზებული სახელმწიფოა და მიჩვეულია, რომ იბრძვის მთელი რეგიონის წინააღმდეგ — სადღაც პოლიტიკურად და სადღაც სამხედრო გზით.
ლიბანი — ამ შემთხვევაში ძალიან სუსტი რგოლია, რომელსაც არც გეოპოლიტრიკური და არც რეგიონალური ინტერესები არ აქვს.
ეგვიპტის ახლანდელი ხელისუფლება მკაცრად ორიენტირებულია აშშ-ზე, მაგრამ ამ ქვეყანაში ძალიან სერიოზული გავლენით სარგებლობს ისეთი ორგანიზაცია, როგორიცაა "ძმები მუსულმანები". რეგიონში ასევე სერიოზული პრობლემაა — ქურთების პრობლემა. ეს 40 მილიონიანი ერია, რომელიც ოთხ ქვეყანაშია გაბნეული და რომელსაც ყოველთვის ჰქონდა პრეტენზია იმაზე, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ჰქონოდა.
რეგიონში თავისი ინტერესები აქვს ევროპასაც. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი აქტიურად მონაწილეობენ მიმდინარე პროცესებში. იტალიის ინტერესების სფეროა ლიბია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იტალიის საექსპედიციო კორპუსი ლივიის ტერიტორიაზე იბრძვის, რაც სულაც არ არის გამორიცხული ახლო მომავალში. ახლო აღმოსავლეთის პროცესებში მასშტაბური ჩართვა ჯერ არ შედის გერმანიის ინტერესებში, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ქვედანაყოფი ავღანეთში იმყოფება და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად მონაწილეობენ ახლო აღმოსავლურ კონფლიქტში.
დასავლეთის ინტერესების გარდა, არსებობს რუსეთის ინტერესებიც, რომელსაც პრეტენზია აქვს რომ ზესახელმწიფო იყოს. რუსეთი დაბრუნდა იმ სივრცეში, რომლიდანაც მეოცე საუკუნის 90-იან წლებში გამოაძევეს. გარდა ამისა თავისი სამხედრო აქტიურობით, იგი რეგიონში აკონტროლებს ენერგორესურსების დერეფნებს როგორც თავისი მოკავშირეების ისე თავისი მოწინააღმდეგეების. რუსეთის ინტერესებშია რომ ევროპა დიდწილად ადმოკიდებული იყოს მის ენერგომატარებლებზე ამისათვის კი აუცილებელია ახლოაღმოსავლური ენერგომატარებლების შეზღუდვა.
ძლიერი ახლო აღმოსავლეთი არავის არ აწყობს. მათ შორის — ჩინეთს. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი "არ ჩანს" და არ ავლენს აქტიურობას ამ პოლიტიკურ სივრცეში, დრეს იგი, გლობალური პოლიტიკის თვალსაზრისით, ყველაზე აქტიური ქვეყანაა, რომელიც ცდილობს ყველგან იყოს მხოლოდ ეკონომიკური ბერკეტებით და ეს ეკონომიკური ბერკეტები დღეს თუ ხვალ პოლიტიკურად იქცევა.
პარადოქსალურია ასევე, რომ რეგიონში ფრთხილად უყურებენ ერთმანეთს მოკავშირეებიც კი. რომ ავიღოთ რუსეთისა და ირანის სამოკავშირეო თანამშრომლობა, მათი ინტერესებიც კი ერთმანეთს ხშირად არ ემთხვევა. მაგალითად გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ოფიციალური მოსკოვი თანახმაა ბასარ ასადის ხელისუფლებიდან წასვლაზე, ოფიციალურ თეირანს კი არაფრით არ უნდა ამ სიტუაციის დათმობა. მოსკოვისათვის ასევე არამომგებიანია, რომ ირანს სანქციები მოუხსნან, რადგან ეს ნიშნავს, რომ ენერგობაზარზე მას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება. აქედან გამომდინარე, თუ ირანი და რუსეთი გარკვეულ სფეროებში ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ (კერძოდ, იარაღით ვაჭრობაში, პოლიტიკურ და დიპლომატიურ სფეროებში), სხვა შემთხვევებში ისინი სერიოზული კონკურენტები არიან. ამიტომ გამორიცხული არაა, რომ მოსკოვი შესაძლოა დაინტერესებული იყოს ირანის ომში ჩართვაში.
ანალოგიური სიტუაციაა თურქეთსა და აშშ-ს შორის. ისინი ნატოს წევრები არიან და თურქეთი — აშშ-ს მთავარი საყრდენია ახლო აღმოსავლეთში. თუმცა თურქეთის ლიდერის გაზრდილი ამბიციები აიძულებს ამერიკის ხელისუფლებას ზოგიერთ სემთხვევაშ საერთო ენა გამონახონ თურქეთის მოწინააღმდეგეებთან — ქურთებთან. თავის მხრივ თურქეთზე ევროპაც არის განაწყენებული, რადგანაც ანკარამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ლტოლვილთა ნაკადი ტავისი ტერიტორიიდან ხელოვნურად გადაემისამართებინა ევროპისაკენ, რითაც დარტყმა მიაყენა არა მხოლოდ ევროპის ეკონომიკას, არამედ მისი სახელმწიფოებრივი განვითარების პრინციპებს.
დასავლეთს ისლამის ეშინია, რადიკალური ისლამი რა თქმა უნდა პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებაა. რასაც დღეს ჩვენ რადიკალურ ისლამს ვუწოდებთ, ეს ისლამია, რომელიც მე-8 — მე-9 საუკუნეში შეიქმნა. ისლამის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების დადასტურებაა თუნდაც ის, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ვაჰაბიზმი ოფიციალური რელიგიაა, არ ცხოვრობენ რადიკალური ისლამის პრინციპებით, თუმცა აფინანსებენ მისთვის მებრძოლ რაზმებს — იქნება ეს საუდის არაბეთი თუ კატარი. დასავლეთმა ვერაფრით შეძლო პოლიტიკურ ისლამთან ბრძოლის მეთოდის მოფიქრება, ამიტომ მათთვის ყველაზე უკეთესი გამოსავალი — ერთმანეთთან ბრძოლაა.