თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ერთად რუსული ბომბდამშენი სუ-24-ის ინციდენტის შემდეგ რუსულ-თურქული ურთიერთობის დაძაბულობის შემცირების გზებზე ისაუბრა.
თურქეთის პრეზიდენტმა ბარაკ ობამასთან მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ მისი მთავრობა მოსკოვთან სირიაში ჩამოგდებული სუ-24-ის ინციდენტის შემდეგ დაძაბული ურთიერთობის დარეგულირებას დიპლომატიური გზით ცდილობს.
"ჩვენ გვსურს თავი ავარიდოთ დაძაბულ ურთიერთობებს, ჩვენ არ გვსურს ვინმეს რაიმე დავუშავოთ და არ ვაკეთებთ არაფერს საამისოდ, იმიტომ, რომ ქვეყნაში დაძაბულობის გაზრდის გამო ყველა მხარე დაზარალდება", — განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრაზე.
ობამამ რუსეთსა და თურქეთს ურთიერთობაში დაძაბულობის შემცირებისა და სირიაში არსებული სიტუაციის მოგვარებაზე კონცენტრირებისაკენ მოუწოდა.
"ჩვენ ყველას საერთო მტერი გვყავს და ეს არის "ისლამური სახელმწიფო". მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ჩვენ პირველ რიგში ყურადღებას სწორედ ამ საფრთხეს ვუთმობთ, და ასევე ვცდილობთ მხედველობაში გვქონდეს სირიის კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაჭრის მიღწევის აუცილებლობა", — აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
თვითმფრინავი სუ-24 თურქულმა ფ-16-მა სირიის ტერიტორიაზე ჩამოაგდო, ის თურქეთის საზღვრიდან 4 კილომეტრის მოშორებით დაეცა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ ქმედებას "ტერორისტების მხარდამჭერებისგან ზურგში დარტყმა უწოდა".
ანკარა ამტკიცებს, რომ ბომბდამშენი მის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. რუსეთის გენშტაბმა განაცხადა, რომ თვითმფრინავს არ გადაუკვეთავს საზღვარი, ამას ადასტურებს სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაც. აშშ-ის ადმინისტრაციაში როიტერის წყაროს მონაცემებით, ვაშინგტონს აქვს საფუძველი მიიჩნიოს, რომ თვითმფრინავი სირიის თავზე ჩამოვარდა, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია პენტაგონს არ დაუდასტურებია.