თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. გაეროს უშიშროების საბჭომ ირანში საუდის არაბეთის დიპლომატიურ და საკონსულო შენობებზე განხორციელებული შეტევები დაგმო და ორივე მხარეს დიალოგისკენ მოუწოდა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
შეტევებმა „დიპლომატიურ და საკონსულო შენობებში შეჭრა და სერიოზული ზარალი გამოიწვია“, — აღნიშნულია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, უშიშროების საბჭოს წევრებმა საუდის არაბეთსა და ირანს მოუწოდეს, „მხარი დაუჭირონ დიალოგს და რეგიონში დაძაბულობის შესამცირებლად შესაბამისი ნაბიჯები გადადგან“.
ორშაბათს მიღებულ განცხადებაში უშიშროების საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებებისთვის ხელშეუხებლობის პრინციპებს, ასევე, ვენის კონვენციის თანახმად, მიმღები ქვეყნის ვალდებულებებს დიპლომატიური დაწესებულებების დაცვის თაობაზე.
„გამოხატავს რა ღრმა შეშფოთებას მსგავსი შეტევების გამო, უშიშროების საბჭოს წევრებმა ირანის ხელისუფლებას მოუწოდეს, დაიცვან დიპლომატიური და საკონსულო საკუთრება და პერსონალი, და ამ თვალსაზრისით სრულად დაიცვან თავისი საერთაშორისო ვალდებულებები“, აღნიშნულია გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაში.
შაბათს საუდის არაბეთმა 47 ადამიანის, მათ შორის შიიტი მქადაგებლის ანიმრ ან-ნიმრის სიკვდილით დასჯის შესახებ განაცხადა. თეირანმა ან-ნიმრის სიკვდილით დასჯა მკაცრად დაგმო, ირანში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა, კერძოდ, თაბს დაესხნენ თეირანში საუდის არაბეთის საელჩოს და მეშჰედში — საკონსულოს. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადილ ალ-ჯუბეირმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა.