რობინზონ ნაჭყებია
ახალ წელს „განხეთქილების ვაშლად“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე იქცა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ფარული კენჭისყრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. მას იუსტიციის საბჭოს 15 წევრიდან ათმა დაუჭირა მხარი, რაც საქართველოს წამყვანმა არასამათავრობო ორგანიზაციებმა უკიდურესად უარყოფითად აღიქვეს.
მურუსიძის დანიშვნის წინააღმდეგ გამოვიდნენ პოლიტიკური პარტიებიც და ხელისუფლებას ის რეზონანსული საქმეები შეახსენეს, რომლებზეც გადაწყვეტილებაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას მოსამართლედ მუშაობის პერიოდში ჰქონდა გამოტანილი. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საქმეში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი და თავად პრეზიდენტიც კი ჩაერია.
გირგვლიანის საქმე
მთავარი მიზეზი, რის გამოც ლევან მურუსიძის დანიშვნა კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების სხვადასხვა ფენის უამრავი წარმომადგენლისთვის — ეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და სულხან მოლაშვილის რეზონანსულ საქმეებზე თავის დროზე გამოტანილი განაჩენებია. „გაერთიანებული ქართული ბანკის“ თანამშრომელი სანდრო გირგვლიანი 2006 წლის იანვარში ოქროყანის სასაფლაოზე იპოვეს მოკლული თბილისის ერთ–ერთ ბარში შსს–ის მაღალჩინოსნებთან მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ.
2006 წელს სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხ თანამშრომელს 7–დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოგვიანებით ისინი შეიწყალა და სასჯელის ვადა ორჯერ შეუმცირა. მოკლულის ოჯახმა მკვლელობაში ბრალდებულთა გათავისუფლების შემდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანა სარჩელი. 2011 წელს სასამართლომ საქართველოს მთავრობას გირგვლიანის ოჯახისთვის 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ხელახალი გამოძიება 2012 წელს დაიწყო. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და რამდენიმე მაღალჩინოსანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მერაბიშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ოფიციალურ დოკუმენტში მონაცემების ფალსიფიცირების გამო.
ამ საქმეზე უფლებამოსილების გადაჭარბებაში ბრალი წარედგინა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც.
მოლაშვილის საქმე
2004 წელს საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თანხის მითვისების ბრალდებით დააპატიმრეს. მისი დაკავებიდან მოკლე ხანში საზოგადოება შოკში ჩააგდო წინასწარი დაკავების საკანში გადაღებულმა ფოტოებმა, რომლებზეც ნაწამები მოლაშვილი იყო აღბეჭდილი. კონტროლის პალატის ყოფილი შეფის სხეულზე აშკარად ჩანდა ფიზიკური ძალადობის კვალი. მოგვიანებით მის საქმეზე სასამართლო მოსმენები დაიწყო. მოლაშვილის აზრით, მაშინდელი გენერალური პროკურორის, ირაკლი ოქრუაშვილის საბრალდებო დასკვნა ტყუილზე იყო აგებული, მაგრამ მოსამართლე მურუსიძემ 2005 წელს მოლაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კონტროლის პალატის ექსშეფმა ციხეში სამი წელი გაატარა. 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის თხოვნის საფუძველზე, მოლაშვილი შეიწყალა.
საზოგადოება წინააღმდეგია
პირველი, ვინც მურუსიძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის მიუღებლობაზე ალაპარაკდა — ეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი გახლდათ. 13 დეკემბერს მან არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად სიმბოლური საპროტესტო აქცია გამართა გირგვლიანის მკვლელობის ადგილას.
მოგვიანებით არასაპარლამენტო ოპოზიციამ და საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად, შეიმუშავეს სპეციალური განცხადება, რომლითაც მურუსიძის მოსამართლედ ამრჩევი იუსტიციის არსებული საბჭოს დათხოვნას მოითხოვდნენ. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ ვითარების კომიკურობას გაუსვა ხაზი — როცა, ერთი მხრივ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს, კვლავ მოსამართლედ აქციოს ლევან მურუსიძე, რომელსაც ამავე საქმეზე ვერდიქტი აქვს გამოტანილი. მურუსიძის დანიშვნა გააპროტესტეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.
ხელისუფლების რეაქცია
ლევან მურუსიძის მოსამართლედ არჩევა უარყოფითად შეაფასეს მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმაც. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მურუსიძეს მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც მოქმედმა საპარლამენტო უმრავლესობამ დაამტკიცა. „რესპუბლიკელმა“ ლევან ბერძენიშვილმა კი მურუსიძის მოსამართლედ არჩევას „სამარცხვინო გადაწყვეტილება“ უწოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ მურუსიძის მოსამართლეობა „მორალურად მიუღებლად“ მიიჩნია, თუმცა იქვე განაცხადა, რომ ლევან მურუსიძე განაჩენის გამოტანისას არსებული კანონმდებლობით ხელმძღვანელობდა და შესაბამისად, სისტემის მძევლად იქცა.
მურუსიძის წინააღმდეგ გამოვიდა ქვეყნის პრეზიდენტიც, რომელმაც მის მოსამართლედ არჩევამდე რამდენიმე დღით ადრე, თამარ მეფის სახელობის ორდენით დააჯილდოვა მოკლული სანდრო გირგვლიანის დედა — ირინა ენუქიძე, გარდაცვალების შემდეგ.
ლევან მურუსიძის გარშემო ატეხილ კამათს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც მიაქცია ყურადღება და მისი მოსამართლედ არჩევა მიუღებლად შეაფასა.
ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, რომელმაც მურუსიძის წინააღმდეგ მისცა ხმა, ზედმეტი კომენტარისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ლევან მურუსიძის წინააღმდეგ მის მიერ წარმოთქმული ნებისმიერი სიტყვა აღქმული იქნება, როგორც სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლა.
„სისტემის მსხვერპლი“
დღეს საქართველოში მურუსიძეზე ლაპარაკობენ ან ცუდს, ან არაფერს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივნის კრიტიკისგან თავს იკავებენ ყოფილ მმართველ პარტიაშიც. ისინი ყურადღებას ზოგადად სასამართლო სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებზე ამახვილებენ.
„მურუსიძის პიროვნული ქცევების განხილვაში ნამდვილად ვერ შევალ — დაარღვია კანონი თუ არ დაარღვია, ვინ იყო, რა წარსული აქვს. თუკი ეს დეტალები საზოგადოებას აინტერესებს, უფრო მეტ ობიექტურ კვლევას მოითხოვს. მაგრამ ის, რომ სასამართლო სისტემა დღეს გაუმჭვირვალეა და პოლიტიკური ინტერესი განსაზღვრავს თანამდებობებზე დანიშვნას — ეს ერთმნიშვნელოვანია“, — განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა.
თავად მურუსიძე აცხადებს, რომ არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩაუდენია და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის განხილვისას იმ კანონებით ხელმძღვანელობდა, რომლებიც წინა ხელისუფლებისას მოქმედებდა — შესაბამისად, სხვაგვარ გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანდა.
„და სხვათა შორის, ბევრი ის კანონი, რომლითაც ადრე ვხელმძღვანელობდით, დღესაც მოქმედებს და იქნებ ერთიანი ძალისხმევით გადავდგათ ნაბიჯები იმ მიმართულებით, რომ მოსამართლეებს კონკრეტულ საქმეებზე კანონიერი გადაწყვეტილებების გამოტანის შესაძლებლობა მივცეთ“, — ამბობს მურუსიძე.
რა იქნება შემდეგ?
რა ბერკეტები აქვს საზოგადოებას ლევან მურუსიძის მოსამართლედ არჩევის თაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე გავლენის მოსახდენად, ჯერჯერობით გაურკვეველია. ამასობაში, 4 იანვარს, ლევან მურუსიძე, რომელიც სულ რაღაც ათიოდე დღეში „განხეთქილების მოსამართლედ“ იქცა, მოსამართლის ფუნქციების შესრულებას შეუდგა. თუ მომდევნო სამი წლის განმავლობაში მისი საქმიანობის თაობაზე დადებითი დასკვნა დაიდება, მურუსიძე თემიდას სიცოცხლის ბოლომდე მოემსახურება.