მურუსიძე: თბილისის სასამართლის მოსამართლეს საზღვარგარეთ თავშესაფარი არ უთხოვია.

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშისასამართლო დარბაზი
სასამართლო დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„რუსთავი-2“-ის ტელეწამყვანმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ, მოსამართლე ჯუღელმა ამერიკისა და იტალიის საელჩოებს პოლიტიკური თავშესაფარის თხოვნით მიმართა.

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე  არ შეხვედრია მოსამართლე დავით ჯუღელს და ჯუღელს ამერიკისა და იტალიის საელჩოებისათვის პოლიტიკური თავშესაფარის თხოვნით არ მიუმართავს. ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მუსრუსიძემ ოთხSაბათს 24 ივნისს განაცხადა.  

 ტელეარხ  “რუსთავი-2“-ზე გადაცემა „არჩევანის“  წამყვანმა გიორგი გაბუნიამ, სამშაბათს, „რაღაც“ წყაროზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე შეხვდა მოსამართლე დავით ჯუღელს და უთხრა, რომ თავდაცვის სამინისტროს ექს-ჩინოვნიკთა საქმე „ სახელმწიფო მნიშვნელობისაა“ ამიტომ მან „შესაბამისი გადაწყვეტილება“ უნდა მიიღოს. ამასთან გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ,  ჯუღელმა ამერიკისა და იტალიის საელჩოებს პოლიტიკური თავშესაფარის თხოვნით მიმართა. 

 „მე ველაპარაკე ბატონ დავით ჯუღელს, და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ — ეს ბატონ დავითის სიტყვებია — რომ იგი არ შეხვედრია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, არანაირი ზეწოლა მასზე არ ხდება, არანაირი შეხება არ ჰქონია და არანაირი კონტაქტი საელჩოს წარმომადგენლებთან და არც ერთი საელჩოსათვის პოლიტიკური თავშესაფარი არ უთხოვია“, განაცხადა მურუსიძემ ბრიფინგზე. 

 ამასთან, უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა აღნიშნული ინფორმაციის კომენტირებაზე,  იმ მოტივით, რომ  ეგრეთ წოდებული  „კაბელების“ საქმე მიმდინარე სასამართლო დავაა და უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს ნებისმიერი განცხადება შესაძლოა აღქმული იქნეს სასამართლოზე ზემოქმედების მცდელობად, რაც დააზიანებს მართლმსაჯულების ინტერესებს.

 მორიგი წინასასამართლო სხდომა 26 ივნისსაა დანიშნული. 

 თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირები 2015 წლის 19 ივნისს განთავისუფლდნენ წინასწარი პატიმრობიდან პარლამენტის დეპუტატთა თავდებით. ისინი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს სამინისტროს ტენდერის ფალსიფიკაციისა და სახელმწიფო თანხების — 4 მილიონ 102 ათასი ლარის  გაფლანგვის ბრალდებით, საკომუნიკაციო კომპანია Silknet-ის სასარგებლოდ. თბილისის სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა 30 ოქტომბერს შეუფარდა. 

 „კაბელების“ საქმეზე დაკავებულები არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

ყველა ახალი ამბავი
0