თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას „არასწორი“ უწოდა.
„გირგვლიანის საქმე არის ის საქმე, რის გამოც 2006 წლიდან ვიყავი ამ ბრძოლაში ჩართული, რის გამოც დავბრუნდი საქართველოში, ბრძოლის გასაგრძელებლად, ამიტომ ვთვლი, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა“, — განაცხადა წულუკიანმა.
კანონის თანახმად, თუ სამი წლის შემდეგ ლევან მურუსიძის სასამართლო მოღვაწეობაზე დასკვნითი მონიტორინგი დადებითად შეფასდება, ის სიცოცხლის ბოლომდე დაიკავებს მოსამართლის სავარძელს.
მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას საქართველოს იუსტიციის საბჭოს 15 წევრიდან მხარი ათმა დაუჭირა.
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელზეც მურუსიძემ განაჩენი გამოიტანა — ეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეა, რომელიც 2006 წელს მოხდა და რომელშიც სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსნები იყვნენ გარეულები.