თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევა საქართველოს ისტორიაში სამარცხვინო მოვლენაა, განაცხადა მედიასთან საუბრისას პარლამენტის ევროინტეგრაციის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბერძენიშვილმა ორშაბათს, 28 დეკემბერს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 25 დეკემბერს ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. პროტესტის მიზეზი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მოსამართლე მურუსიძის მხრიდან წარსულის გახმაურებულ საქმეებთან, მათ შორის, სანდრო გირგვლიანისა თუ სულხან მოლაშვილის საქმეებთან დაკავშირებით გამოტანილ არასამართლიან გადაწყვეტილებებს უკავშირდება.
„მე არ მომწონს მურუსიძე და მის არჩევას საქართველოს ისტორიაში სამარცხვინო მოვლენად მივიჩნევ. ჩვენ ამ პროცესებში ვერ ჩავერევით… დიახ, დემოკრატიის კანონების სრული დაცვით მოხდა ცუდი და სამარცხვინო ადამიანის — მურუსიძის არჩევა. მე, მაგალითად, ვთვლი, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც მურუსიძეს მხარი დაუჭირა, უღირსია, თუმცა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მათ გადაწყვეტილებებში უნდა ჩავერიოთ“, — განაცხადა ბერძენიშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან ლევან მურუსიძემ 10-ის მხარდაჭერა მოიპოვა და ის სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლევან მურუსიძის ამ თანამდებობაზე დანიშვნის წინააღმდეგ გამოვიდა გა განაცხადა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის მთლიანი სისტემა მოითხოვს გადახედვას.
ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომელზე ლევან მურუსიძემ თავის დროზე განაჩენი გამოიტანა, 2006 წელს მოკლული სანდრო გირგვლიანის საქმეა, რომელშიც სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ფიგურირებდნენ. შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს, რომლებსაც გირგვლიანის მკვლელობაში ედებოდათ ბრალი, მურუსიძემ 7-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობა შეუფარდა.