ანა სტოლიაროვა, მოსკოვი, Sputnik-ის კორესპონდენტი.
რუსეთი და საქართველო თანდათან გამოდიან „პირქუში ჩიხიდან“. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ქვეყნებს შორის ურთიერთობა დათბა — შედეგი გამოიღო მხარეთა ერთობლივმა მუშაობამ ამ მიმართულებით და როგორც გასულ კვირას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა აღნიშნა, თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება.
ასევე დადებითია დინამიკა მოქალაქეთა განწყობებშიც: რუსეთის მოქალაქეები თბილისთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ელიან.
კარასინი აღნიშნავს, რომ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ბოლო გამოკითხვების თანახმად, ამჟამად საქართველოს მოსახლეობის 70% მხარს უჭერს რუსეთთან საქმიანი დიალოგის გაგრძელებას და ოპტიმისტურად არის განწყობილი მისი შინაარსისა და შედეგებისადმი.
ამ თვალსაზრისით ერთ-ერთ საკვანძო საკითხად სავიზო რეჟიმი რჩება. მზად არის კი მოსკოვი წავიდეს მის შერბილებაზე და როდის უნდა ველოდოთ ამას, Sputnik-ის კორესპონდენტმა ექსპერტებს მიმართა.
ყველაზე მთავარი არგუმენტი, რასაც დღეს დიპლომატები და პოლიტიკოსები უნდა ეყრდნობოდნენ — ეს ადამიანთა შორის ურთიერთობებია, ხოლო ისინი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის ადალბი შხაგოშევის აზრით, ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო.
„პოლიტიკას თავისი ხრიკები აქვს. მან თავისი საქმე გააკეთა და ურთიერთობებში ასეთი შესვენება მოგვცა: ბოლო 5-7 წელი. მაგრამ მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ ურთიერთობების გაუარესება რუსეთსა და საქართველოს შორის, კერძოდ კი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მთელი ეტაპი, ეს დროებითი მოვლენაა“, — თქვა დეპუტატმა.
შხაგოშევის განცხადებით, უკვე დღეს გაუმჯობესდა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ერთადერთი საბაჟო პუნქტის — ზემო ლარსის მუშაობა, თბილისსა და მოსკოვს შორის გაიზარდა საქონელბრუნვა, ტარდება ძალიან ბევრი კულტურული ღონისძიება ქართული მხარის მონაწილეობით და დეპუტატი დარწმუნებულია, რომ რა თქმა უნდა სავიზო საკითხშიც დადებითი ძვრების მოლოდინია.
„ეხლა მთავარია, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებსაც შეეძლოთ შეხვედრა, რასაც ასევე არ გამოვრიცხავ საშუალოვადიან პერსპექტივაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებელი გახდეს შეხვედრები რუსეთისა და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე. მთლიანობაში უნდა ველოდოთ საკმაოდ სერიოზულ გარღვევას მხარეებს შორის ურთიერთობაში და ეს დიდი სისწრაფით მოხდება მრავალწლიანი შესვენების შემდეგ“, — თვლის შხაგოშევი.
მსგავს თვალსაზრისს იზიარებს ასევე საერთაშორისო ურთიერთობათა მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის (МГИМО) კავკასიის პრობლემებისა და რეგიონალური უსაფრთხოების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლაი სილაევი. სავიზო რეჟიმის შემსუბუქებისა და ლიბერალიზაციის საკითხს, მხარეები დიდი ხანია განიხილავენ, ამის შესახებ თავისი ერთ-ერთი გამოსვლისას, საუბრობდა რუსეთის პრეზიდენტიც. მაგრამ ექსპერტის თქმით, სავიზო რეჟიმის სრულ გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია.
სილაევის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სულ უფრო მეტ ვიზებს აძლევს საქართველოს მოქალაქეებს და ფაქტიურად არ არის შემთხვევები, როცა სანებართვო დოკუმენტებზე რაიმე მიზეზით უარს ამბობენ.
„სინამდვილეში, სავიზო რეჟიმი დე-ფაქტო უკვე საკმაოდ შემსუბუქებულია იმასთან შედარებით, რაც იყო სამი წლის წინ და ეხლა სავარაუდოდ თვით ვიზების გაცემის პროცედურა გამარტივდება. შესაძლოა ვიზის მიღებისათვის არ გახდეს აუცილებელი მოწვევა — ე.ი. საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უბრალოდ თავისი სურვილით ჩამოვიდნენ რუსეთში“, — თვლის სილაევი.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ცენტრალური აზიისა და კავკასიის შესწავლის ცენტრის ექსპერტი ანდრეი არეშევი თვლის, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება უნდა დავივიწყოთ. მისი თქმით, რუსულ-ქართულ ურთიერთობებში კვლავ რთული სიტუაციაა. ნორმალურ დიალოგს, მათ შორის ტრანსსასაზღვრო ტერორიზმის პრობლემის საკითხებზე, ხელს უშლის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების არქონა.
განსაკუთრებულ მგრძნობელობას სავიზო საკითხები მაშინ იძენენ, როცა რუსეთში განიხილავენ ტერორიზმთან და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის გამკაცრების ზომებს — ხსნის არეშევი. მაგრამ მოსახლეობის ცალკეულ კატეგორიებთან მიმართებაში, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ დღეს გამართლებული იქნებოდა სავიზო რეჟიმის შემსუბუქება, რაც მხარეებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას მოემსახურებოდა.