აბაშიძემ რუსეთთან მოლაპარაკებების ეფექტურობაზე ისაუბრა

© photo: Sputnikზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხში ზურაბ აბაშიძე რეგულარულად ხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს. აბაშიძის აზრით, მოლაპარაკებებმა ორმხრივ ურთიერთობებს არგო.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან სისტემატურმა  შეხვედრებმა „ბევრი რამით არგო“ ორმხრივ ურთიერთობებს, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

მანამდე საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები აბაშიძე–კარასინის შეხვედრების ფორმატის შეცვლაზე ან სულაც გაუქმებაზე საუბრობდნენ.  

„რომელ ნაწილში ვერ გაამართლა ახლა ამ ფორმატმა — სატრანსპორტო კომუნიკაციები არ აღდგა, ექსპორტი არ აღდგა რუსულ ბაზარზე, საგზაო ტრანსპორტი, გადაზიდვების პრობლემა ვერ მოგვარდა თუ ჰუმანიტარულ საკითხებს ვერ ვაგვარებთ? მხედველობაში მყავს ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით იხდიან სასჯელს. რატომ აქვთ ასეთი განცდა, რომ ეს ფორმატი ვერაფერს ვერ აგვარებს. რაც ამ ფორმატს ევალება, რაც ჩემი მანდატია, ჩვენ ვაკეთებთ იმას“, — განაცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.  

ორი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება. 

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს.

 ამჟამად დიალოგი რუსეთსა და საქართველოს შორის ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში აბაშიძე–კარასინის რეგულარული შეხვედრების ფონზე გრძელდება. შეხვედრების ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, იქ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის განახლების, სატრანსპორტო მიმოსვლის, კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები წყდება. 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0