თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ინფორმაცია სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის ფედერაციაში შესვლაზე, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრაღაში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
2008 წლის აგვისტოში თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
„რუსეთის წარმომადგენელმა ვიზებთან დაკავშირებით თქვა, რომ ისინი ინტენსიურად მუშაობენ ამ საკითხზე და ალბათ, უახლოეს დროში გვექნება ინფორმაცია როდის და როგორი ფორმით იქნება გამარტივებული სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის“, — განუცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებს ხუთშაბათს, 19 ნოემბერს.
რუსეთმა სავიზო რეჟიმი საქართველოსთან 2000 წლის დეკემბერში შემოიღო, პანკისის ხეობიდან მის ტერიტორიაზე ტერორისტთა თავდასხმების საფრთხის გამო. თუმცა შემდეგში რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემის პროცედურის არსებითი ლიბერალიზაცია მოახდინა. საქართველომ ქვეყანაში ჩამომსვლელი რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი 2012 წლის 29 თებერვალს გააუქმა.
საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირება დაასახელეს, მხოლოდ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ხარჯზე.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში ნარჩუნდება, რომლებსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მართავენ.