საქართველო: დასავლეთის დესაკრალიზაცია

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტიკაში მარადი მეგობრები და ერთგულება არ არსებობს. ეს თეზისი მხოლოდ საქართველოს კი არ ესადაგება, რომელიც ამიერკავკასიის ყველაზე თანმიმდევრული პროდასავლური ქვეყნის რეპუტაციის სარგებლობს, არამედ სომხეთსაც — რომელსაც რუსეთში „მოსკოვის ფორპოსტს“ უწოდებენ.

სერგეი მარკედონოვი — რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საზღვარგარეთის რეგიონთმცოდნეობისა და საგარეო პოლიტიკის კათედრის დოცენტი. 

უკვე სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში მარცხი იწვნია და ადგილი კოალიცია „ქართულ ოცნებას“ დაუთმო. თუმცა, ახალი ხელისუფლების მოსვლით მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობების პრინციპულად გამოსწორების იმედები ჯერჯერობით არ გამართლებულა. საგარეო პოლიტიკაში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად განაგრძობს აშშ–სთან, ევროკავშირთან და ნატო–სთან თანამშრომლობის განმტკიცების კურსს. გადამწყვეტ მომენტებად ამ გზაზე იქცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება, ხოლო შემდეგ შეთანხმებაზე ხელმოწერა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან „გაძლიერებული“ თანამშრომლობის ღონისძიებათა პაკეტის მიღება, საქართველო–ნატოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა კრწანისის სამხედრო ბაზაზე. 

სერგეი მარკედონოვი - Sputnik საქართველო
მარკედონოვი: კავკასიის პრობლემები არასტანდარტულად გადაჭრას მოითხოვს

რაღა თქმა უნდა, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების რიტორიკა მკვეთრად განსხვავდება წინა პრეზიდენტის გუნდის რიტორიკისგან. რუსეთი პრაქტიკულად აღარ გამოიყენება შიდაპოლიტიკური მობილიზაციის ინსტრუმენტად. ოფიციალურმა თბილისმა შეწყვიტა რუსეთის მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გადადგმული ნაბიჯების გამო „ასიმეტრიული პასუხის“ მიზნით წამოწყებული პროპაგანდისტული საქმიანობა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მიმართ. და მიუხედავად იმისა, რომ კარასინი–აბაშიძის ფორმატს ხილული გარღვევები არ მოჰყოლია, თავად თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არსებობის ფაქტს დადებითად აფასებს ორივე მხარე. 

საერთოდ, უკრაინის კრიზისის დაწყებასთან ერთად, საქართველომ დაკარგა პოსტსაბჭოთა სივრცეში სიმშვიდის მთავარი დამრღვევის არაფორმალური სტატუსი. წარსულ დროებას მხოლოდ ექს–პრეზიდენტიღა გვახსენებს, რომელიც აქტიურად მუშაობს ცალკე აღებული ოდესის ოლქის კეთლმოწყობის საქმეზე. 

აქტუალური დღის წესრიგის თაობაზე 

ზემოთ აღწერილმა ტენდენციებმა რუსულ საექსპერტო საზოგადოებაში ჩამოაყალიბა რწმენა, რომ საქართველოს მიმართულებით არანაირი სერიოზული ცვლილება არ ხდება და ვერც მოხდება. თბილისს, სააკაშვილთან ერთად თუ უმისოდ, დასავლეთთან თანამშრომლობა ურჩევნია. აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ნატო–ს სახით შექმნილი „წითელი ხაზების“ დარღვევა არც საქართველოს სურს და არც რუსეთს. აქედან გამომდინარე, ჩნდება დასკვნა: მადლობა ღმერთს, რომ რიტორიკა მაინც შერბილდა.  ორმხრივი ნორმალიზების დღის წესრიგის პირველი ეტაპი თითქმის გავლილია, ახლა მხოლოდ იმის მოლოდინიღა გვრჩება, როდის მომწიფდება მათი განგრძობის წინაპირობები. მაგრამ უკვე არა აქ და არა ახლა. 

ამგვარი ლოგიკის გაზიარება შეიძლებოდა, რომ არა რამდენიმე პრინციპულად მნიშვნელოვანი ნუანსი. 

პირველი: ხელსაყრელი დღის წესრიგი თავისთავად არ ჩამოყალიბდება, მასზე აქტიური მუშაობაა საჭირო. არც საქართველო და არც მთლიანად ამიერკავკასია არ გახლავთ ვაკუუმში. თუ შენ არ იმუშავებ, შენს მაგივრად ამას სხვა გააკეთებს და თანაც, შესაძლოა ეს სხვები სულაც არ იყვნენ მზად შენი ინტერესების გასაზიარებლად. სხვათა შორის, იგივე საქართველოსა და უკრაინაში დიდწილად სწორედ ამგვარი ალგორითმით ვითარდებოდა მოვლენები. 

სირია - Sputnik საქართველო
რუსეთი და სირია: კავკასიის ფაქტორი

მეორე: პოლიტიკაში მარადი მეგობრები და ერთგულება არ არსებობს. ეს თეზისი მხოლოდ საქართველოს კი არ ესადაგება, რომელიც ამიერკავკასიის ყველაზე თანმიმდევრული პროდასავლური ქვეყნის რეპუტაციით სარგებლობს, არამედ სომხეთსაც — რომელსაც რუსეთში რეგიონში „მოსკოვის ფორპოსტს“ უწოდებენ. და თუ ახალი ნაბიჯებით არ განვამტკიცებთ, ხვალ ვერც თბილისის ნატო–ს სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი იქნება ასპროცენტიანი გარანტიის შედეგების მქონე და ვერც ერევნის ევრაზიული ორიენტაცია. 

ამის პარალელურად, დღეისათვის თბილისში არაერთი ისეთი ფაქტი დაგროვდა, რომლებიც პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერ არჩეული პროდასავლური კურსის ბრწყინვალებისა და მომხიბვლელობის დაკარგვას მოწმობს. ეს განსაკუთრებით იმისთვისაა შესამჩნევი, ვინც რეგულარულად სტუმრობს ქვეყანას, ურთიერთობა აქვს საექსპერტო საზოგადოებასთან, მოქმედ და გადამდგარ დიპლომატებთან, პარლამენტარებთან, რიგით მოქალაქეებთან.  

ვჩქარობ განვაცხადო: ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს, რომ ახლო პერსპექტივაში, ედუარდ შევარდნაძის გამონათქვამის პერიფრაზი რომ გამოვიყენოთ, „საქართველო ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კარზე დააკაკუნებს“. ამგვარი გაზრდილი მოლოდინების საფუძველი არ არსებობს. მაგრამ დასავლეთი თანდათან კარგავს საკრალურობას. 

დასავლეთი დიდწილად უკვე აღარ განიხილება ღირებულებათა ერთგვარ შუქურად, არამედ პრაგმატულად ფასდება: როგორც მოკავშირე (თანაც არა როგორც მაინცდამაინც საიმედო, თუ 2008 წლის მოვლენებს გავიხსენებთ), პარტნიორი, რომელმაც წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში, მაგრამ არა როგორც ჯადოქარი და გრძნეული, რომელსაც ხუთი წელიც კი არ დასჭირდება ქვეყნის აყვავებისა და „ევროატლანტიკურ ოჯახში“ გასაწევრიანებლად. 

და რა თქმა უნდა, საქართველოს საექსპერტო საზოგადოებაში იზრდება იმ ფასის მიმართ რეფლექსია, რომლის გადახდაც უწევს საქართველოს პროდასავლური არჩევანისთვის, ჩრდილოეთ მეზობელთან ურთიერთობების ჩათვლით. 

სოციოლოგიურ კვლევათა ზოგიერთი ნიუანსის თაობაზე

მიმდინარე წლის მაისში აშშ–ის ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. და მიუხედავად იმისა, რომ სოციოლოგთა მონაცემებით, რესპონდენტთა 68% ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 65% ნატო–ში ინტეგრაციას უჭერს მხარს, ქვეყნის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებასაც ჰყავს მომხრეები გამოკითხულთა 31%–ს სახით. ხოლო კიდევ 27% ჯერ ვერ გარკვეულა. ანუ პოტენციურად არსებობს ატლანტიზმის ალტერნატიული ხაზის პოპულარიზაციის გარკვეული რეზერვი. 

ბევრმა ქართველმა ექსპერტმა ეჭვი შეიტანა გამოკითხვის შედეგების რელევანტურობაში, მიუთითეს რა „ენ–დი–აის“ სოციოლოგთა ჯგუფის წინა შეცდომებსა და ცდომილებებზე და ასევე კითხვის დასმის არაკორექტულობაზე. რესპონდენტებს აზრს ეკითხებოდნენ არა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის, არამედ ევრაზიული კავშირის შესახებ. მაგრამ ამ კრიტიკულ არგუმენტებს რომც დავეთანხმოთ, არსებობს რეალური ელექტორალური სოციოლოგია. და ნინო ბურჯანაძისთვის (რომელიც რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციის თაობაზე საკუთარ მოსაზრებებს არ მალავს) 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აღებული მესამე ადგილი (0,18%–ით) ბევრს ნიშნავს. განსაკუთრებით „სააკაშვილის ათწლედის“ შემდეგ, მისი მოსკოვთან განხეთქილებისადმი რადიკალური მისწრაფებებით. 

ნაცმოძრაობის მიტინგი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოსახლეობამ არ იცის თუ ვის დაუჭერს მხარს 2016 წლის არჩევნებში

უნდა ვთქვათ, რომ 2014 წლის ზაფხულში თბილისის მერის არჩევნებზე პირველი ტურის „ბრინჯაოს პრიზიორი“, ამჯერად უკვე 12,84%–ით, დიმიტრი ლორთქიფანიძე გახდა, რომელიც ბლოკმა „ნინო ბურჯანაძე — ერთიანმა ოპოზიციამ“ წარადგინა. 

ამასთან დაკავშირებით, ევრაზიული კავშირის მომხრეთა 31%, თუნდაც არაკორექტულად დასმული კითხვიდან გამომდინარე (რაშიც, ალბათ, სწორედაც რუსეთი მოიაზრებოდა), რაღაც არარეალობად აღარ მოჩანს. 

ისტორიკოსმა და პოლიტოლოგმა დავით გამცემლიძემ ივლისში გამოქვეყნებულ ერთ–ერთ სტატიაში გავლენიანი ბიზნესმენის, „ქართული ლუდის მეფის“, გოგი თოფაძის სიტყვები მოიყვანა, რომელმაც საზოგადოებას ნატო–ს კურსზე უარის თქმისკენ მოუწოდა. ექსპერტის აზრით, „ეს განცხადება წარსულ ეპოქაში სენსაციურად გაისმებოდა, ახლა კი სე აღიქმება, როგორც ჩვეულებრივი რამ“. 

მე თავად მხოლოდ მიმდინარე წელს ოთხჯერ ვიყავი საქართველოში და თბილისი, ბორჯომი, ბაკურიანი და ყვარელი მოვიარე — უნივერსიტეტებში, ექსპერტთა მრგვალ მაგიდებზე სიტყვით გამოვდიოდი და საპატრიარქოს წარმომადგენლებთანაც ვურთიერთობდი. და ბევრი ჩემი თანამოსაუბრე მზად იყო, გავლენიანი ბიზნესმენის მიერ გაჟღერებული მოსაზრება ან გაეზიარებინა, ან ეკამათა, თუმცა გარკვეული ნიუანსებითა და დათქმებით. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: "ქართულმა ოცნებამ" პოზიციები დათმო

გავიმეორებ: ილუზიები არ უნდა გვქონდეს. რუსეთთან დაახლოვების ძალიან ბევრი მომხრე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ უკიდურესად ხისტ (რომ არ ვთვქათ, ნაციონალისტურ) პოზიციას ავლენს, რაც მოსკოვისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათ შორის არიან ისეთებიც, რომელიც დასავლეთის გამკრიტიკებელთა რიგებში მხოლოდ პირადი მოტივების გამო აღმოჩნდნენ. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება. რუსეთის, აშშ–ის და ევროკავშირის პოლიტიკათა გადაფასება საქართველოში ძალას იკრებს. 

ნაყოფი სხვადასხვა ფაქტორების გავლენით მწიფდება

ხელახლა გააზრების აუცილებლობისკენ რამდენიმე ფაქტორი გვიბიძგებს. გამცემლიძის სრულიად სამართლიანი შენიშვნის მიხედვით, „კონკრეტული, ხელშესახები შედეგების არქონას მძაფრ იმედგაცრუებამდე მივყავართ“. თბილისმა ასპირანტობის მრავალწლიანი „სტაჟის“ შემდეგაც კი ჯერ ვერ მიიღო მაპ–ი, ხოლო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების მიუხედვად, სავიზო ბარიერების მოხსნის საკითხი კვლავინდებურად ღიაა.  

ამასთან, საქართველო, ისევე როგორც კავკასია, საკუთარ თავზე გრძნობს ახლო აღმოსავლეთის ცხელ სუნთქვას. და მიუხედავად იმისა, რომ თბილისი იშვიათად ხვდება ევროპის მიგრაციული კრიზისის ამსახველ სატელევიზიო სიუჟეტებში, იქაც იზრდება აღმოსავლეთიდან ლტოლვილთა რაოდენობა. სხვადასხვა შეფასებით, მხოლოდ უკანასკნელი წლის განმავლობაში საქართველომ ათასამდე სირიელი და ერაყელი ლტოლვილი მიიღო, ხოლო რესპუბლიკის დედაქალაქში უკვე ცხოვრობს 5 ათასამდე ახლოაღმოსავლელი. 

ასევე არ უნდა დავივიწყოთ ქართველი მოქალაქეების გარკვეული გატაცება „ისლამური სახელმწიფოთი“, განსაკუთრებით, პანკისელებისა. ტყუილად არ განუცხადებია პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს: „ჩვენი მთავრობის ყურადღება პანკისის მიმართ გაორმაგებული და გაოთხმაგებულია. ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევთ ხეობას“.  და როგორ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუკი „ხალიფატთან“ ერთ–ერთი ყველაზე მეტად დაახლოვებული პირი ადგილობრივი თარხან ბათირაშვილია (ცნობილი ომარ აშ–შიშანი). თანაც, საქართველოში ისეთებიც მრავლად არიან, ვინც ნატო–სა და აშშ–ის შესაძლებლობებს ისლამისტების შეკავების კუთხით, სკეპტიკურად უყურებენ. 

ქართველ ექსპერტებს გარკვეულწილად აფრთხობთ აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკური დომინირება ქვეყანაში. ბევრი სპეციალისტი, შესაძლოა დაფარულად, კულუარულად, მაგრამ მაინც  საუბრობს ამ გავლენის საპირწონის შექმნმის აუცილებლობაზე, დაე, რუსეთის მხრივაც კი. ახლო აღმოსავლეთში ანკარის მზარდი აქტიურობა და თურქეთის პრეტენზიები, რომ ის აშშ–ის „უმცროსი ძმა“ კი არ გახლავთ ნატო–ს ფარგლებში, არამედ თვითმყოფადი ევრაზიული „დერჟავაა“, ასევე აშფოთებთ ქართველ დიპლომატებს, პოლიტოლოგებსა და რიგით მოქალაქეებს და აიძულებს, რუსეთს სულ სხვა თვალით შეხედონ. სულ მცირე, პრაგმატულად და არა იდეოლოგიურად. 

დასავლეთის როლის ხელახლა გააზრების ზრდამ და მისით გარკვეულმა იმედგაცრუებამ სასურველი სურათი არ უნდა დაგვახატინოს. ქართულ საზოგადოებას ჯერ ისევ მძაფრად სტკივა აფხაზეთითა და სამხრეთ ოსეთით მიყენებული ტრავმა და არცერთი პოლიტიკოსი, ნინო ბურჯანაძის ჩათვლით, არ წავა ამ საკითხების დღის წესრიგიდან მოხსნაზე. დასავლური ქვეყნების პოზიცია  ეკონომიკაში მძლავრია და ახალი თაობის კარიერული ზრდაც, უპირველესად, ამერიკულ და ევროპულ ვექტორთანაა დაკავშირებული. თუმცა „წმიდა დასავლეთის“ დესაკრალიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია, ხოლო რუსეთის შეფასებებში პრაგმატიზმი იზრდება. ეს რუსულ დიპლომატიას (არა მხოლოდ სახელმწიფოებრივს, არამედ საჯაროს, არაოფიციალურს) გარკვეულ შესაძლებლობებს აძლევს გააქტიურებისათვის და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მისაღებად. ავიღოთ თუნდაც საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ევროკავშირის მხრიდან ხილული გარღვევების არარსებობს ფონზე. 

ამიერკავკასიაზე ფონური ფაქტორების გავლენა (განსაკუთრებით, ახლოაღმოსავლურისა) უახლოეს მომავალში გაიზრდება. და ის, ვინც შეძლებს ახალ პირობებში სწორად დასვას აქცენტები და ხარისხიანად გაავრცელოს საკუთარი პოზიცია, საბოლოო ჯამში გამარჯვებული აღ მოჩნდება. 

რედაქციის აზრი შესაძლოა არ ემთხვეოდეს ავტორისას.


ყველა ახალი ამბავი
0