თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის 13% უჭერს მხარს, ხოლო მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ – 11%, ამას მეტყველებს ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევები.
“საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ კვლევების მეორე ნაწლი შაბათს, 17 ოქტომბერს, საქართველოში NDI-ს დირექტორმა ლორა ტორნტონმა(Laura Thornton) გამოაქვეყნა.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რესპოდენტთა 13% მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერს, 11% კი კოალიცია „ქართულ ოცნებას“. მიმდინარე წლის მონაცემებით კი კოალიციას მხარს 24% უჭერდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 16%.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ და ირაკლი ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მიღებული 4%–ით კვლევაში მესამე პოზიცია დაიკავეს. მეოთხე ადგილზე 3%–ით ლეიბორისტული პარტიაა.
სხვა პოლიტიკურ პარტიებს კი გამოკითხულთა 3%–მა დაუჭირა მხარი, ხოლო 14% არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა.
კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 49% მზადაა მომაწილეობა მიიღოს მასში, ხოლო 51% –უარს აცხადებს. არჩევნებში მონაწილეთაგან 15% მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერს, ხოლო 14% – „ქართულ ოცნებას“.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.
სოციოლოგიური კვლევა „საზოგადოებრივი აზრი საქართველოში“ 8 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ჩატარდა. წარმომადგენლობითი შერჩევისა და პირდაპირი ინტერვიურების გზით გამოიკითხა 4 ათას 448 ადამიანი. ხარვეზმა 3,1% შეადგინა.
NDI-ს კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო(SIDA) აფინანსებს, გამოკითხვებს კავკასიის კვლევათა რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.