თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა აკრიტიკებს მოქმედი ხელისუფლების საქმიანობას, მათ შორის, დაბალი პენსიებისა და უმუშევრობის მაღალი დონის გამო. ამასთან, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, მოსახლეობა ვერ ხედავს ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქვეყანაში ვითარებას უკეთესობისკენ შეცვლის, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტების მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით.
„რუსთავი 2"-მა წარმოადგინა გამოკითხვის შედეგები, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ათასამდე ადამიანი გამოიკითხა. მოსახლეობა უკმაყოფილოა მოქმედი ხელისუფლებით, თუმცა, აღნიშნეს პროგრესი ისეთ სფეროებში, როგორებიცაა განათლება, ჯანდაცვა და ასევე ევროკავშირთან ურთიერთობა. რაც შეეხება შეკითხვას, შეინიშნება თუ არა პროგრესი რუსეთთან ურთიერთობაში, რესპონდენტთა უმრავლესობამ უარყოფითად უპასუხა.
ტელეკომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა აღარ აპირებს არც „ქართული ოცნებისთვის“ და არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიცემას. ისინი მესამე პოლიტიკურ ძალას ელოდებიან, რომელსაც დაუჭერენ კიდეც მხარს 2016 წლის არჩევნებში. 2012 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 55% მიიღო, ხოლო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ — 40%.
„სიღარიბეში ვცხოვრობთ, სააკაშვილის მერე გაუმჯობესდა კი არა, კიდევ უფრო გაუარესდა მდგომარეობა. ფასებმა აიწია, პენსია კი 160 ლარია, არ არის სამუშაო, არაფერი მუშაობს და არც იყიდება. ხალხს ფული არ აქვს“, — განაცხადა იმერეთში მცხოვრებმა მოქალაქემ.
რაჭველები აღნიშნავენ, რომ ამ კუთხის ქალაქები და სოფლები თითქმის დაიცალა მოსახლეობისგან, ვინაიდან ფულს ვერსაიდან შოულობდნენ.
„ყველა დედაქალაქისკენ დაიძრა, მაგრამ იქაც არაფერია ისეთი, რითაც ცხოვრებას გავიუმჯობესებდით. მძიმე ვითარებაა. სადაა მთავრობა, როგორ მუშაობს, საერთოდ არსებობს კი? მაძღრები მხოლოდ ადგილობრივი გუბერნატორი და მისი მოადგილე არიან“, — თქვა ერთ-ერთმა ამბროლაურელმა.
სვანეთის მოსახლეობა ტურისტების რაოდენობის შემცირებითაა შეწუხებული. ამის მიზეზად ისინი დანგრეულ გზებს ასახელებენ, რომლებიც ბოლო სამი წლის მანძილზე არ გარემონტებულა. ცოტა ხნის წინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღუთქვა მთიანი საქართველოს მოსახლეობას, რომ შექმნის პირობებს სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის. მისი თქმით, უკვე მიღებულია კანონი „კანონი მთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, რომელიც ძალაში 2016 წლიდან შევა. „ხალხი მოტყუებული დარჩა, ჩვენ „ქართული ოცნება“ გვინდოდა და მხოლოდ ოცნებაღა შეგვრჩა ხელში. წამლის ყიდვის საშუალებაც კი არ გვაქვს“, — ამბობენ სვანები.