რუსეთი და სირია: კავკასიის ფაქტორი

© photo: Sputnik / Дмитрий Виноградов / გადასვლა მედიაბანკშისირია
სირია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სირიისადმი არჩეულ პოზიციაში „რუსეთის სიჯიუტის“ ანალიზისას თვალთახედვის არედან ხშირად გვეპარება კავკასიური განზომილება. არადა, მისი მნიშვნელობის დაკნინება არაფრით შეიძლება. სერგეი მარკედონოვი, რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საზღვარგარეთის რეგიონთმცოდნეობისა და საგარეო პოლიტიკის კათედრის დოცენტი.

სირიაში გამოჩენილი რუსი სამხედროების შესახებ გავრცელებულმა განცხადებამ, აშშ–ისა და ევროპული ქვეყნების საინფორმაციო ველი, ასე ვთქვათ, ააფეთქა.  თითქოს სიუხვის რქა გადმოაპირქვავესო, ისე გადმოიფრქვა საგაზეთო სათაურები ახლო აღმოსავლეთში რუსეთის ახალი სტრატეგიისა და დასავლეთის  წინააღმდეგ მოსკოვის ამხედრების შესახებ, ასევე კრემლის განცხადების თაობაზე საბჭოეთისდროინდელ საგარეო პოლიტიკაზე გადასვლათან დაკავშირებით. 

ამასთან, ინფორმაცია, რომელიც რუსეთის ექსპრომტის სახით იყო მოწოდებული, სინამდვილეში ვერ მიიჩნევა ასეთად. ჯერ კიდევ 2011 წლიდან, როდესაც ე.წ. არაბული გაზაფხულის ტალღა სირიასაც მიაწყდა და იქ პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ ოპოზიციური გამოსვლები დაიწყო, რუსეთმა მკაფიოდ და არაორაზროვნად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია — მხარი დაუჭირა მას. 

ცნობილმა რუსმა საერთაშორისო ექსპერტმა, ფიოდორ ლუკიანოვმა სამართლიანად შენიშნა, რომ მაშინ, როცა აშშ და მისი მოკავშირეები სპარსეთის ყურიდან რეჟიმის სწრაფად დამხობას იმედოვნებდნენ, მოსკოვი, აცნობიერებდა რა სირიის რთულ ეთნო–კონფესიურ შემადგენლობას, ვერ ხედავდა ხელისუფლების სწრაფად და უმტკივნეულოდ შეცვლის შესაძლებლობას. განსაკუთრებით კი კონფლიქტისა და გარედან ჩარევის გზით. 

და როგორც შედეგი: სირიის სამოქალაქო კონფლიქტისადმი დიამეტრულად განსხვავებული პოზიციები. სიტყვაზე, აშშ–ის ეროვნული დაზვერვის ბიუროს დირექტორი ჯეიმს კლეპერი ჯერ კიდევ 2011 წელს აცხადებდა საჯაროდ, რომ ანტიასადური ოპოზიციის რიგებში „ალქაიდას“ ბოევიკები შედიოდნენ. მსგავს შეფასებებს აკეთებდნენ გერმანიის სპეცსამსახურების წარმომადგენლებიც, თანაც, იმავდროულად. მათ კი, როგორც არ უნდა გვსურდეს, პუტინისეული პროპაგანდისადმი სიმპათიას ვერ დავწამებთ. 

ამასთან დაკავშირებით, იბადება აბსოლუტურად კანონზომიერი კითხვა: რატომაა რუსეთის პოზიცია ესოდენ ურყევი და მტკიცე? რა ამოძრავებს მოსკოვს, როდესაც სირიის ხელისუფლებას უჭერს მხარს?

პოლიტიკოსები და ექსპერტები ამ შეკითხვაზე სხვადასხვაგვარად პასუხობენ. ზოგ მათგანს მოსკოვის პოზიცია ასადის დიქტატორული რეჟიმისადმი სოლიდარობად მიაჩნია. აქაოდა, რუსეთის ხელმძღვანელობას არ სურს ქვეყნის შიგნით ცვლილებები და არსებულ  სოციალურ უკმაყოფილებას გარედან მოწყობილ შეთქმულებით ხსნის, ვინაიდან „ჰუმანიტარულ ინტერვენციას“ უფრთხისო. 

ასეთი ვარიანტის განხილვა შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა ერთი ნიუანსი: სირიის მოვლენებისადმი სხვადასხვა ქვეყნის დამოკიდებულება არ განისაზღვრება დემოკრატიულობისა თუ ავტორიტარიზმის კრიტერიუმებით. ასადის მოწინააღმდეგეთა შორის აღმოჩნდნენ არა მარტო ვაშინგტონი და ბრიუსელი, არამედ საუდის არაბეთი, ყატარი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები, რომელთა რეჟიმებს ვერაფრით ვუწოდებთ დემოკრატიულს. უფრო მეტიც: საუდის არაბეთმა სულ ახლახან გამოსცადა ბაჰრეინში ოპოზიციური გამოსვლების ჩახშობის მიზნით  ინტერვენცია. არადა, სირიის ხელისუფლებას დღეს სასტიკად — და ხშირად სამართლიანადაც — სწორედ ანალოგიური ზომების გატარების გამო აკრიტიკებენ. 

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 14 მარტს ბაჰრეინში საუდის არაბეთიდან ათასამდე სამხედრო, ხოლო გაერთიანებული საამიროებიდან ხუთასამდე პოლიციელი ჩავიდა, რომლებმაც ფრიად შეუწყვეს ხელი ანტისამთავრობო გამოსვლების შეწყვეტას. ასევე  აღვნიშნავთ იმასაც, რომ ამ აქციისას დააპატიმრეს ოპოზიციის აქტივისტები, რომელთაგან რვას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა სახელმწიფო გადატრიალების მომზადებისთვის, ხოლო ცამეტს სხვადასხვა  ვადით პატიმრობა შეეფარდა — 2–დან 15 წლამდე. 

ამ შემთხვევაში „ორმაგი სტანდარტის“ თემას არ წამოვწევთ. უბრალოდ იმიტომ, რომ საგარეო პოლიტიკა პრაქტიკულად არასდროს  მისდევს ერთგვარ ეტალონურ კატეგორიებს. პრაქტიკაში ის, რაც შენი ოპონენტებისთვის დაუშვებელია, შენს მოკავშირეებს მიეტევებათ.

მოსკოვის ქმედების ახსნის სხვა ვერსიის თანახმად, სირიას გეოპოლიტიკური ინტერესი (ერთადერთი სამხედრო–საზღვაო ბაზა ხმელთაშუა ზღვაზე, ტარტუსში) აქვს. 

მართლაც, ეს ფაქტორი ძალზე მნიშვნელოვანია მოსკოვისთვის. თუმცა არც მისი გადაჭარბებულად შეფასება ღირს. ამას გარდა, არ შეიძლება რუსეთის მოტივაციის ყველა ანალიზი მხოლოდ გეოპოლიტიკურ სარგებელამდე  დავიყვანთ. 

სირიისადმი არჩეულ პოზიციაში „რუსეთის სიჯიუტის“ ანალიზისას თვალთახედვის არიდან ხშირად გვეპარება კავკასიური განზომილება.  არადა, მისი მნიშვნელობის დამცრობა არაფრით შეიძლება. 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა 1994 წლის ბოლოს  ჩეჩნეთში პირველი საომარი ოპერაცია წამოიწყო, მოსკოვის წინაშე არა მხოლოდ ასეთი გადაწყვეტილებისთვის შიდალეგიტიმურობის უზრუნველყოფის პრობლემა წამოიჭრა, არამედ საგარეო პოლიტიკური რისკების მინიმიზაციისაც. პირველად 1979 წელს ავღანეთში ჯარების შეყვანის შემდეგ, საბჭოთა კავშირის მემკვიდრე ქვეყანა — რუსეთი ისლამურ სამყაროში იზოლაციის საფრთხის წინაშე დგებოდა. მით უმეტეს, რომ მუსლიმთა რაოდენობა რუსეთში მილიონობით ადამიანით განისაზღვრება. 

თავშივე ვიტყვით, ახლო აღმოსავლეთში ჩეჩნეთში რუსული პოლიტიკის მიმართ ერთიანი ხაზი არ არსებობდა, არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს პრინციპში — ირანის, სირიის, ეგვიპტის, საუდის არაბეთისა და ყატარის ეროვნული და კონფესიური ინტერესების განსხვავებულობის გათვალისწინებით. თუმცა ის ფაქტი, რომ არაბული სამყაროს ბევრმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი მოსკოვის პოზიციას 1994 და 1999 წლებში და დღესაც მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას, რუსეთის სასარგებლოდ თამაშობს. 

ჩრდილოეთ კავკასიაში, ჯერჯერობით მაინც, „მეორე ავღანეთი“ არ დატრიალებულა, ანუ „სარწმუნოებისათვის ომში“  ათასობით მოხალისე არ ჩართულა. უფრო მეტიც, უამრავ არაბ დაქირავებულ მებრძოლს, რომლებიც ჩეჩნეთისა და დაღესტნის მთებში ეძებდნენ წარმატებას, სამშობლოში დევნიდნენ. და ამ კუთხით სირიის საერო ხელისუფლების პოზიცია არ შ ეიძლება, რომ არ დავაფასოთ. 

ამასთან, ყატარმა, რომელიც ეგზომ მკაცრად უჭერდა მხარს სირიის ამჟამინდელ ოპოზიციას, 2003 წელს საკუთარ ტერიტორიაზე ცხოვრების უფლება მისცა ჩეჩენი სეპარატისტების ერთ–ერთ ლიდერს, ზელიმხან იანდარბიევს, რომელიც იქ ისე ცხოვრობდა. როგორც „ამირას პირადი სტუმარი“. 

სათვალავში უნდა მივიღოთ ის ფაქტიც, რომ ბაშარ ასადი ალავითური უმცირესობის წარმომადგენელია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში „ცეცხლითა და მახვილით“ უმკლავდებოდა ოპონენტებს, მათ შორის, სალაფიტური მიმართულების რადიკალ ისლამისტებს (იგივე ვაჰაბიტებს, როგორც მათ რუსული მედია უწოდებს). მაგალითისთვის ავიღოთ თუნდაც 1973 წელს სირიის ამჟამინდელი პრეზიდენტის მამის მიერ ანტისამთავრობო აჯანყების ჩახშობის ისტორია. 

თუმცა, რაოდენ სასტიკიც არ უნდა ყოფილიყო მაშინ ხაზეფ ასადის, დღეს კი მისი ვაჟის, ბაშარის პოლიტიკური ნაბიჯები, უნდა გვესმოდეს, რომ სირიაში „შესაძლებლობათა დერეფანი“ ძალზე ვიწროა. დაბრუნება იმასთან, რაც 2011 წელს იყო, უკვე შეუძლებელია, როგორი ნოსტალგიაც არ უნდა ჰქონდეს ვინმეს. 

ბუნებრივია, უმცროსი ასადით უკმაყოფილება ცარიელ ადგილზე არ წარმოშობილა და ამას, უპირველესად, შიდამიზეზები ჰქონდა. ვფიქრობ, ისტორიკოსები კიდევ ბევრ მრავალფეროვან ტილოს შექმნიან, რომლებიც სირიის კონფლიქტის მომწიფებაზე გვიამბობს. მაგრამ დღეს სირიის მთელი ტერიტორიის თითქმის ნახევარს „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს, რომელიც მზადაა, ასადთან ერთად შეებრძოლოს „ჯვაროსნებსა და ებრაელებს“, რომელთა შორის აღმოჩნდა რუსეთიც და აშშ–იც. 

ამასთან, სახელგანთქმული „ალ–ქაიდასგან“ განსხვავებით, „ისლამურმა სახელმწიფომ“ კავკასია საკუთარი ბრძოლის ერთ–ერთ ფრონტად გამოაცხადა. მათ უკვე აღუთქვეს პრეზიდენტ პუტინს „ჩეჩნეთის გათავისუფლება“, ხოლო რუსეთის მეზობელ საქართველოსა და აზერბაიჯანში „ხალიფატის“ მომხრეები შენიშნეს. 

ახლოაღმოსავლელი ისლამისტების რიგებში, ექსპერტთა აზრით, რუსეთის დაახლოებით 2.500 მოქალაქე —  ძირითადად ჩრდილოკავკასიელები და ვოლგისპირეთის წარმომადგენლები — ხვეწს საკუთარ უნარებს. მაგრამ საქმე მხოლოდ რუსეთიდან რადიკალების ექსპორტში არ არის. თავად ჩრდილოკავკასიელი საველე სარდლები აძლევენ ერთგულების ფიცს „ხალიფ“ აბუ ბაქრ ალ ბაღდადს. მასთან განსაკუთრებით დაახლოებული პირი გახლავთ პანკისელი თარხან ბათირაშვილი (იგივე ომარ აშ–შიშანი). 

რიტორიკული შეკითხვა: შეუძლია თუ არა მოსკოვს, არ მიაქციოს ყურადღება მოვლენათა მსგავს განვითარებას და  უბრალოდ დაელოდოს, რომ ისტორიამ პრეზიდენტი ასადი სრულად გაანადგუროს, ხოლო „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა გამარჯვების მარშით გაიარონ დამასკოს ქუჩებში? 

„ისლამური სახელმწიფოს“ გაფართოება, სავარაუდოდ, დამატებით რისკებს წარმოშობს უკვე რუსეთის შიდაუსაფრთხოებისათვის. შესაძლოა არა დღეს და ხვალ, მაგრამ ასეთი საფრთხე რეალურად არსებობს. კრემლი ალბათ აცნობიერებს, რომ ასადის გამარჯვება და მთელ ქვეყანაზე კონტროლის აღგენა გამორიცხულია, მაგრამ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორიული ექსპანსიის ლოკალიზება და აღკვეთა მაინც უმნიშვნელოვანეს ამოცანად ესახება. 

ამრიგად, სირიის მიმართულებით რუსეთის ინტერესები არ უნდა განვიხილოთ მხოლოდდამხოლოდ ცივი ომოსდროინდელი ფანტომების ან იმპერიული პრეტენზიების კონტექსტში.  მათ უმეტესწილად პრაგმატული ხასიათი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთტან კონფრონტაცია ამ ინტერესებს მძლავ ემოციურობას — ხშირად გაუმართლებელს — სძენს. 

დღეს სირიის ირგვლიც პარადოქსს ვხედავთ. ამერიკაც და რუსეთიც „ისლამურ სახელმწიფოს“ საფრთხედ მიიჩნევენ. ვაშინგტონიცა და მოსკოვიც მზად არიან გადამჭრელი ნაბიჯებისთვის. მაგრამ რაიმე საერთო მიდგომას ვერ ნახულობენ, ვინაიდან ამას დისკრეტულობაზე უარის თქმა და ურთიერთკავშირის დანახვა სჭირდება, რასაც დღეს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. 

აშშ–ისთვის ახლო აღმოსავლეთი — ეს მრავალთაგან ერთ–ერთი საჭადრაკო პარტიაა, ხოლო რუსეთისთვის — რეგიონი, რომლის პრობლემებიც ქვეყნის შიგნით თავისებურად გრძელდება. და აღქმის ამ ასიმეტრიის გადალახვა ძალზე მნიშვნელოვანია, უკრაინიდან არქტიკამდე სხვადასხვაგვარად გააზრების ფართო სპექტრის არსებობის პირობებშიც კი. 

რედაქციის აზრი, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ავტორისას. 


ყველა ახალი ამბავი
0