თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik.
წელიწადში ერთხელ საქართველოს ქარიზმატული დედაქალაქი კიდევ უფრო მიმზიდველი და მომხიბვლელი ხდება. უბრალოდ იმიტომ, რომ თავის დღესასწაულს — „თბილისობას“ აღნიშნავს. ამ დროს თბილისის ქუჩები, სკვერები, პარკები და ისტორიული ცენტრი ერთ დიდ საგამოფენო და საკონცერტო სივრცედ იქცევა.
დღეობას დედაქალაქი დიდი მონდომებით, ორი დღის განმავლობაში აღნიშნავს და ყოველ წელს მოქალაქეებსა და სტუმრებს ახალ სანახაობებს სთავაზობს.
წელს „თბილისობის“ აღნიშვნა ტრადიციულად კონცერტითა და „თბილისის საპატიო მოქალაქის“ წოდების გადაცემით დაიწყება. ამ ღონისძიების გამართვა ეროვნული მუზეუმის პატარა ორიგინალურ ეზოშია დაგეგმილი.
„თბილისობა 2015“-ის მთავარი ასპარეზი დედაქალაქის რიყის პარკი იქნება. სწორედ ამ ადგილას ორი დღის განმავლობაში შეგიძლიათ დაესწროთ კულინარიულ, ჩაის, თაფლის, ახალგაზრდულ LIVE ფესტივალებს. ნახოთ თოჯინების თეატრის სპექტაკლები, ფოლკლორული ცეკვისა და სიმღერის გუნდების გამოსვლა, მიიღოთ მონაწილეობა ღია სპორტულ შეჯიბრებებში.
„თბილისობის“ ექსკლუზიური შეთავაზება დედაქალაქის სტუმართათვის — ტივით გასეირნება მდინარე მტკვარზე. ხოლო მეტეხის ხიდი ერთი დღით „საქათველოს მეფეთა“ სავანედ იქცევა. მათ სახეებს პანტომიმის თეატრის მსახიობები გააცოცხლებენ.
შარდენის ქუჩა ხილის ფესტივალითა და მარიონეტების თეატრის სპქტაკლ „ნიკალათი“ გელით. აბანოთუბანში კი ფოლკლორული კონცერტები და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართება.
საზეიმო განწყობით დაგიხვდებათ მუშტაიდის პარკიც, სადაც შემოდგომის კოსტიუმირებული მსვლელობა გაიმართება, ხოლო ევროპის მოედანზე ქართული, ამერიკული და თურქული სამხედრო ორკესტრების მარშს მოუსმენთ.
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში, სადაც საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "შემოდგომის თბილისი“ მიმდინარეობს, შეძლებთ სიმფონიური და ჯაზური მუსიკით ისიამოვნოთ.
„თბილისობა 2015“-ის დღესასწაულს კი მეიდანზე გამართული კონცერტი „სიმღერები თბილისზე“ და გრანდიოზული ფეერვერკი დაასრულებს.
„თბილისობის“ ამ დატვირთული დღესასწაულის შემდეგ, თუკი ძალა და სურვილი დაგრჩებათ, შაბათს შეგიძლიათ კინო და ტელეოპერატორთა საერთაშორისო ფესტივალს „ოქროს თვალს“ (GOLDEN EYE) ეწვიოთ. აქ შეძლებთ კონკურსის ნომინანტთა ნამუშევრების გაცნობას და მაუწყებლობის ახალი ტექნოლოგიების ექსპონატების ნახვას საერთაშორისო გამოფენაზე, რომელზეც წარმოდგენილია კომპანიების SONY, Panasonic, Canon, Fujifilm და Ross Video-ს პროდუქცია.
ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის 80 წლის იუბილეს ეძღვნება სასულე ორკესტრის კონცერტი, რომელიც კონსრევატორიის მცირე დარბაზში «Magnum Ignotum»-ს კვირას შეასრულებს.
და კიდევ ერთი — ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ - რომელიც, როგორც ყოველთვის მთელი მსოფლიოდან ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელ თეატრალურ კოლექტივებსა და სპექტაკლებს მასპინძლობს.
ყველა ამ სიახლეს თვალყური ადევნეთ ჩვენს გვერდზე!
SPUTNIK დაუვიწარი უქმეების გატარებას გისურვებთ!