თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საქართველოს დედაქალაქში მეშვიდედ ჩატარდება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფესტივალში, რომელიც 24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის, ისრაელის, პოლონეთის, გერმანიის, ლიტვისა და სხვა ქვეყნების თეატრალური დასები.
ფესტივალი, ტრადიციულად, საერთაშორისო პროგრამისგან, ქართული სპექტაკლებისა და ასევე გამოფენებისა და მასტერ–კლასებისგან შედგება.
წელს, ფესტივალის ფარგლებში, ვიზაჟისტ ანუკი მურვანიძის გრიმ–შოუ, მხატვარ ანანო მოსიძის გამოფენა და ნინო სურგულაძის კოსტიუმების ექსპოზიცია გაიმართება.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, ქალაქის მერიის ინიციატივით, 2009 წელს დაარსდა.
2011 წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა.
ფესტივალის ისტორიის მანძილზე ღონისძიებას რუსეთის, ჩინეთის, იაპონიის, ირანის, კანადის, აშშ–ისა და ევროპის სხვა ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.