10:53 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ჯანმრთელობა და სილამაზე (91)
741 0 0

დაგვეთანხმებით, ყველა ქალის სურვილი და ოცნებაა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეინარჩუნოს სასურველი სილამაზე და ახალგაზრდული იერი. საბედნიეროდ, თანამედროვე სამყაროში ამისთვის არაერთი საშუალება არსებობს.

მათ შორის არის ე.წ. უნემსო ბიორევიტალიზაციის პროცედურა, ბიორეპილის პრეპარატით, რომელიც აერთიანებს ბიოსტიმულაციას, რევიტალიზაციასა და პილინგს.

რა ეფექტი აქვს, როგორ იცვლება გამომშრალი, უსიცოცხლო კანის სტრუქტურა აღნიშნული პროცედურის შემდეგ, ვისთვის არის რეკომენდებული და რამდენ ხანში მიიღწევა სასურველი შედეგი, ამის შესახებ ექიმი-კოსმეტოლოგი ნათია კიკოლაშვილი გვესაუბრა.

- ბიოსტიმულაცია და რევიტალიზაცია - რა სახის პროცედურაა და როდის სჭირდება ის ქალს?

- ბიოსტიმულაცია არის საკუთარი ბიორესურსების სტიმულირება, კერძოდ, ფიბრობლასტებზე ზემოქმედება, რომელიც განაპირობებს კოლაგენ-ელასტინის სინთეზს, რომლებიც, თავის მხრივ, განსაზღვრავენ კანის ელასტიურობასა და სტრუქტურას.

რევიტალიზაცია - სიტყვა სიტყვით კანის გაცოცხლებას ნიშნავს, მის გაჯერებას ჰიალურონის მჟავით, რომელსაც აქვს უნარი, მოიზიდოს წყალი და შეინარჩუნოს ტენიანობა. არსებობს კვლევები, რომლებზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეკომენდებულია ორგანიზმში ჰიალურონის გარკვეული კონცენტრაციით შეყვანა, რაც საგრძნობლად ამცირებს სახსრების ტკივილსა და მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამსუბუქებს გულ-სისხლძარღვთა გარკვეულ პათოლოგიებს და ა.შ.

აღნიშნული პროცედურები მიზანშეწონილია ნებისმიერი ადამიანისთვის. გამომშრალ, უსიცოცხლო, აკნესკენ მიდრეკილ, ცხიმიან, პიგმენტურ, სიწითლისკენ მიდრეკილ, ნებისმიერი ტიპისა და სტრუქტურის კანს გარკვეული პერიოდულობით სჭირდება ამ ტიპის პროცედურები. პრობლემური კანის შემთხვევაში მეტი ინტენსივობით, ნაკლებად პრობლემურს კი წელიწადში ორჯერ მაინც. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პროცედურა პირველ რიგში არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც ნემსის შიში აქვს.

- რა ასაკიდან არის პროცედურის ჩატარება მიზანშეწონილი?

- ბიორეპილის პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია 18 წლის ასაკიდან, თუმცა ნებადართულია 12 წლიდანაც, როდესაც პაციენტისთვის შემაწუხებელი ხდება აკნეს პრობლემა.

- რა ეფექტი აქვს პროცედურას, როგორი ხდება კანი და რა გავლენას ახდენს პროცედურა მასზე?

- პროცედურის დასრულებისთანავე კანი იბრუნებს ჯანსაღ იერს და პაციენტიც მომენტალურად გრძნობს, თუ როგორ გამოცოცხლდა მისი კანი, თუმცა, რასაკვირველია, ეს მხოლოდ დასაწყისია და 7-10 დღის განმავლობაში პრეპარატში შემავალი ნივთიერებები განაგრძობენ მუშაობას. მესამე დღიდან პაციენტს ეწყება მსუბუქი ექსფოლიაცია (აქერცვლა). მიმდინარეობს ე.წ. კანის ცვლის პროცესი, რომელიც რიგ შემთხვევაში პაციენტისთვის შეუმჩნეველიც კი შეიძლება იყოს; ხდება ელასტინისა და კოლაგენის სინთეზის სტიმულაცია, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ხდება ღრმა შრეების დატენიანება. კანი ხდება ერთგვაროვანი, ვიწროვდება ფორები, უფერულდება პიგმენტაცია, ლაგდება გამონაყარი და კანი იბრუნებს ჯანსაღ იერს.

- რამდენი პროცედურა უნდა ჩაიტაროს მომხმარებელმა, რომ სასურველი შედეგი მიიღოს?

- სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა 4-6 პროცედურის ჩატარება 7-10 დღის ინტერვალებით. პროცედურების რაოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად ყველა პაციენტისთვის ექიმ-კოსმეტოლოგის მიერ პრობლემიდან გამომდინარე.

- უმტკივნეულოა? როგორ ტარდება პროცედურა?

- რევიტალიზაცია არ უნდა ასოცირდებოდეს ბიორევიტალიზაციასთან. ეს არის უნემსო, ტარდება ინექციის გარეშე. პაციენტს აღენიშნება შეხურებისა და ოდნავი წიწკვნის შეგრძნება, როგორც ნებისმიერი პილინგის დროს. პროცედურის ხანგრძლივობაა 10-15 წუთი. ის აერთიანებს ბიოსტიმულაციას, რევიტალიზაციასა და პილინგს.

- რა პრეპარატით ატარებთ პროცედურას, რით არის გამორჩეული და რას შეიცავს ის?

- აღნიშნული პროცედურა ტარდება BioRePeel-ის პრეპარატით. ეს არის ბიფაზური პრეპარატი (ლიპოფილური და ჰიდროფილური). მოხმარების წინ ეს ორი ფაზა ერევა და აძლიერებს ერთმანეთის ეფექტს. ლიპოფილური და ჰიდროფილური ფაზები პასუხისმგებელია კანის სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე, გაახალგაზრდავებაზე, კანის დატენიანებასა და დამცავი ბარიერის აღდგენაზე. მის შემადგენლობაში შედის 14 აქტიური ნივთიერება: მჟავები, ამინომჟავები, ვიტამინები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ერთნაირად ეფექტურად ვიმოქმედოთ ნებისმიერი ტიპისა და პრობლემის მქონე კანზე. მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ინექციის გარეშე მოკლე დროში, აბსოლუტურად უმტკივნეულოდ და სარეაბილიტაციო პერიოდის გვერდის ავლით შეგვიძლია მივაღწიოთ სასურველ შედეგს.

- რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამომჟღავნდეს პროცედურის შემდეგ? რა დროს შეიძლება იყოს უკუეფექტი?

- აღნიშნული პროცედურის ჩატარების უკუჩვენებაა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა, ატოპიური დერმატიტის გამწვავების პერიოდში, ნეიროდერმიტისა და ეგზემის დროს, მწვავე ინფექციური დაავადებების დროს (ჰერპესი, გრიპი და ა.შ.), ონკოლოგიური დაავადებების დროს, ისეთი სისტემური რეტინოიდების მოხმარების პერიოდში, როგორიცაა, მაგალითად, როაკუტანი, ფეხმძიმობისა და ლაქტაციის დროს, გამწვავებული აკნეს დროს, 18 წლის ასაკის ქვემოთ (გარდა ზემოთ ნახსენები გამონაკლისებისა).

ხშირად ქართულ რეალობაში მომხმარებელი ითხოვს აღნიშნული პრეპარატის შეძენას სახლის პირობებში მოხმარების მიზნით, რაც დაუშვებელია მასში შემავალი მაღალპროცენტული მჟავების გამო. ბიორეპილის სახლში მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს კანის დამწვრობა და შეუქცევადი პროცესები.

- რა დროს  შეიძლება აღნიშნული პროცედურის ჩატარება?

- ამ პროცედურის ჩატარება შეიძლება წლის ნებისმიერ დროს (არ აქვს სეზონური შეზღუდვა), გამომშრალი და უსიცოცხლო კანის, აკნეს და პოსტაკნეს დროს, გამონაყარის აქტიურ ფაზაშიც კი, ფოტო და ასაკობრივი დაბერების დროს, ახალი, მცირე ზომის ნაწიბურების შემთხვევაში, პიგმენტაციის, წვრილი ნაოჭების, გაფართოებული ფორებისა და ცხიმიანი კანის არსებობის დროს. არსებობს აღნიშნული პრეპარატის ორი სახე: 1) სახე, ყელი და დეკოლტე; 2) ტანი.

ტანის ბიორეპილი გამოიყენება იდაყვების, ტერფების, მტევნების, მუხლების ზონებში გაუხეშებული კანის ექსფოლიაციისა და დატენიანების მიზნით.

- პროცედურის შემდეგ როგორ უნდა მოუაროს ქალმა კანს?

- პროცედურის შემდგომ მთავარია არ მოხდეს კანის გაღიზიანება მექანიკური და თერმული ფაქტორებით. 24 საათის განმავლობაში არ უნდა მოხდეს ჩამობანა, 48 საათის განმავლობაში არ არის სასურველი მაკიაჟის გაკეთება, 5-7 დღის განმავლობაში რუჯის მიღება, კანი უნდა იყოს მუდმივად დატენიანებული და აუცილებელია SPF-ის გამოყენება (მზისგან დამცავი).

- ყველა ადამიანს არ აქვს დრო და საშუალება იაროს ესთეტიკის ცენტრში, ჩაიტაროს ძვირადღირებული პროცედურები. თქვენ რას ურჩევთ ქალებს, სახლის პირობებში როგორ მოუარონ სახის კანს, რა არის თქვენი ოქროს რჩევა?

- ნებისმიერ ქალბატონს სჭირდება სახლის პირობებში გარკვეული რუტინის ჩატარება. არსებობს სპეციალური გელები, საპნები, დასაბანი ქაფები, რომლებითაც უნდა მოხდეს დილა-საღამოს სახის ჩამობანა, დაუშვებელია ღამე მაკიაჟით დაძინება. ასევე აუცილებელია კანის დატენიანება. სახლის პირობებში, გარდა დამატენიანებელი კრემებისა, შესაძლებელია სახის დატენიანება ყველასთვის კარგად ნაცნობი საშუალებებით: კიტრის ანათლებით, მაიონეზით, არაჟნით და ა.შ. ძალიან კარგია სეზონური ხილისა და ბოსტნეულის წვენისგან დამზადებული ყინულის კუბების გამოყენება. შეიძლება დამზადდეს ოხრახუშის, კიტრის, ლიმონის, კენკროვანი ხილის, მწვანე ჩაის, გვირილის, პიტნის და ა.შ. ყინულის კუბები, რომლებიც ატენიანებენ, ატონიზირებენ კანს და აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას. ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ ყინულის კუბის ერთ ადგილზე დიდი ხნით გაჩერება არ შეიძლება.

ასევე კვირაში 1-2-ჯერ შეგიძლიათ გაიკეთოთ კანის სკრაბირება (რეკომენდებულია ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის) ყავით, მჭადის ფქვილით, სოდით და დასაბანი გელით ( პროპორციით 3:1), კეფირის და შვრიის კომბინაციით (1 ჩ.კ. დაბლენდერებული შვრია და 2 ს.კ. კეფირი). სააფთიაქო ქსელში სკრაბის შერჩევის დროს ყურადღება უნდა მიექცეს მათზე მითითებულ კანის ტიპს. მშრალი კანისთვის სკრაბირება ნებადართულია მხოლოდ 2-3 კვირაში ერთხელ, ასევე ყველასათვის, განსაკუთრებით პრობლემური კანისათვის, აუცილებელია SPF-ის ხმარება. ეცადეთ იკვებოთ ყოველდღიურად ვიტამინებით სავსე ხილითა და ბოსტნეულით, გაზარდეთ წყლის მოხმარება 1,5–2 ლ-მდე, მოიწესრიგეთ ძილი და შეინარჩუნეთ კარგი განწყობა. ამასთან, ყველასთვის მნიშვნელოვანი და რეკომენდებულია წელიწადში ორჯერ პროფესიონალური წმენდა კოსმეტოლოგთან.

თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (91)

მთავარი თემები