ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით დაკავებული პირები და ამნისტია: რას ითხოვენ პანკისში

© photo: Sputnik / Aleksey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიციხე
ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი კენჭისყრაზე მესამე, საბოლოო მოსმენით გავა. კანონი, სავარაუდოდ, გაზაფხულამდე ამოქმედდება.

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. პანკისის ხეობის სოფელ დუისში უხუცესთა საბჭოს წევრებმა და ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მოითხოვეს, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონი იმ პირებსაც შეეხოთ, რომლებიც სასჯელს ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით იხდიან, იუწყება „პირველი არხი“

ციხის კამერა - Sputnik საქართველო
ამნისტია საქართველოში ათასზე მეტ პატიმარს შეეხება

საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მეორე მოსმენით 5 იანვარს მიიღო. კანონპროექტის თანახმად, ამნისტია შეეხება პირებს, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. კანონი ძალაში, სავარაუდოდ, გაზაფხულზე შევა.

„თხოვნით მივმართავთ პარლამენტს, რაკი ასეთი ჰუმანურობით შეუდგა მუშაობას, ამ ახალგაზრდებსაც შეეხოთ ამნისტია. ჩვენ არ ვამბობთ, რომ მთლიანად გათავისუფლდნენ, მაგრამ თუ შეიძლება, რომ შეღავათი გაკეთდეს ვადებთან დაკავშირებით”, – განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესმა ხასო ხანგოშვილმა.

უხუცესების განცხადებით, დაკავებულებს საქართველოს საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში უხუცესები და მოსახლეობა მათ არ დაიცავდნენ.

საუბარია მსჯავრდებულ ხუთ პირზე, რომლებიც გასამართლებული არიან 2017 წელს ცნობილი ტერორისტის ახმედ ჩატაევის საქართველოში შემოყვანის ხელშეწყობისთვის. მათ 10-12 წლით პატიმრობა აქვთ შეფარდებული და სამი წელია სასჯელს იხდიან.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პარლამეტის მიერ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის საბოლოო დამტკიცებამდე ხეობაში ხელმოწერებს შეაგროვებენ და მათ მაჟორიტარ დეპუტატს ირაკლი ქადაგიშვილს შუამდგომლობით მიმართავენ.

ვნებათაღელვა კანონპროექტის ირგვლივ

ამნისტიის გაფართოების მოთხოვნით დღეს საპროტესტო აქციები თბილისსა და ქუთაისშიც გაიმართა.

თბილისში ოპოზიციის მხარდამჭერებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელის გიორგი რურუასა და კარტოგრაფების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება მოითხოვეს, რომლებსაც ისინი პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ. 

აქცია - Sputnik საქართველო
თბილისში გიორგი რურუასა და კარტოგრაფების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ქუთაისის მერიასთან კი პატიმართა ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ამნისტიის აქტის გადახედვა მოითხოვეს. მათი თქმით, კანონში შესული ცვლილებები მსჯავრდებულთა დიდ ნაწილს არ ეხება, ამიტომაც ისინი მოითხოვენ მის გაფართოებას, რათა ამნისტია ყველა კატეგორიის პატიმარს შეეხოს.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეების თქმით, ქუთაისის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 10 პატიმარი შიმშილობს. მათი თქმით, პანდემიის პირობებში ციხეებში მძიმე ვითარებაა.

იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ.

ვის შეეხება ამნისტია

კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია ათასამდე პატიმარს შეეხება. პროცედურების თანახმად, ყველა პირის საქმეს, ვისაც ამნისტია შეეხება, სასამართლო გადახედავს და ისინი მხოლოდ ამის შემდეგ გათავისუფლდებიან. 

პატიმარი - Sputnik საქართველო
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი: შეღავათი ქალ მსჯავრდებულებს და სტუდენტებსაც შეეხება

კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და განაჩენებისგან სრულად გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებისთვის უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში; აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით; დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით; გაუფრთხილებლობით; შრომის დაცვის წესის დარღვევის შედეგად.

ასევე გათავისუფლდებიან მსჯავრდებულები ფალსიფიკაციისთვის, ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა/გასაღებისთვის; საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევისთვის გადახდისუუნარობისას; გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობისთვის გადახდისუუნარობისას; საბაჟო გადაზიდვების წესების დარღვევისთვის; იარაღის დაუდევრად შენახვისთვის; ხულიგნობისთვის; სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის; ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის; სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის, სერიოზული ზიანის ან ადამიანის დაღუპვის გარეშე. 

საქართველოში უკანონო მშენებლობისთვის დაკისრებულ ჯარიმებს ამნისტია შეეხება - Sputnik საქართველო
საქართველოში უკანონო მშენებლობისთვის დაკისრებულ ჯარიმებს ამნისტია შეეხება

გარდა ამისა, ამნისტია შეეხება მსჯავრდებულებს ფსიქოტროპული ნივთიერებების, მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების და კანაფის უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის. ასევე გათავისუფლდებიან ისინიც, ვინც მსჯავრდებულია სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, რამაც არ გამოიწვია მძიმე დაზიანება ან გარდაცვალება.

ამნისტია შეეხება ასევე მსჯავრდებულებს უკანონო თევზჭერისა და უკანონო ნადირობისთვის, წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდებისთვის; სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვებისთვის; დეზერტირობისთვის; სამხედრო ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანებისა ან განადგურებისთვის.

ასევე გათავისუფლდება ისიც, ვინც პირველად ჩაიდინა ისეთი დანაშაული, როგორიცაა ქურდობა და სანადირო და სპორტული იარაღის უკანონო შენახვა.

ამნისტია ითვალისწინებს ნარკოდანაშაულისთვის უვადო პატიმრობამისჯილთათვის ვადის შემცირებას - ის 20 წლის ვადით პატიმრობით შეიცვლება.

ყველა ახალი ამბავი
0