„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი: შეღავათი ქალ მსჯავრდებულებს და სტუდენტებსაც შეეხება

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიპატიმარი
პატიმარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოცხადება იგეგმება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 44 მუხლს მოიცავს და სხვადასხვა დანაშაულებს შეეხება.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს უახლოეს დღეებში დაამტკიცებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე. 

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

თალაკვაძის განმარტებით, პროექტი, რომელსაც დეპუტატები კენჭს უყრიან, იქნება მაქსიმალურად დაბალანსებული, რათა კანონმა არ შექმნას დამატებითი რისკები საზოგადოებისთვის და ასევე გათვალისწინებული იქნას პატიმრების უფლებები. 

„აღნიშნულ კანონპროექტს უახლოეს დღეებში დავამტკიცებთ, მასში იდეალურად იქნება დაცული, ერთი მხრივ, საზოგადოების უსაფრთხოება და, მეორე მხრივ, პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის პრინციპები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.  

დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვას დაუჭირეს მხარი.

საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი პირველი მოსმენით 30 დეკემბერს დაამტკიცა.

პროექტის ინიციატორის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კანონპროექტს, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე მუხლი დაემატოს. კერძოდ, ამნისტიის შესახებ კანონპროექტში შევა ცვლილებები, რომლითაც დამატებითი შეღავათი შეეხება მსჯავრდებულ ქალებს, რომლებსაც არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ და სტუდენტებს. მათ, შესაძლოა, პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალოთ. 

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
წულუკიანი: „შეწყალების ინსტიტუტი საკმაოდ პასიური გახდა“

„პირველი ვერსიისგან განსხვავებით, გაცილებით მეტ მუხლებს შეეხება ეს პროექტი და თუ პირველ ვერსიაში იყო მხოლოდ გათავისუფლება ან სასჯელის განახევრება, ახლა უკვე გარკვეული ვადით შემცირებაზეც არის საუბარი. ამიტომ, ვფიქრობ, დაბალანსებულ მოდელს მივიღებთ“, – აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხნაშვილმა.

ამჟამინდელი ვერსიით, ამნისტია დაახლოებით 800 ადამიანს შეეხება და ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდებიან. მათგან 680 სასჯელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის. ამნისტიის შედეგად საპატიმრო დაწესებულებებს 60 ქალი დატოვებს.

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში 16 დეკემბერს დარეგისტრირდა და ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან იმ პირთა გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.

ვის შეეხება ამნისტია

კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და განაჩენებისგან სრულად გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებისთვის უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში; აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით; დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით; გაუფრთხილებლობით; შრომის დაცვის წესის დარღვევის შედეგად. 

პატიმარი - Sputnik საქართველო
მსჯავრდებულთა ამნისტია გაზაფხულზე იქნება: ვის შეეხება ახალი კანონი

ასევე გათავისუფლდებიან მსჯავრდებულები ფალსიფიკაციისთვის, ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა/გასაღებისთვის; საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევისთვის გადახდისუუნარობისას; გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობისთვის გადახდისუუნარობისას; საბაჟო გადაზიდვების წესების დარღვევისთვის; იარაღის დაუდევრად შენახვისთვის; ხულიგნობისთვის; სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის; ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის; სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის, სერიოზული ზიანის ან ადამიანის დაღუპვის გარეშე.

გარდა ამისა, ამნისტია შეეხება მსჯავრდებულებს ფსიქოტროპული ნივთიერებების, მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების და კანაფის უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის.

ასევე გათავისუფლდებიან ისინიც, ვინც მსჯავრდებულია სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, რამაც არ გამოიწვია მძიმე დაზიანება ან გარდაცვალება.

ამნისტია შეეხება ასევე მსჯავრდებულებს უკანონო თევზჭერისა და უკანონო ნადირობისთვის, წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდებისთვის; სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვებისთვის; დეზერტირობისთვის; სამხედრო ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანებისა ან განადგურებისთვის.

ასევე გათავისუფლდება ისიც, ვინც პირველად ჩაიდინა ისეთი დანაშაული, როგორიცაა ქურდობა და სანადირო და სპორტული იარაღის უკანონო შენახვა. 

„შემახე ამნისტიას“ აქცია - Sputnik საქართველო
„შემახე ამნისტია“: პატიმრების დედებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს

დაზარალებულთა თანხმობის შემთხვევაში გათავისუფლდებიან მსჯავრდებულები, რომლებმაც ჩაიდინეს ჯანმრთელობისთვის მსუბუქი დაზიანება, ძალადობა, მომხმარებელთა მოტყუება, უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ასევე დაზარალებულის თანხმობა იქნება საჭირო იმ მსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის, რომლებმაც ჩაიდინეს თაღლითობა, მითვისება ან გაფლანგვა, ასევე სხვისი ნივთის განადგურება ან დაზიანება.

ახალი კანონი ასევე ითვალისწინებს გათავისუფლებას მსჯავრდებულის მხრიდან ზარალის ანაზღაურების შემთხვევაში სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, რამაც გარდაცვალება გამოიწვია, კრედიტის უკანონო მიღებისთვის ანდა ჩეკისა თუ საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენებისთვის.

ამნისტია ითვალისწინებს ნარკოდანაშაულისთვის უვადო პატიმრობამისჯილთათვის ვადის შემცირებას - ის 20 წლის ვადით პატიმრობით შეიცვლება.

ყველა ახალი ამბავი
0