თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.
კანონპროექტი დღეს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს და მას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტის თანახმად, ამნისტია სისხლის სამართლის დანაშაულის 44 მუხლს შეეხება, თუმცა, როგორც დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ამ წრის კიდევ გაფართოება იგეგმება და ის დამატებით 15-20 მუხლს შეიძლება შეეხოს.
ამჟამინდელი ვერსიით, ამნისტია დაახლოებით 800 ადამიანს შეეხება და ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდებიან. მათგან 680 სასჯელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის. ამნისტიის შედეგად საპატიმრო დაწესებულებებს 60 ქალი დატოვებს.
პროექტის ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეა. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში 16 დეკემბერს დარეგისტრირდა და ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან იმ პირთა გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. საქართველოს პარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ ახალ კანონს გაზაფხულამდე მიიღებს.
ვის შეეხება ამნისტია
კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და განაჩენებისგან სრულად გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებისთვის უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში; აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით; დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით; გაუფრთხილებლობით; შრომის დაცვის წესის დარღვევის შედეგად.
წულუკიანი: „შეწყალების ინსტიტუტი საკმაოდ პასიური გახდა“>>
ასევე გათავისუფლდებიან მსჯავრდებულები ფალსიფიკაციისთვის, ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა/გასაღებისთვის; საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევისთვის გადახდისუუნარობისას; გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობისთვის გადახდისუუნარობისას; საბაჟო გადაზიდვების წესების დარღვევისთვის; იარაღის დაუდევრად შენახვისთვის; ხულიგნობისთვის; სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის; ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის; სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის, სერიოზული ზიანის ან ადამიანის დაღუპვის გარეშე.
გარდა ამისა, ამნისტია შეეხება მსჯავრდებულებს ფსიქოტროპული ნივთიერებების, მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების და კანაფის უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის.
ასევე გათავისუფლდებიან ისინიც, ვინც მსჯავრდებულია სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, რამაც არ გამოიწვია მძიმე დაზიანება ან გარდაცვალება.
ამნისტია შეეხება ასევე მსჯავრდებულებს უკანონო თევზჭერისა და უკანონო ნადირობისთვის, წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდებისთვის; სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვებისთვის; დეზერტირობისთვის; სამხედრო ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანებისა ან განადგურებისთვის.
ასევე გათავისუფლდება ისიც, ვინც პირველად ჩაიდინა ისეთი დანაშაული, როგორიცაა ქურდობა და სანადირო და სპორტული იარაღის უკანონო შენახვა.
დაზარალებულთა თანხმობის შემთხვევაში გათავისუფლდებიან მსჯავრდებულები, რომლებმაც ჩაიდინეს ჯანმრთელობისთვის მსუბუქი დაზიანება, ძალადობა, მომხმარებელთა მოტყუება, უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ასევე დაზარალებულის თანხმობა იქნება საჭირო იმ მსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის, რომლებმაც ჩაიდინეს თაღლითობა, მითვისება ან გაფლანგვა, ასევე სხვისი ნივთის განადგურება ან დაზიანება.
ახალი კანონი ასევე ითვალისწინებს გათავისუფლებას მსჯავრდებულის მხრიდან ზარალის ანაზღაურების შემთხვევაში სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, რამაც გარდაცვალება გამოიწვია, კრედიტის უკანონო მიღებისთვის ანდა ჩეკისა თუ საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენებისთვის.
ამნისტია ითვალისწინებს ნარკოდანაშაულისთვის უვადო პატიმრობამისჯილთათვის ვადის შემცირებას - ის 20 წლის ვადით პატიმრობით შეიცვლება.