თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტში განსაზღვრული მუხლების ჩამონათვალი შესაძლოა გაფართოვდეს, ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა.
პროექტის ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეა. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში 16 დეკემბერს დარეგისტრირდა და ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან იმ პირთა გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. საქართველოს პარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ ახალ კანონს გაზაფხულამდე მიიღებს. რიგგარეშე სესიებზე მისი განხილვა გაიმართება.
წულუკიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის განათლების კომიტეტის კომპეტენცია, ის მზად არის ჩაერთოს კანონპროექტის განხილვის პროცესში. სავარაუდოდ, ის თავის გამოცდილებაზე აპელირებს - შეგახსენებთ, თეა წულუკიანი აქამდე 8 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
„ჩვენ გვახსოვს, რომ პატიმრებში იყო ძალიან დიდი მოლოდინი ამ ამნისტიის... არის კითხვის ნიშნები, რატომ არ არის ეს ამნისტია ისეთივე მასშტაბური, როგორიც იყო 2012 წლის. აქ პასუხი მარტივია. ჩვენ 2012 წელს ციხიდან ვუშვებდით ხალხს, რომელთა უმრავლესობა დამნაშავეც კი არ იყო“, - განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, საზოგადოებაში უკვე ისმის კითხვები იმ პატიმრებთან დაკავშირებით, რომლებსაც გრძელვადიანი სასჯელი აქვთ მისჯილი, და ეს ბიუროს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.
„სამწუხაროდ, საქართველო, რუსეთისა და თურქეთის შემდეგ, კვლავ არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ევროსაბჭოს სივრცეში, რომელსაც ყველაზე მეტი პატიმარი ჰყავს. სანამ მე თანამდებობას დავტოვებდი, 7 500 მსჯავრდებული და 2 500 ბრალდებული ჰყავს ქვეყანას, რაც პატარა ქვეყნისთვის ბევრია. ამას ვერ უშველის პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი, ეს ვერ ჩაანაცვლებს ამნისტიას, მითუმეტეს, რომ შეწყალების ინსტიტუტი საკმაოდ პასიური გახდა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ამნისტია ვერ შეეხება ოჯახში ძალადობას, რადგან, მისი თქმით, ამან შესაძლოა უფრო ცუდი შედეგები გამოიწვიოს. ასევე, ის პოზიტიურად აფასებს იმ ფაქტს, რომ კანონპროექტი უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის სასჯელის შეცვლის პროცედურების მნიშვნელოვან რეფორმას გულისხმობს. კერძოდ, ამნისტია ითვალისწინებს ნარკოდანაშაულისთვის უვადო პატიმრობამისჯილთათვის ვადის შემცირებას - ის 20 წლის ვადით პატიმრობით შეიცვლება.