თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან იმ პირთა გათავისუფლებას, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.
როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამნისტია არ შეეხება ისეთი სახის მძიმე დანაშაულებებს, როგორიცაა მკვლელობა და ოჯახური ძალადობა.
საკანონმდებლო ინიციატივა რამდენიმე პრინციპულ მიდგომას მოიაზრებს.
კერძოდ, იმ დანაშაულების შემთხვევაში, რაც დაკავშირებულია დაზარალებულისთვის ქონებრივი ზიანის მიყენებასთან, სასჯელისგან გათავისუფლებისთვის სავალდებულო წინაპირობა იქნება ზიანის ანაზღაურება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში – დაზარალებულის თანხმობა.
ცალკეულ შემთხვევებში აუცილებელი პირობა იქნება წარსულში ნასამართლეობის არქონა.
გათვალისწინებულია აგრეთვე ხანდაზმული, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე სისხლის სამართლის დანაშაულზე შეფარდებული ჯარიმისგან პირთა გათავისუფლება.
„წარმოდგენილი კანონპროექტი, ზემოაღნიშნული მიდგომების მიხედვით, მოიცავს საკმაოდ დიდ ჩამონათვალს დანაშაულებისა, რომელიც დაექვემდებარება ამნისტიას. ეს არის ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების ზოგიერთი კატეგორია და ა.შ. ამნისტია შეეხება სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
ამნისტია ასევე შეეხება ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებს, თუმცა არ შეეხება ნარკოტიკებით მოვაჭრეებს.
როგორც სარჯველაძემ განმარტა, საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, შეიცვლება სასჯელის ზომა იმ პირებისთვის, რომლებსაც ნარკოდანაშაულისთვის უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი. მათთვის სასჯელის ზომა შეიცვლება თავისუფლების აღკვეთით 20 წლამდე ვადით.
რაც შეეხება სხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს, რომელთაც უვადო პატიმრობა აქვთ შეფარდებული, სარჯველაძის თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის სასჯელის შეცვლის პროცედურების მნიშვნელოვან რეფორმას.
კერძოდ, მათთვის შეიქმნება თავისუფლებისათვის მომზადების სპეციალური პროგრამა, რაც კანონით დადგენილ ვადაში მოსამართლეს ინფორმირებული და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მისცემს.
სარჯველაძის განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირებით ოფიციალური პროცედურები დაწყებულია და მას უახლოეს დღეებში მიიღებენ.