თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით ათასზე მეტი პატიმარი გათავისუფლდება საქართველოს საპატიმროებიდან, განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა სამშაბათს კანონის პროექტი „ამნისტიის შესახებ“ მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა 86-მა დეპუტატმა. ამის შემდეგ ის კენჭისყრაზე მესამე, საბოლოო მოსმენით გავა. სავარაუდოდ, კანონი გაზაფხულამდე ამოქმედდება.
„სათითაოდ არის გავლილი თითოეული მუხლი და თითოეული ნაწილი იმისათვის, რომ რისკები დაზღვეული იყოს. მათ შორის შეფასებულია ინდივიდუალურად, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ სეგმენტის გათავისუფლებას. შესაბამისად, რისკების აწონ-დაწონვა იყო ამ კანონპროექტის განხილვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე... რაც ახლანდელი მოცემულობაა... არსებული სახით 1000-ზე მეტ პატიმარს შეეხება „ამნისტიის შესახებ“ კანონი“, – განაცხადა კობახიძემ.
- როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ამნისტია პატიმრების უმრავლესობას შეეხება, რადგან ბევრ შემთხვევაში საუბარია განაჩენის შემსუბუქებაზე.
„გაცილებით დიდი რიცხვი იქნება, ვისაც ამნისტია შეეხება – საპატიმროს ვერ დატოვებს, მაგრამ შეუმცირდება სასჯელი. ბუნებრივია, ვმსჯელობთ რისკებზე, რადგან ძალიან ფრთხილი თემაა. კონსულტაციები ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, ფართო ჩართულობაა და ორივე მხარის – დაზარალებულებისა და პატიმრების არგუმენტებს ვითვალისწინებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
ვის შეეხება ამნისტია
კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია შეეხება იმ პირებს, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. პროცედურების თანახმად, ყველა პირის საქმეს, ვისაც ამნისტია შეეხება, სასამართლო გადახედავს და ისინი მხოლოდ ამის შემდეგ გათავისუფლდებიან.
კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და განაჩენებისგან სრულად გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებისთვის უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში; აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით; დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით; გაუფრთხილებლობით; შრომის დაცვის წესის დარღვევის შედეგად.
ასევე გათავისუფლდებიან მსჯავრდებულები ფალსიფიკაციისთვის, ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა/გასაღებისთვის; საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევისთვის გადახდისუუნარობისას; გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობისთვის გადახდისუუნარობისას; საბაჟო გადაზიდვების წესების დარღვევისთვის; იარაღის დაუდევრად შენახვისთვის; ხულიგნობისთვის; სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის; ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის; სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის, სერიოზული ზიანის ან ადამიანის დაღუპვის გარეშე.
გარდა ამისა, ამნისტია შეეხება მსჯავრდებულებს ფსიქოტროპული ნივთიერებების, მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების და კანაფის უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის. ასევე გათავისუფლდებიან ისინიც, ვინც მსჯავრდებულია სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, რამაც არ გამოიწვია მძიმე დაზიანება ან გარდაცვალება.
ამნისტია შეეხება ასევე მსჯავრდებულებს უკანონო თევზჭერისა და უკანონო ნადირობისთვის, წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდებისთვის; სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვებისთვის; დეზერტირობისთვის; სამხედრო ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანებისა ან განადგურებისთვის.
ასევე გათავისუფლდება ისიც, ვინც პირველად ჩაიდინა ისეთი დანაშაული, როგორიცაა ქურდობა და სანადირო და სპორტული იარაღის უკანონო შენახვა.
დაზარალებულთა თანხმობის შემთხვევაში გათავისუფლდებიან მსჯავრდებულები, რომლებმაც ჩაიდინეს ჯანმრთელობისთვის მსუბუქი დაზიანება, ძალადობა, მომხმარებელთა მოტყუება, უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ასევე დაზარალებულის თანხმობა იქნება საჭირო იმ მსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის, რომლებმაც ჩაიდინეს თაღლითობა, მითვისება ან გაფლანგვა, ასევე სხვისი ნივთის განადგურება ან დაზიანება.
მსჯავრდებულთა ამნისტია გაზაფხულზე იქნება: ვის შეეხება ახალი კანონი>>
ახალი კანონი ასევე ითვალისწინებს გათავისუფლებას მსჯავრდებულის მხრიდან ზარალის ანაზღაურების შემთხვევაში სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, რამაც გარდაცვალება გამოიწვია, კრედიტის უკანონო მიღებისთვის ანდა ჩეკისა თუ საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენებისთვის.
ამნისტია ითვალისწინებს ნარკოდანაშაულისთვის უვადო პატიმრობამისჯილთათვის ვადის შემცირებას - ის 20 წლის ვადით პატიმრობით შეიცვლება.