20:29 11 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6138
  • 100 RUB4.1709
  • USD3.0743
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1382)
236 0 0

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც ავიაკომპანიებმა და ავიასაწარმოებმა 1 ივლისიდან უნდა დაიცვან

თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. საქართველოს აეროპორტები 1 ივლისიდან, მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საზღვრების გასახსნელად და საერთაშორისო რეისების ეტაპობრივად გასაახლებლად ემზადებიან.

საქართველომ 21 მარტიდან სრულად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით. კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის წყალობით, ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, 15 ივნისიდან გახსნას შიდა ტურიზმი, 1 ივლისიდან კი გახსნას საზღვრები უცხოელი ტურისტებისთვის.

ჩაიშლება თუ არა საქართველოში ტურიზმთან დაკავშირებული გეგმები >>

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გამოაქვეყნა მოთხოვნები და რეკომენდაციები მგზავრებისთვის და ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო კავშირის განახლების შემდეგ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.

ინფორმაცია მგზავრებისთვის - გაფრენამდე ტერმინალში მოქცევის წესები

აეროპორტის ტერმინალში/დარბაზში დაშვებული იქნებიან მხოლოდ მგზავრები, შშმ პირების თანმხლები და ბავშვიანი პირები, ასევე მომსახურე პერსონალი. ტერმინალი დაყოფილი იქნება მგზავრების მომსახურებისა და საერთო სერვისების ზონებად. მგზავრთა მომსახურების ზონაში დაშვებული იქნებიან მხოლოდ მგზავრები და მომსახურე პერსონალი.

ტერმინალში მგზავრები და მომსახურე პერსონალი დაიშვებიან მხოლოდ დამცავი პირბადეებით. გამონაკლისს წარმოადგენენ 6 წლამდე ბავშვები.

შენობაში შესვლისას განხორციელდება მგზავრთა თერმოსკრინინგი. ცხელების ან/და ვირუსზე საეჭვო სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში, მგზავრი არ დაიშვება ტერმინალში/დარბაზში და შესაბამისად, რეისზე;

მგზავრები, ოჯახის წევრების გამოკლებით, ვალდებული იქნებიან, დაიცვან 1.5 მეტრის დისტანცია. შენობაში უზრუნველყოფილი იქნება სავალდებულო დისტანციის მარკირება;

მგზავრებმა უნდა დაიცვან პირადი ჰიგიენის ნორმები. მგზავრთა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებისთვის მგზავრთა მომსახურების არეებს და ხშირად შეხებად ზედაპირებს რეგულარულად ჩაუტარდება  დასუფთავება/დეზინფექცია;

დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, მგზავრთა პასპორტისა და ბარგის შესამოწმებელი ადგილები აღჭურვილი იქნება დამცავი გამჭვირვალე ბარიერებით;

გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცები და სხვა ჰიგიენური ნარჩენები უნდა მოთავსდეს დახურულ კონტეინერებში;

მგზავრებმა უნდა დაიცვან ადგილზე გამოცხადებული რეკომენდაციები და მითითებები. ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებები პერიოდულად გაკეთდება ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;

გამცილებლებისთვის თავშეყრის ადგილები და ზონები გამოიყოფა ტერმინალის/შენობის გარე ტერიტორიაზე.

თვითმფრინავში მოქცევის წესები

საჰაერო ხომალდზე მგზავრები დაიშვებიან დამცავი პირბადეებით. 4 საათზე მეტი ხანგრძლივობის ფრენისას მათ უნდა ჰქონდეთ სათადარიგო ნიღბები;

მგზავრთა განლაგება უზრუნველყოფილი იქნება იმგვარად, რომ შეძლებისდაგვარად დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია. გამონაკლისს წარმოადგენენ ოჯახის წევრები;

თვითმფრინავში შესვლისას მგზავრებმა დროულად უნდა დაიკავონ მათთვის განკუთვნილი ადგილი და ყურადღებით გაეცნონ ეკიპაჟის წევრების მითითებებს;

იკრძალება 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას  მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში გამოყენებული იქნება წინასწარ შეფუთული/დალუქული საკვები პროდუქტები და სასმელები;

თუ აფრენის შემდეგ მგზავრი თავს იგრძნობს შეუძლოდ, აღმოაჩნდება COVID 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, ხველა, ღებინება, დიარეა, სუნთქვის გაძნელება ან გრიპის მსგავსი სიმპტომები, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პერსონალს. ასეთ შემთხვევაში, ეკიპაჟის მიერ განთავსდება იზოლირებულად და გაეწევა შესაბამისი მეთვალყურეობა;

ინფექციაზე საეჭვო მგზავრის მომსახურე პერსონალს და ასეთი მგზავრის თანმხლებ პირს ფრენის დასრულების შემდგომ ჩაუტარდება ტესტირება და გადავა თვითიზოლაციაში/კარანტინში;

ხომალდიდან გადმოსვლის დროს, საჭიროა გადამყვანი ავიაკომპანიის მითითებების შესრულება გადაადგილების შესახებ სოციალური დისტანციის დაცვის თაობაზე;

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყოველი რეისის შემდეგ  საჰაერო ხომალდი დასუფთავდება სველი  წესით და ჩაუტარდება დეზინფექცია.

მოფრენის ტერმინალში/დარბაზში ქცევის წესები

ხომალდიდან გადმოსვლისას განხორციელდება მგზავრთა თერმოსკრინინგი. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს დაუფიქსირდება სიცხე, მისი მომსახურება/გადაყვანა განხორციელდება არსებული პროტოკოლის დაცვით;

მოფრენის ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები და მომსახურე პერსონალი;

მგზავრების ყოფნა დასაშვებია მხოლოდ ნიღბით (გამონაკლისი შეიძლება იყოს 6 წლამდე ბავშვი);

ეკიპაჟის წევრებისთვის, შშმ პირებისთვის და ბავშვიანი მგზავრებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ცალკე დერეფანი;

მგზავრებმა უნდა დაიცვან 1.5 მეტრის დისტანცია, განსაკუთრებით, თერმოსკრინინგის, საზღვრის კვეთის და ბარგის მიღების პროცესში. გამონაკლისს წარმოადგენენ ოჯახის წევრები;

მგზავრებმა უნდა დაიცვან პირადი ჰიგიენის ნორმები. მგზავრთა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებისთვის, მგზავრთა მომსახურების არეებს და ხშირად გამოყენებულ ზედაპირებს რეგულარულად ჩაუტარდება  დასუფთავება/დეზინფექცია;

მგზავრი ვალდებული იქნება, დაიცვას ადგილზე გამოცხადებული რეკომენდაციები და მითითებები. ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებები პერიოდულად გაკეთდება ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;

დამხვედრთათვის თავშეყრის ადგილები და ზონები გამოიყოფა ტერმინალის/შენობის გარე ტერიტორიაზე;

მოთხოვნები და რეკომენდაციები ავიასაწარმოების და მათი პერსონალის საყურადღებოდ

გაფრენისა და მოფრენის ტერმინალებში (დარბაზებში) მომსახურე პერსონალი დაიშვება მხოლოდ დამცავი პირბადეებით. ავიასაწარმოებმა უნდა უზრუნველყონ მომსახურე პერსონალის აღჭურვა ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (ნიღბები 4 საათიანი ინტერვალით, სათვალე/დამცავი ფარი, ხელთათმანი);

ავიასაწარმო ვალდებულია:

უზრუნველყოს ნაკადების კონტროლი და უსაფრთხო დისტანციის მარკირება, აგრეთვე, სკამების ნაწილის ანულირება უსაფრთხო დისტანციის დაცვის მიზნით;

ვირუსზე საეჭვო ან სავარაუდო პირთა იზოლირებისთვის, უზრუნველყოს სპეციალური ოთახების გამოყოფა;

პერიოდულად უზრუნველყოს მგზავრთა მომსახურების არეების და ხშირად შეხებადი ზედაპირების (ესკალატორის სახელურების, მოაჯირების, საბანკო ტერმინალების, ღილაკების და ა.შ) დასუფთავება/დეზინფექცია;

რეგულარულად უზრუნველყოს პრევენციული ღონისძიებების შესახებ მგზავრთა ინფორმირება ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;

მგზავრთა პასპორტისა და ბარგის  შესამოწმებელი ადგილები აღჭურვოს კოლექტიური დაცვის საშუალებებით, დაამონტაჟეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერი;

მგზავრების მომსახურების არეებში უზრუნველყოს სადეზინფექციო საშუალებების  განთავსება;

უზრუნველყოს დახურული სივრცეების/ სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ბუნებრივი ვენტილაცია, გამოიყენოს ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესოს საინჟინრო კონტროლი (ფილტრების დაბინძურების მონიტორინგის ჩათვლით) მის გამართულ მუშაობაზე;

განსაზღვროს  გამცილებლების/დამხვედრების თავშეყრის ადგილები და ზონები შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებით (პარკინგი, ტერმინალის გარე ტერიტორია).

თვითმფრინავში

საჰაერო ხომალდზე ეკიპაჟის წევრები დაიშვებიან ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (ნიღაბი, სათვალე/დამცავი ფარი, ხელთათმანი). უნიფორმა უნდა შეიცვალოს ყოველდღიურად. იქ, სადაც უნიფორმა არ იცვლება ყოველდღიურად, ალტერნატივად გამოიყენონ ერთჯერადი დამცავი ხალათები;

უზრუნველყონ მგზავრების იმგვარი განლაგება, რომ  შეძლებისდაგვარად დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია (ოჯახის წევრების გარდა);

განათავსონ ჯანმრთელობის უსაფრთხოების შესახებ რეკომენდაციები (რამდენიმე ენაზე) საჰაერო ხომალდის სალონში და/ან ვიდეო/ინფომასალაში;

ეკიპაჟის წევრებს ჩაუტარონ სწავლება პანდემიის დროს საჰაერო ხომალდის სალონში მგზავრების მომსახურების პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორი გამოყენებისა და სწორად  განკარგვის შესახებ;

მინიმუმამდე შეამცირონ მგზავრებთან კონტაქტი;

მაქსიმალურად შეამცირონ ინდივიდუალური ჰაერის მიმწოდებელი აპარატის გამოყენების შესაძლებლობა;

საჰაერო ხომალდის ოპერატორებს, რომლებიც მიმართავენ სამგზავრო სალონისთვის რეცირკულირებადი ჰაერის მიწოდებას, ეძლევათ რეკომენდაცია დაამონტაჟონ და გამოიყენონ HEPA ფილტრები, მწარმოებლის სპეციფიკაციის შესაბამისად, ან სრულიად აარიდონ თავი სამგზავრო სალონში ჰაერის რეცირკულაციას, იმ პირობით, რომ მსგავსი ქმედება საფრთხეს არ შეუქმნის საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ფუნქციებს (როგორიცაა ავიონიკის სისტემების გაგრილება, სამგზავრო სალონის ჰერმეტიზაცია და ა.შ.). HEPA ფილტრების დამონტაჟების შემთხვევაში, რეცირკულაციის ვენტილატორის მუშაობის შეწყვეტის ნაცვლად, შესაძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს ჰაერის მიწოდება ძლიერი ნაკადის  მიწოდების რეჟიმში;

3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას აიკრძალოს  მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში დასაშვებია წინასწარ შეფუთული და დალუქული საკვების და სასმელი პროდუქტების მიწოდების სერვისის გამოყენება;

მგზავრთა კვებისთვის, უზრუნველყონ ერთ მწკრივში მსხდომი მგზავრებისთვის საკვების რიგრიგობით მიწოდება, რათა მათ ერთდროულად არ მოიხსნან ნიღაბი;

უზრუნველყონ მგზავრების საკონტაქტო ინფორმაციის ბარათის (PLC) შევსება;

სოციალური დისტანციის შენარჩუნების მიზნით, უზრუნველყონ მგზავრთა გადაადგილების მართვა თვითმფრინავში ჩასხდომის/თვითმფრინავიდან გადმოსვლის დროს;  

უზრუნველყონ სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო 60-70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხსნარების განთავსება;

იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს აფრენის შემდეგ აღმოაჩნდება COVID-19–ისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, საჭიროა დაუკავშირდნენ აეროპორტის ან ეროვნული ჯანდაცვის შესაბამის სამსახურს და იმოქმედონ მითითებების შესაბამისად. უზრუნველყონ მგზავრის იზოლირება და მისი მეთვალყურეობა/დახმარება პროტოკოლის შესაბამისად;

ინფექციაზე საეჭვო მგზავრის მომსახურე პერსონალს ფრენის დასრულების შემდგომ ჩაუტარდება ტესტირება და გადავა თვითიზოლაციაში/კარანტინში;

ყოველი რეისის შემდეგ  საჰაერო ხომალდს უნდა ჩაუტარდეს სველი  წესით დასუფთავება/დეზინფიცირება.

რეკომენდაციები შემუშავებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან თანამშრომლობით. სხვა სახელმწიფოებთან ჰარმონიზირებული და ერთგვაროვანი მოთხოვნების დადგენის მიზნით გათვალისწინებულ იქნა ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) რეკომენდაციები და სახელმძღვანელო მასალები. დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, კონსულტაციები გაიმართა ასევე ავიასაწარმოებთან.

რეკომენდაციები შესაძლოა შეიცვალოს/განახლდეს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით. აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისათვის დადგენილი რეკომენდაციები ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3dFui5I

ავიამიმოსვლის გახსნა გამოცდა იქნება

ქვეყანაში ჩამოსული ტურისტის კარანტინში გაგზავნა ორი კვირით აუცილებელი არ არის, რადგან ასეთ შემთხვევაში ის უბრალოდ არ ჩამოვა საქართველოში. სწორედ ამიტომ ცდილობს სახელმწიფო „ოქროს სტანდარტის“ რეგულაციების პოვნას, ფიქრობს თბილსის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

ექიმმა ბოლო დროს კორონავირუსის გავრცელების რისკის სამი ეტაპი გამოყო. ესენია: საგანგებო ზომებისა და შეზღუდვების მოხსნა, შიდა ტურიზმის აღდგენა და ყველაზე სახიფათო - საერთაშორისო ტურიზმის გახსნა.

„პირველი, რისიც გვეშინოდა - შეზღუდვების მოხსნის - ეს გადავიტანეთ უმტკივნეულოდ, არავითარი გართულებები არ მოჰყოლია. შიდა ტურიზმს რა შედეგი მოჰყვება, მაქვს დიდი იმედი, რომ ისევ დარჩება ეს სტაბილური და მშვიდი სიტუაცია. როცა დაიწყებს საერთაშორისო მიმოსვლა, ეს იქნება დიდი გამოცდა ყველა ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

მისი თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში, ქართველი მედიკოსები და საავადმყოფოები მზად არიან, მიიღონ და წარმატებით უმკურნალონ მეტ პაციენტს, ვიდრე პანდემიის პირველ ეტაპზე.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1382)

მთავარი თემები