თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ფებურთში საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონატის ყველა მოთამაშემ კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა, ნათქვამია ქუთაისის „ტორპედოს“ განცხადებაში.
ტესტირების პროცედურა ბოლოს ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელებმა გაიარეს. ანალიზების შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მანამდე ეროვნული ლიგისა და კლუბების ხელმძღვანელები არანაირი კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ.
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 25 ივნისს განახლდება. ერთმანეთს შეხვდებიან თბილისის „საბურთალო“ და „დინამო“. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.
უფრო ადრე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საუბარია ეროვნული ლიგის განახლებაზე. როდის განახლდება ჩემპიონატები სხვა დივიზიონებში, ასაკობრივ ჯგუფებსა და საქართველოს თასზე, ჯერჯერობით უცნობია. ეროვნული ლიგის ყველა მატჩი საწყის ეტაპზე მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
გარდა ამისა, ეროვნული ლიგის ჩემპიონატი შემცირებული სქემით ჩატარდება – თავიდან დაგეგმილი 36 ტურის (ოთხ წრედ) ნაცვლად, კლუბები ორ წრედ 18 ტურს ჩაატარებენ – ერთმანეთს მხოლოდ ორჯერ დაუპირისპირდებიან – საკუთარ მოედანზე და გასვლით მატჩში.
COVID-19-ის პანდემიის გამო მარტის დასაწყიში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყანაში ყველა დონეზე საფეხბურთო ჩემპიონატის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ორი ჩატარებული მატჩის შემდეგ ლიდერობს თბილისის „ლოკომოტივი“, რომელსაც ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამოა“.