თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების რვა ახალმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საუბრები პანდემიაზე გამარჯვების შესახებ უკიდურესად ნაადრევია, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
COVID-19 საქართველოში: გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა იზრდება>>
პრემიერის თქმით, ახალმა შემთხვევებმა მეტი მობილიზაცია უნდა გამოიწვიოს, რადგან ორ შემთხვევაში ინფიცირების წყარო უცნობია.
„დღეს ქვეყანაში ინფიცირების რვა ახალი შემთხვევა გვაქვს. თითქოს არ არის ბევრი, მეტიც გვქონია. სამწუხაროდ, რვა შემთხვევიდან სამი არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, კერძოდ, ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლები არიან. ორ შემთხვევაში წარმომავლობის თვალსაზრისით პირველწყარო ჯერ კიდევ გაურკვეველია. ფაქტობრივად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რეალურად საუბრები ეპიდემიის დამარცხებაზე, სულ მცირე, უკიდურესად ნაადრევია. მობილიზაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი გვმართებს“, – განაცხადა გახარიამ.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ორის შესახებ გუშინ, საღამოს გახდა ცნობილი, ხოლო მონაცემები ექვსი შემთხვევის შესახებ დღეს განახლდა მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 818 დადასტურებული შემთხვევაა.