15:40 20 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0606
  • 100 RUB3.9087
  • USD2.6179
ოჯახური ძალადობა

ოჯახში ძალადობის გამო სამი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

© Sputnik / STRINGER
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ადამიანის უფლებები საქართველოში (86)
75 0 0

მაღალი რისკის მატარებელი მოძალადეების ქცევის გასაკონტროლებლად წლის ბოლომდე ელექტრონული სამაჯურები დაინერგება.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. 2018 წელს ოჯახურ დანაშაულზე დისციპლინური სახდელი პოლიციის ათ თანამშრომელს დაეკისრა, მათგან სამი კი სამსახურიდან გათავისუფლდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, 2018 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ოჯახში ძალადობის შემთხვევები 2017 წლის მთლიან მაჩვენებელს უტოლდება. კერძოდ, გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის 2 804 ფაქტზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა — 1 933 პირის მიმართ. ოჯახური დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე წლის ექვს თვეში დაკავებულია 1 328 პირი.

ოჯახურ ძალადობაზე სასჯელი მკაცრდება>>>

რაც შეეხება მსხვერპლთა დაცვის მიზნით გამოცემულ შემაკავებელ ორდერებს, 2018 წლის ექვს თვეში გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 3292-ს უტოლდება, რაც ორჯერ აღემატება მთელი 2017 წლის მონაცემებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახურ დანაშაულზე დისციპლინური სახდელები დაეკისრათ პოლიციელებსაც.

„ოჯახურ დანაშაულზე არასათანადო რეაგირების გამო დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 4, ხოლო ოჯახური ძალადობის ჩადენის გამო 6 თანამშრომელს, რომელთაგან 3 დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან", — აღნიშნულია განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ კანონქვემდებარე აქტებში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემისთანავე პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი იარაღი ჩამოერთმევა.

გარდა ამისა, მაღალი რისკის მატარებელი მოძალადეების ქცევის გასაკონტროლებლად წლის ბოლომდე ელექტრონული სამაჯურები დაინერგება.

გაზრდილია დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების რიცხვიც. კერძოდ, 2018 წლის 6 თვეში დაკავებული იქნა 50-ზე მეტი პირი, რაც მთელი 2017 წლის მთლიან მონაცემს აღემატება.

ამჟამად საქართველოს პარლამენტში შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტის პაკეტი იხილება, რომელიც ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის გამო სასჯელის გამკაცრებას ეხება. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მკაცრდება ოჯახში ძალადობაზე სასჯელი; გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა  ხდება დამამძიმებელი გარემოება; ცალკეული დანაშაულებისთვის მკაცრდება სასჯელი ოჯახური დანაშაულის განმეორებით ჩადენისათვის; შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებულია პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ნაცვლად დღეს არსებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა.

როგორც უწყებაში აცხადებენ,  კანონპროექტის მიზანია ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა.

ბოლო წლებში საქართველოში ოჯახური ძალადობის ოფიციალურად დარეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. შსს-ში ამას იმით ხსნიან, რომ ძალადობის მსხვერპლნი პოლიციას უფრო ხშირად მიმართავენ.

თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში (86)

მთავარი თემები