თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის გამო სასჯელის გამკაცრებას ეხება, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
რატომ ძალადობენ მამაკაცები ქალებზე და რატომ ეგუებიან ამას ქალები >>
კანონპროექტის პაკეტი შსს-მ შეიმუშავა. სისხლის სამართლის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტში განსახილველად უახლოეს დროს შევა.
შსს-ს ინიციატივით, შემაკავებელი ან დამცავი ორდერის პირობების პირველივე დარღვევისთანავე პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება. დღეს ამისათვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აკისრებენ და მხოლოდ განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში — სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა დღეისათვის 7 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით ან 1 თვემდე ვადით გამასწორებელი სამუშაოებით ისჯება, ხოლო დამცავი ორდერის პირობების დარღვევა — 15 დღემდე ვადით პატიმრობით ან 3 თვემდე ვადით გამასწორებელი სამუშაოებით ისჯება.
სანქციების გამკაცრება ოჯახური დანაშაულის განმეორებით ჩამდენი პირების მიმართაც არის გათვალისწინებული.
მკვლელობა, თვითმკვლელობამდე მიყვანა, გენდერული ნიშნით მძიმე ან ნაკლებად მძიმე ზიანის მიყენება ჯანმრთელობისთვის დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება.
ოჯახში ძალადობისთვის გათვალისწინებულია საპატიმრო ვადის გახანგრძლივება. ნაცვლად დღეს არსებული სასჯელისა — 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, დანაშაულის ჩამდენი პირი დაისჯება 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
სამინისტროში აღნიშნეს, რომ კანონპროექტის შექმნის მიზანია ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა.
ბოლო წლებში საქართველოში ოჯახური ძალადობის ოფიციალურად დარეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. შსს-ში ამას იმით ხსნიან, რომ ძალადობის მსხვერპლები პოლიციას უფრო ხშირად მიმართავენ.
2018 წლის იანვარ-მარტში ოჯახური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 855 ადამიანი დააკავეს.
საქართველოში დანაშაული ერთნახევარჯერ გაიზარდა >>
ბოლო დროს ყველაზე გახმაურებული დანაშაული თბილისში 25 წლის ქალის მკვლელობა გახდა.
გამოძიების მონაცემებით, 13 აპრილს ბოროტმოქმედმა შვილების თვალწინ ქალს ყელი გამოჭრა და მიიმალა. ბრალდებული აღმოჩნდა მისი მამინაცვალი, რომელიც საპატიმროდან ერთი წლით ადრე გათავისუფლდა, სასჯელს კი სასტიკი ცოლის, 25 წლის გოგონას დედის მიმართ ძალადობის გამო იხდიდა.