23:48 05 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6780
  • 100 RUB4.2550
  • USD3.1022
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (944)
35 0 0

როგორც კრემლში აცხადებენ, რუსეთი არ აპირებს უკრაინის შანტაჟს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ით, ეს არ არის კიევზე ზეწოლის ბერკეტი, საუბარია მხოლოდ კომერციულ მიზანშეწონილობაზე.

სოფია მელნიჩუკი

სანამ ყველა აშშ-ის და გერმანიის შეთანხმების დეტალებს ელოდებოდა, უკრაინის ხელმძღვანელობას ვაშინგტონის „კეთილგონიერების“ იმედი ჰქონდა, ვინაიდან, როგორც კიევში ირწმუნებოდნენ, გაზსადენი არა მარტო უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს ემუქრება. ნამდვილად მიუახლოვდა თუ არა გაზსადენის მშენებლობის ეპოპეა დასასრულს, წაიკითხეთ РИА Новости-ს მასალაში.

ბუნდოვანი შეთანხმებები

„რუსეთი ყოველთვის თანმიმდევრულად უარყოფდა ნებისმიერ ბრალდებას იმაში, რომ ის ენერგორესურსებს პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იყენებს. ასე არასდროს ყოფილა, ასე არასდროს იქნება. ეს ყველაფერი კომერციული შეთანხმებებისა და კომერციული მიზანშეწონილობის საგანია“, − კიდევ ერთხელ განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

გუშინ ვაშინგტონმა გერმანიასთან შეთანხმების ზოგი დეტალი გაასაჯაროვა. ერთი კვირით ადრე კი ანგელა მერკელი თეთრ სახლს ეწვია და, როგორც მერე სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, გერმანელებმა გონივრული წინადადებები წარადგინეს.

საერთო მიზანში − არ მიეცეს რუსეთს ენერგორესურსების პოლიტიკურ იარაღად გამოყენების უფლება, ამერიკელების აზრით, პროგრესი არის. ცნობილია ისიც, რომ ვაშინგტონმა პოლონეთთან და უკრაინასთანაც გაიარა კონსულტაციები.

გაზსადენის დასრულებას, რომელიც 98%-ით არის აშენებული, წინააღმდეგობას არ გაუწევენ. თუმცა გერმანია ვალდებულია რაღაც ზომები მიიღოს, თუ რუსეთი მილსადენის ბოროტად გამოყენებას მოისურვებს. მანამდე ის უარს ამბობდა მოსკოვის წინააღმდეგ ცალმხრივ მოქმედებებზე. თუმცა, როგორც ყველაფრიდან ჩანს, არც ახლაა ამით აღფრთოვანებული.

ბერლინი თანახმაა, ინვესტიციები მიმართოს ე.წ. მწვანე ფონდისკენ, რომელიც უკრაინას ენერგიის ეკოლოგიურ წყაროებზე გადასვლაში დაეხმარება. საუბარია სულ ცოტა მილიარდ დოლარზე, საიდანაც გერმანია პირველ შენატანს 175 მლნ-ის ოდენობით შეიტანს. გარდა ამისა, კიევში ენერგოპროექტების საკითხებში სპეცწარმომადგენელს გაგზავნის, მასთან ერთად კი კიდევ 70 მილიონს.

ამასთან ბერლინისგან მოითხოვენ რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულების (რომლის ვადაც 2024 წელს იწურება) მინიმუმ ათი წლით გაგრძელებას. უკვე 21 ივლისის საღამოს სატელეფონო საუბარი შედგა ანგელა მერკელსა და ვლადიმირ პუტინს შორის, რა დროსაც ცალკე თემად შეეხნენ რუსულ „გაზპრომსა“ და უკრაინულ „ნაფტოგაზს“ შორის შეთანხმებას.

რუსეთის პრეზიდენტმა პროექტის რეალიზაციისადმი გერმანული მხარის თანმიმდევრული მხარდაჭერა აღნიშნა და კვლავ გაუსვა ხაზი, რომ ის მხოლოდ კომერციულ ხასიათს ატარებს. მერკელმა მას ბაიდენთან ცოტა ხნის წინანდელი საუბრის დეტალები გაუმხილა. მოსკოვიცა და ბერლინიც „კმაყოფილები არიან „ნაკადის“ მშენებლობის მოახლოებული დასრულებით“.

საწინააღმდეგო ხმები

უკრაინაში ბოლო მომენტამდე შფოთავდნენ. ვლადიმირ ზელენსკი ირწმუნებოდა, რომ „ნაკადის“ ბედი აშშ-ის ხელშია, ხოლო ევროკავშირი ერთიანი ფრონტით უნდა გამოვიდეს. ის მერკელს 12 ივნისს შეხვდა გერმანიის დედაქალაქში და შეეცადა დაერწმუნებინა ის პროექტის დახურვაში. მერკელი არ დაეთანხმა.

კიევში მერკელი „უკრაინის ინტერესების ჩაბარებაში“ დაადანაშაულეს, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა. უფრო მეტიც, როგორც გამოცემა Politico იუწყებოდა, ვაშინგტონმა კიევს დაშოშმინებისკენ მოუწოდა. პარტნორების გეგმებისადმი საჯარო უთანხმოებას ამერიკულ-უკრაინული ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენება შეუძლია.

ბაიდენის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩნენ კონგრესმენებიც. რესპუბლიკელმა სენატორმა ტეხასიდან ტედ კრუზმა შეთანხმებას კატასტროფული უწოდა აშშ-ისა და მოკავშირეებისათვის და „პუტინის გეოპოლიტიკურ გამარჯვებად“ შეაფასა „რამდენიმე თაობის განმავლობაში“.

„უკრაინასა და ევროპის ენერგეტიკას პუტინს გამოსასყიდად აძლევენ“, − განაცხადა რესპუბლიკელმა სტივ უომაკმა. მეორე რესპუბლიკელის, ჯიმ რიშის თქმით კი, 11 აგვისტოს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების კანონის შესახებ მოხსენება (PEESA) გამოვა და მაშინ თეთრი სახლი თავს ვერ დაიძვრენს „წერილობითი განმარტებისგან, რატომ შედის სანქციებზე უარი აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში“.

თუმცა ამერიკის ხელისუფლებაში აღნიშნეს, რომ იტოვებენ სანქციების დაწესების უფლებას PEESA-ს ფარგლებში.

უსარგებლო წინააღმდეგობა

უკრაინელი ეკონომიკის ექსპერტი ალექსანდრ ოხრიმენკო მიიჩნევს, რომ კიევი ახლა მსხვილ ინვესტიციებს არ უნდა ელოდებოდეს, რუსეთზე გავლენის მოხდენა კი არ გამოვა. „ეს წმინდად ჩარჩო-გარიგება იქნება: ზოგადი ფრაზები ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგეტიკული შანტაჟის დაუშვებლობის შესახებ. უკრაინას იქ მხოლოდ მოიარებით თუ ახსენებენ“, − აღნიშნა ექსპერტმა.

ასეთივე აზრისაა გერმანელი პოლიტოლოგი ალექსანდრ რარი. „როგორც კიევის რეაქციიდან ჩანს, ისინი ფულს ელოდებიან. მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა, ფულს უკრაინას არ აჩუქებენ უბრალოდ რუსეთთან დაპირისპირების გამო“, − ამბობს ის.

ალტერნატიული ვარიანტია გერმანული კომპანიებისთვის მოწოდება – აწარმოონ ბიზნესი უკრაინაში, მაგრამ საამისოდ პირობები არ არსებობს: საჭიროა ცვლილებები სამართლებრივ სისტემაში.

იგივე ეხება ამერიკელებსაც. რარის ვარაუდით, ისინი არც ისე „დაინტერესებული არიან თავიანთი გათხევადებული ბუნებრივი აირის გერმანიასა და ევროკავშირში გაყიდვით, ევროკავშირის ენერგოპოლიტიკაზე კონტროლის დამყარებით“, და იმავდროულად არც „უკრაინის განვითარების ხარჯების“ დაფარვა სურთ“.

„ეს უფრო ტრანსატლანტიკური ურთიერთობების საკითხია, ვიდრე ვაშინგტონისა და მოსკოვისა, − ამატებს რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს გენერალური დირექტორი ანდრეი კორტუნოვი. − ეს შეიძლება ამერიკული პოლიტიკის მარცხად ჩაითვალოს, ან საღი აზრის ტრიუმფად. ბაიდენს დიდ და მცირე ბოროტებას შორის უწევდა არჩევანის გაკეთება. გასაგებია, რომ ზეწოლაზე უარის თქმა არ უნდოდა, მაგრამ საბოლოოდ იმან გადაწონა, რომ ერთ-ერთ საკვანძო პარტნიორთან ჩხუბი არ სურდა“. ეს დიდწილად გერმანიის გამარჯვებაა. „მერკელი არ წავიდა დათმობებზე, თავიანთ გეგმებზე ფაქტობრივად ამერიკელებმა თქვეს უარი და არა გერმანელებმა“, − დარწმუნებულია კორტუნოვი.

ექსპერტ ტატიანა რომანოვას მიაჩნია, რომ პროექტის მშენებლობისთვის წინააღმდეგობის გაწევა უაზრობა იყო. „დიდი ალბათობით მილსადენი ექსპლუატაციაში შევა, მაგრამ 2030-2035 წლებისთვის, როდესაც განახლებადი ენერგიის წყაროები მომრავლდება, პრობლემა იქნება არა ამერიკულ ზეწოლაში, არამედ ევროკავშირის ენერგეტიკული ბალანსის ცვლილებაში“, − აღნიშნა მან.

ხანგრძლივი პერიპეტიების შემდეგ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დასრულება მოახლოვდა. გერმანია დიდხანს იბრძოდა ამ მილსადენისთვის და მერკელის წასვლის შემდეგაც კი მასზე უარს ალბათ არ იტყვის. რაც შეეხება მწვანე ენერგეტიკას − გაზის გარეშე მაინც არაფერი გამოვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალიან ძვირადღირებულ და სანუკვარ პროექტს მაინც აქვს ამოგების შანსი.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

თემები:
რუსეთი დღეს (944)

მთავარი თემები