09:59 08 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (946)
50 0 0

სანდო პოლიტიკური სტრუქტურა ხელს უწყობს რყევების მიმართ საქართველოს შედარებით სტაბილურობას, აღნიშნავს საერთაშორისო სააგენტო.

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა დატოვა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში BB დონეზე. პროგნოზი - „ნეგატიურია“, ნათქვამია სააგენტოს პრეს-რელიზში.

„საქართველოს რეიტინგებს, BB კატეგორიის ანალოგიურ ქვეყნებთან შედარებით, ხელს უწყობს ძლიერი სტრუქტურული ინდიკატორები, როგორებიცაა კორპორატიული მმართველობა და ბიზნეს-გარემო“, -  ნათქვამია პრეს-რელიზში.

სააგენტოს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თანმიმდევრული და სანდო პოლიტიკური სტრუქტურა ხელს უწყობს რყევების მიმართ საქართველოს შედარებით სტაბილურობას.

„ეს საკრედიტო შესაძლებლობები დაბალანსებულია უცხოურ ვალუტაში ასახული სახელმწიფო ვალის მაღალი წილით, დაბალი საგარეო ლიკვიდურობითა და, ანალოგიური რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით, გარეშე დაფინანსების მიმართ უფრო მაღალი მოთხოვნით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

„ნეგატიური“ პროგნოზი, Fitch-ის ანალიტიკოსების აზრით, ასახავს კორონავირუსის პანდემიის მნიშვნელოვან გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე.

„პანდემია იწვევს მსხვილი ტურისტული სექტორის მქონე საქართველოს მცირე, ღია ეკონომიკის მკვეთრ შემცირებას, საბიუჯეტო ანგარიშების შესამჩნევ გაუარესებას, მათ შორის, სახელმწიფო ვალის ზრდას, და უფრო მოწყვლადს ხდის მას, რაც მომდინარეობს საქართველოს დიდი საგარეო ვალიდან და მიმდინარე ანგარიშის უფრო ფართო სტრუქტურული დეფიციტიდან BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით“, – ხაზგასმულია სააგენტოს პრეს-რელიზში.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა ყველაზე მაღალი იქნება

Fitch-ის პროგნოზით, 2020 წელს პანდემიით გამოწვეული 6,1%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით, ხოლო 2022 წელს – 5.8%-ით გაიზრდება.

Fitch-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი, BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით, მაღალი იქნება (4,0% – 2021 წელს და 3,7% – 2022 წელს).

სააგენტოს ანალიტიკოსების აზრით, საქართველოს მშპ-ის ზრდის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს შიდა მოთხოვნილების მატება წარმოადგენს, ვინაიდან შეზღუდვების შემსუბუქება ხელს უწყობს კერძო მოხმარებას, ხოლო ინფრასტრუქტურაზე სახელმწიფოს მიერ გაწეული, ჩვეულებრივზე დიდი ხარჯი, კერძო სექტორის სუსტი გაჯანსაღების მიუხედავად, ინვესტიციებს წაახალისებს.

„გაჯანსაღებას კვლავ შეაფერხებს ტურისტული სექტორი: ჩვენ ველოდებით, რომ 2021 წელს შემოსავლები 2019 წლის მაჩვენებლის 30%-ს მიუახლოვდება, 2022 წელს კი 80%-მდე გაიზრდება“, – აღნიშნავს Fitch.

სააგენტოს ცნობით, 2021 წელს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება და მთავრობა გააგრძელებს პანდემიის შედეგად დაზარალებული ცალკეული პირებისა და მეწარმეების მიზნობრივ დახმარებას. ეს ნიშნავს საგადასახადო შეღავათებს საწარმოებისთვის, რომლებიც ინარჩუნებენ შედარებით დაბალანაზღაურებად მუშახელს, საკრედიტო გარანტიების სქემას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ასევე სოციალურ შემწეობას მოწყვლადი, მყიფე მეურნეობებისა და უმუშევრებისთვის.

„2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ღონისძიებები, მთავრობის მონაცემებით, მშპ-ის 2,1%-ს შეადგენს. შედარებისათვის: 2020 წელს მსგავსი ღონისძიებები მშპ-ის დაახლოებით 3,9%-ს შეადგენდა. Fitch-ის შეფასებით, ეს გამოიწვევს 2021 წელს მშპ-ის 8,0%-იან დეფიციტს ბიუჯეტში, 2020 წლის მშპ-ის 9,4%-იან დეფიციტთან შედარებით. ეკონომიკის აღდგენა და მთავრობის მიერ გაცხადებული ვალდებულება – 2024 წლისთვის უზრუნველყოს მშპ-ის 3,0%-ზე ნაკლები დეფიციტი, ხელს შეუწყობს საშუალოვადიან პერსპექტივაში ვალის დონის შემცირებას“, – აღნიშნულია პრეს-რელიზში.   

Fitch-ის ექსპერტთა აზრით, პოლიტიკური გარემო ეკონომიკურ პროცესებს საფრთხეს არ უქმნის

საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ ხელახალი არჩევა აძლიერებს სარეიტინგო კომპანიის მოლოდინს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების გატარების უწყვეტობის მიმართ.

  • „ამასთან, მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა, ოპოზიციური პარტიების მხრიდან პარლამენტის ბოიკოტირების ფონზე, ჩვენ ვერ ვხედავთ რისკებს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების გატარების უწყვეტობის მიმართულებით“, – აღნიშნულია პრეს-რელიზში.

დოკუმენტში ნათქვამია ასევე, რომ ქვეყნის მმართველობის ხარისხი და ბიზნესის კეთების სიმარტივე აღემატება BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებლებს, ხოლო პანდემიის პერიოდში მთავრობის გონივრული ფისკალური პოლიტიკა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აქტიური ჩართულობა (მიმდინარე პროგრამის ფარგლებში) სარეიტინგო კომპანიას უმყარებს რწმენას, რომ პანდემიის შემდეგ მოხდება ფისკალური კონსოლიდაცია.

რამ შეიძლება იმოქმედოს რეიტინგებზე

როგორც Fitch აღნიშნავს, მშპ-ის მიმართ ვალის მოცულობის მაჩვენებლის გაუარესებამ, მაგალითად, ბიუჯეტის კონსოლიდაციის არარსებობისა და/ან ზრდის პერსპექტივების გაუარესების გამო, შეიძლება რეიტინგის შემცირება გამოიწვიოს.

გარდა ამისა, რეიტინგის გაუარესება შეუძლია გარე ფაქტორებზე რეაგირების მატებას, მაგალითად, მიმდინარე ოპერაციების ანგარიშის დეფიციტის სტაბილურ ზრდასა და საერთაშორისო რეზერვების სწრაფ შემცირებას. ანალოგიური შედეგი შეიძლება მოჰყვეს საშინაო ან რეგიონული პოლიტიკური გარემოს გაუარესებას, რაც ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებასა და ეკონომიკურ ზრდაზე იმოქმედებს.

მეორე მხრივ, კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისის შემდგომი ბიუჯეტის კონსოლიდაციას, რაც სახელმწიფო ვალის საშუალოვადიან შემცირებას შეესაბამება, შეიძლება შედეგად მოჰყვეს დადებითი სარეიტინგო მოქმედება.

რეიტინგის ზრდა შეიძლება გამოიწვიოს გარეშე ფაქტორების მიმართ სტაბილურობის გაძლიერებამ, მაგალითად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებამ და/ან საერთაშორისო რეზერვების მატებამ. ანალოგიური შედეგის მიღწევა შესაძლებელია უფრო საიმედო და სტაბილური ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემთხვევაში (მაკროეკონომიკური დისბალანსების წარმოქმნის გარეშე), რასაც ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის უფრო მაღალი დონე მოსდევს.

საქართველოს მთავრობა Fitch-ის შეფასებით კმაყოფილია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, სარეიტინგო სააგენტოს შეფასება მთავრობის მიერ გატარებული სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების მიმართ ნდობის მაღალ დონეზე მიუთითებს.

„Fitch ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლება ატარებს გონივრულ ანტიკრიზისულ პოლიტიკას, რომელიც ამცირებს ჩვენი ეკონომიკის მოწყვლადობას და მგრძნობელობას გარე შოკების მიმართ და, გარე შოკების მიუხედავად, ეკონომიკა დადებითად განვითარდება“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, Fitch-ის ანგარიშში საუბარია ასევე ბიზნეს-გარემოს მიმზიდველობაზე, საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო შეფასება პოლიტიკურ შოკებთან მიმართებით. ის ფაქტი, რომ საპარლამენტო არჩევნებში კვლავაც გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, მათ აძლევთ იმის მყარ საფუძველს, რომ ჩვენთან რეფორმები უწყვეტად გაგრძელდება, ბიზნეს-გარემო კვლავაც კეთილსაიმედო და მიმზიდველი დარჩება და ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც მათ მისცა შესაძლებლობა, ჩვენი რეიტინგი უცვლელად დაეტოვებინათ“, – აღნიშნა მინისტრმა.

თურნავა: აქტიურად ვმუშაობთ, თუ როგორ შემოვიყვანოთ ვაქცინირებული ტურისტების პირველი ჯგუფი>>

მისი აზრით, ეს ნიშნავს, რომ გლობალური ინვესტორები, რომლებიც პოსტპანდემიურ პერიოდში ეძებენ ახალ ბაზრებს, რათა განავითარონ თავიანთი ბიზნესი, საქართველოს ჩათვლიან კვლავაც ერთ-ერთ საიმედო, მშვიდობიან ბაზრად, სადაც ძალიან დიდი ალბათობით გადაწყვეტენ ახალი ინვესტიციების განხორციელებას.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (946)

მთავარი თემები