06:06 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (905)
115 0 0

2020 წელს ეკონომიკის ვარდნა 5% იქნება, მაგრამ 2021 წელს მოსალოდნელია 4,3%-იანი ეკონომიკური ზრდა, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. 2019 წლის საქართველოს ეკონომიკურმა წარმატებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 2020 წელს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სამინისტროს წლიური ანგარიშის წარდგენისას.

კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას უზარმაზარი ზიანი მიაყენა. ის პრაქტიკულად ყველა სფეროს შეეხო. ბევრი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა, ბიზნესი სტაგნაციას განიცდის და ისინი, ვინც ჯერ კიდევ ახერხებს თავის გატანას, ყოველდღიურად იბრძვის გადარჩენისთვის. პანდემიის შედეგების შესარბილებლად მთავრობამ აპრილში მოსახლეობისა და ბიზნესის დასახმარებლად ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა, რომელიც რამდენიმე ეტაპად ხორციელდება.

„ის, როგორ ებრძოდა მთავრობა პანდემიას და რამდენად მომზადებული დავხვდით ამ დიდ გამოწვევას, დიდწილად აიხსნება გატარებული რეფორმებით და მიღწეული წარმატებით 2019 წელს“, – განაცხადა თურნავამ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიის პირველივე დღეებიდან ქვეყანაში შეიქმნა კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის საგანგებო საკოორდინაციო შტაბი, სადაც ყველა უწყებამ გადაინაწილა ამოცანები პრობლემის მოსაგვარებლად, მათ შორის, კოლოსალური სამუშაო ეკონომიკის სამინისტროს ერგო. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მოსახლეობისა და ბიზნესის დასახმარებლად, ნათქვამია სამინისტროს ანგარიშში.

მოსახლეობის დახმარება

- პირებმა, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, მიიღეს ფულადი დახმარება 1200 ლარის ოდენობით – 200 ლარი თვეში ექვსი თვის განმავლობაში. პროგრამა 2021 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდება.

- ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება თვითდასაქმებულებისთვის მკაცრი შეზღუდვების პერიოდში.

- წერტილოვანი შეზღუდვების პირობებში ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება ყველა დაქირავებული დასაქმებულისთვის, ინდმეწარმეებისთვის, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებისთვის, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისთვის, თვითდასაქმებულებისთვის, რომელთა საქმიანობა შეჩერებულია.

- დამატებითი დახმარება სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და შშმ პირთათვის.

- ერთჯერადი 200-ლარიანი უნივერსალური დახმარება ბავშვებისთვის.

- უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის ანაზღაურება სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის.

- ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადების სუბსიდირება 200 კვტ/სთ მოხმარებულ ელექტროენერგიასა და 3 კუბურ მეტრ მოხმარებულ ბუნებრივ აირზე. პირველ ეტაპზე დახმარებით ისარგებლა 1,1 მილიონმა აბონენტმა. სუბსიდიები გაგრძელდება მიმდინარე წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით.

ბიზნესის მხარდაჭერა

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის მხარდაჭერის ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტი გახდა, განსაკუთრებით, პანდემიისგან დაზარალებული სექტორებისთვის.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, მიმართული ადგილობრივი წარმოების წახალისებისკენ. სააგენტო აერთიანებს სახელმწიფო პროგრამებს, მიმართულს ბიზნეს-სექტორის წახალისებისა და ეკონომიკური განვითარებისკენ. მეწარმეების დახმარების მიზნით კრიზისის პირობებში კორონავირუსის პანდემიის გამო გადაწყდა პროგრამის გაფართოება.

2020 წლის განმავლობაში, მიუხედავად პანდემიისა, დაფინანსდა 78 ახალი პროექტი, დამტკიცებული კრედიტების თანხამ შეადგინა 96 მილიონი ლარი, ინვესტიციის მოცულობამ ჯამში – 161 მილიონი ლარი.

მიკრო- და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი პრაქტიკულად გაორმაგდა და 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

გარდა ამისა, თურნავამ ისაუბრა ბიზნესისთვის გაცემულ დახმარებაზე საკრედიტო-საგარანტიო პროგრამის ფარგლებში. პროექტების რაოდენობაა – 121, გარანტირებული კრედიტების მოცულობა – 77,5 მილიონი ლარი.

მცირე და საოჯახო სასტუმროებისთვის საბანკო კრედიტის პროცენტის სუბსიდირების მექანიზმის ფარგლებში სააგენტომ 2 199 პროექტი 31 მილიონი ლარით დააფინანსა.

რაც შეეხება ტურისტული კომპანიების საბანკო გარანტიების სუბსიდირების მექანიზმს, პროგრამას ჰყავს 33 ბენეფიციარი, გაცემულია 244 ათასი ლარის ოდენობის სუბსიდია.

იმ მოქალაქეთა იპოთეკური კრედიტების სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, რომელთაც ბინის შეძენა წლის ბოლომდე სურთ, დამტკიცებულია 614 მილიონი ლარის ოდენობის 6 317 კრედიტი.

გარდა ამისა, სარესტორნო ინდუსტრიის ობიექტებისთვის ლიზინგისა და კრედიტების პროცენტების სუბსიდირებაზე უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფო გამოყოფს დაახლოებით 30 მილიონ ლარს. პროგრამით სარგებლობას 1,5 ათასამდე ობიექტი შეძლებს.

ელექტრონული პლატფორმები

თურნავას თქმით, მიმდინარე წელს ქვეყანაში ამუშავდა რამდენიმე ელექტრონული პლატფორმა, შექმნილი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში.

ივლისიდან შეიქმნა ბიზნეს-ვიზიტების პლატფორმა, რომელიც, მიუხედავად პანდემიისა და შეზღუდვებისა, ბიზნეს-ვიზიტორებსა და ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს, უსაფრთხოდ ჩამოვიდნენ საქართველოში. თურნავას ინფორმაციით, უკვე დამუშავებულია 18 ათასამდე განაცხადი.

პროგრამაში „იმუშავე საქართველოდან“ მონაწილეობის მისაღებად შემოვიდა 1 415 განაცხადი, ქვეყანაში ჩამოსვლის ნებართვა უკვე მიიღო ათასამდე უცხოელმა.

ეკონომიკა პანდემიის პირობებში

ქვეყანაში ამუშავდა ახალი სამთავრობო პროგრამა „სახელმწიფო შენი პარტნიორია“, რომელიც რეგიონების მცხოვრებლებს ბიზნესის დაწყებაში და ადგილებზე სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობაში ეხმარება.

აქტიური რეფორმები გატარდა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მიმართულებით. კერძოდ, სტრუქტურულად გაერთიანდა ორი სხვადასხვა ორგანიზაცია: ქონების მართვის და საფინანსო მომსახურების და ახლა უძრავი და მოძრავი ქონების მართვა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება.

გარდა ამისა, 2019 წლის ბოლოს ამოქმედდა პროექტი „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესს“, რომელიც წარმატებით გაგრძელდა 2020 წლის განმავლობაში. მუდმივად იმართებოდა 100 პარალელური აუქციონი, ხოლო 2020 წელს პროექტის ფარგლებში გაიყიდა 43 მილიონი ლარის საპრივატიზაციო თანხის 88 ობიექტი.

სულ 2020 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შედეგად 124 მილიონი ლარის მობილიზება მოხერხდა.

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებზე ბიზნესს 100 პარალელური ელექტრონული აუქციონი შესთავაზეს. აუქციონებზე 433 ასეთი ლიცენზია გაიყიდა. ქვეყნის მასშტაბით საბადოებზე 2 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. მოზიდული ინვესტიციების მოცულობამ 20,8 მილიარდი ლარი შეადგინა.

წარმატებები ენერგეტიკაში

თურნავას თქმით, ენერგეტიკის სექტორის განვითარება სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. ეკონომიკის სექტორის რეფორმების განსახორციელებლად საჭირო საკანონმდებლო ბაზა პრაქტიკულად დასრულებულია, შეიქმნა ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც სატესტო რეჟიმში მუშაობს.

2020 წელს რეალიზებულია მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებაზეა მიმართული: ექსპლუატაციაში შევიდა ან მშენებლობის ეტაპზე გადავიდა 670 მეგავატის საერთო დადგმული სიმძლავრის ჰიდროსადგურები. ექსპლუატაციაში შევიდა 230 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგური „გარდაბანი-2“, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. ახლახან დასრულდა ინტერესთა გამოხატვა რიგით მესამე კომბინირებული ციკლის თბოსადგურზე „გარდაბანი-3“ (272 მეგავატი სიმძლავრის).

ასევე რეალიზებულია მრავალრიცხოვანი პროექტები ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით: აშენდა ორი მაგისტრალური გაზსადენი, ქვესადგურები, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები.

პერსპექტივები და სამომავლო გეგმები

2020 წელს მშპ-ის 5%-ით შემცირების შემდეგ 2021 წელს 4,3%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი. 2021-2024 წლებში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა ექნება, საშუალოდ – 5,3%. გაზრდილი საგარეო ვალი ეტაპობრივად შემცირდება.

იგეგმება სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება: კაპიტალის ბაზრის განვითარება, რეფორმები ენერგეტიკის სფეროში, წიაღისეულის სექტორის მასშტაბური რეფორმა, სახელმწიფო საწარმოების ეფექტურობის გაზრდა.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს კონსულტაციებს აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების თაობაზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინდოეთთან და ისრაელთანაც. ასევე ჩატარდება კვლევა, რომელიც სამხრეთ კორეასთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შეთანხმების მიზანშეწონილობას შეისწავლის.

საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის გაძლიერებას. დასრულდება ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, ფოთში საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება.

ფოთის პორტი გაფართოვდება: ინვესტორებმა შეთანხმება უკვე გააფორმეს >>

კვლავ დაიწყება მუშაობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საკონსულტაციო კომპანიების მონაწილეობით იგეგმება პირობების განახლება ინტერესთა გამოხატვაზე, პროექტთან დაკავშირებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების გადამუშავება, შერჩევის პროცედურის ჩატარება.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (905)

მთავარი თემები