თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. უცხოელებზე გათვლილ პროგრამაზე „იმუშავე საქართველოდან" გამოცხადების შემდეგ მთელი მსოფლიოდან, აშშ-დან დაწყებული და სინგაპურით დამთავრებული, 200-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის წინ.
მისი თქმით, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მთავრობის მეთაურმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას აღნიშნული პროგრამისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა დაავალა.
„იმუშავე საქართველოდან" – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივაა. არსი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველომ, როგორც ერთ-ერთმა წარმატებულმა ქვეყანამ ვირუსის მართვის თვალსაზრისით, 95 ქვეყნის მოქალაქეებს მინიმუმ 180 დღით საქართველოდან დისტანციურად მუშაობა შესთავაზა. შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, ჩვენ 200-ზე მეტი განაცხადი გვაქვს უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, დაწყებული აშშ-ით და დამთავრებული სინგაპურით, და მე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ვავალებ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ამ პროგრამაზე და კიდევ უფრო გააძლიეროს ამ პროგრამის შესაძლო ბენეფიტები", – განაცხადა გახარიამ.
წესების თანახმად, საქართველოდან დისტანციურად მუშაობის მსურველმა უცხოეთის მოქალაქემ განაცხადი უნდა შეავსოს ვებ-გვერდზე stopcov.ge.
დარეგისტრირებისთვის აუცილებელია დაინტერესებულმა პირმა ელექტრონულ პროგრამაში ატვირთოს მოქმედი პასპორტის ასლი, ინფორმაცია პირადი მონაცემების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი), ინფორმაცია უცხოელ დამსაქმებელზე, უცხოელი დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია, ინფორმაცია სამსახურებრივი პოზიციისა და შემოსავლის შესახებ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის დასტური (საბანკო ამონაწერი ან რაიმე სხვა სახის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ თვეში 2 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარის ოდენობით, წინასწარი დასტური სავალდებულო 12-დღიანი კარანტინის გავლის შესახებ, სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოქმედი იქნება არანაკლებ ექვსი თვის განმავლობაში და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შემთხვევაში.
ახალი პლატფორმით სარგებლობა შეუძლიათ თვითდასაქმებულებს, სრული განაკვეთით დასაქმებულებს, ასევე მეწარმეებს, რომელთაც საშუალება აქვთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართონ საკუთარი ბიზნესი.