თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. პროექტის „იმუშავე საქართველოდან“ ფარგლებში მსოფლიოს 95 ქვეყნის მოქალაქეს საქართველოდან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა ექნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ახალი პროექტი „იმუშავე საქართველოდან“ ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ წამოიწყო. პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობა ნებას აძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს – ესტუმრონ საქართველოს და საკუთარი სამუშაო დისტანციურად შეასრულონ. ხელისუფლება ასეთ საერთაშორისო ვიზიტორებს საქართველოში ექვს თვეზე მეტი ხნით ცხოვრების უფლებას სთავაზობს.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნონ თავი.
„აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩვენ საქართველოში 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა კომპანიის თანამშრომელს ვეპატიჟებით და ვთავაზობთ, სულ მცირე, 180 დღის განმავლობაში დისტანციურად, საქართველოდან შეასრულონ თავიანთი სამუშაო ვალდებულებები“, – განაცხადა პრემიერმა.
პროექტის მიხედვით, საქართველო დისტანციურად მომუშავე პირებს გრძელვადიანი პერიოდით ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობას აძლევს. დაინტერესებულმა პირებმა ონლაინ-აპლიკაცია უნდა შეავსონ და დადასტურება მიიღონ.
პროგრამა მოიცავს სამოგზაურო დაზღვევას, დამსაქმებლის სერტიფიკატს და პერსონალურ ინფორმაციას. ჩამოსვლის წინ ვიზიტორებს საკუთარი ხარჯებით 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
ახალი პროექტი ქვეყნის საზღვრების გახსნის გეგმის ნაწილია და ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, რომელიც კორონავირუსის შემდეგ დაზარალდა.