თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. კომპანიამ APM Terminals Poti და „ფოთის ახალი ტერმინალების კორპორაციამ“ (PNTC) ხელი მოაწერეს შეთანხმებას ფოთის საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით მშრალი და ნაყარი ტვირთების ახალი ტერმინალის ერთობლივად განვითარებაზე, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, APM Terminals Poti მოახდენს ინვესტირებას 400 მეტრის სიგრძის ნავმისადგომის მშენებლობაში და 13.5 მეტრამდე ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებში, ხოლო კორპორაცია განახორციელებს ინვესტიციას მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის განკუთვნილ ახალ ინფრასტრუქტურაში, რომელიც მოიცავს მასშტაბური საოპერაციო ზონის მოწყობას და სარკინიგზო ხაზთან კავშირის უზრუნველყოფას ფოთში.
ინვესტიციების განხორციელება შესაბამისი სამშენებლო ნებართვების მიღებაზეა დამოკიდებული.
ფოთის პორტის გაფართოება
ფოთის პორტის მფლობელმა კომპანია APM Terminals Poti-მ მიწათსარგებლობის ნებართვა მიიღო, რაც ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მოპოვების სამსაფეხურიანი პროცედურის საწყის ეტაპს წარმოადგენს.
კომპანიას ფოთის ნავსადგურის გაფართოება სურს, რათა საქართველოს გააჩნდეს თანამედროვე ლოგისტიკური კარიბჭე, რომელიც Panamax-ის ტიპის გემებს მოემსახურება.
APM Terminals Poti პროექტის განხორციელებას 24-30 თვეში გეგმავს. ის ორი ფაზისგან შედგება.
პირველი ფაზა 1,7 ათასი მეტრი სიგრძის მოლის მშენებლობასა და ასევე 400 მ სიგრძისა და 13,5 მ სიღრმის მრავალფუნქციური ნავმისადგომის მოწყობას ითვალისწინებს. ეს პორტს 9 ათას TEU–მდე წყალტევადობის ხომალდების მიღების და დამატებით 150 ათას TEU-მდე მოცულობის ტვირთების გადამუშავების საშუალებას მისცემს.
მეორე ფაზა 300 მეტრიანი საკონტეინერო ნავმისადგომის მშენებლობას მოიაზრებს, სადაც სამი ამწე იქნება განთავსებული და რაც წლიურ ტვირგამტარობას 1 მლნ TEU–მდე გაზრდის.
ფოთის პორტი ღრმაწყლოვანი ანაკლიის აშენებამდე გახდება >>
კომპანია მშრალი ტვირთების ოპერირებას გეგმავს. ეს იქნება რკინის ჯართი მთელი რეგიონიდან, სასუქი, ასევე მარცვლეული აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან.