00:08 05 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6021
  • 100 RUB4.1678
  • USD3.0719
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
1167 0 0

ომი უხილავ მტერთან, სიცოცხლისთვის ბრძოლას შეწირული ეკონომიკა... გადაურჩება თუ არა კარანტინს ბიზნესი, რამდენ ხანს გაუძლებს ის შეზღუდვებს და რა დრო დასჭირდება ქართული ეკონომიკის თავიდან დაქოქვას...

სამსონ ხონელი

ინფორმაცია უწყვეტ ნაკადად მოედინება... ბრძოლა გრძელდება, COVID-19 უკან არ იხევს! რა იქნება ხვალ, შეძლებს თუ არა კაცობრიობა მოიგოს ომი, სადაც უხილავ მტერთან ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღია, დავრჩეთ სახლში.

პასუხს კითხვაზე აუცილებლად მივიღებთ, თუმცა მანამდე საერთაშორისო თანამეგობრობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ყველაზე მასშტაბურ გამოწვევას ებრძვის. ფრონტის ხაზი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ბრძოლაზე გადის... მაგრამ სახელმწიფოები უკვე დღესვე ზრუნავენ პოსტკრიზისულ პერიოდზე, სადაც მაღალი ალბათობით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება...

ჯერ კიდევ არავინ იცის, მომავალში როგორი იქნება უხილავი ვირუსის დამანგრეველი ეფექტი, თუმცა უკვე დღეს, COVID-19-ის ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე იმდენად დიდია, კრიზისის შემდგომ პერიოდში ბევრი რამე გადაფასდება, პირველ რიგში კი, თავისუფალი ბაზრის ყოვლისშემძლეობა... როგორც ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი აცხადებს, პანდემიის კატასროფული შედეგები მხოლოდ იმ ქვეყნებმა აიცილეს, რომლებმაც უმკაცრესი საკარანტინე სივრცის სტრატეგია აირჩიეს.

„დიახ, ეს ე.წ ჯოგური იმუნიტეტის ნეო ლიბერალური დოქტრინა ეკონომიკის გადასარჩენად მთლიანდ ჩავარდა იტალიაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში... ეს ტენდენცია არა თუ მცირდება, მზრდია...“, − წერს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე. მისი შეფასებით, ძირეულად შეიცვლება გლობალური ეკონომიკის არქიტექტურაც... „მართალია, ჩინეთი ყველაზე ადრე გამოვიდა პანდემიის შოკიდან, მაგრამ უკვე კარგად ჩანს, რომ მისი ეკონომიკური აღმავლობის ოქროს ხანა დაისისკენ წავა და ჩინური მზარდი ჰეგემონიზმის ერაც დასრულდება.

მაღალი ალბათობით, ევროპული ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები თვითკმარ ეკონომიკურ მოდელებზე სულ უფრო აქტიურად გადასვლას დაიწყებენ და ფინანსური კაპიტალიდან აქცენტები ეკონომიკის რეალურ სექტორებში გადაინაცვლებს. ასე რომ, საწარმოო ძალების რეტერიტორიალურ გადანაწილებას მივიღებთ...“, − აცხადებს გიორგი ცუცქირიძე და დასძენს, რომ ეკონომიკური კრიზისის ინერციული პერიოდი, ერთი და ორწლიანი არ იქნება...

ჩვენ სად ვართ და საქართველოს ეკონომიკას რა ელის? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი და რა გაეწყობა, ვეცდები ინტერესი დავაკმაყოფილო...

ანალიტიკოსთა შეფასებებით, საქართველოს ხელისუფლებამ ანტიკრიზისული მენეჯმენტის ევროპულ გზაზე უარი თქვა და პრიორიტეტად არა ეკონომიკის გადარჩენა, არამედ ადამიანი არჩია. პარალელურად ხელისუფლებამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა შეემუშავა და დროის მოკლე პერიოდში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან დაახლოებით სამი მილიარდი ამერიკული დოლარის  ფინანსური დახმარებაც მოიპოვა...

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, თანხა პოსტკრიზისულ პერიოდში სახელმწიფო პროექტებსა და ბიზნესის ხელშეწყობას მოხმარდება. ანალიტიკოსები ხელისუფლების ხედვას იზიარებენ და აცხადებენ, რომ დახმარება უმჯობესია სწორედ პოსტკრიზისული შოკების გადასალახად იყოს მიმართული... ამვე დროს, ანალიტიკური წრეების შეფასებით, ჩვენ მხოლოდ თვითკმარ ეკონომიკაზე გადასვლით შევძლებთ გამოვიდეთ კრიზისიდან, გლობალური რელოკაციები საქართველოსაც აძლევს ამ ამოცანის რეალიზაციის კარგ შანსებს, როგორც ტერიტორიული მიმზიდველობის, ისე სტარანსპორტო და ენერგო არტერიების თვალსაზრისით. ბუნებრივია, ჩვენ უნდა განვავითაროთ მაღალტექნოლოგიური დარგებიც, რადგან მხოლოდ პირბადეების, ასანთის ან ტუალეტის ქაღალდის წარმოებით ვერ გადავალთ დამატებითი ღირებულების მაღალშემოსავლიან ეკონომიკაზე... თუმცა, მკითხველმა შესაძლოა მიმანიშნოს, რომ მანამდე ჯერ კიდევ დროა და არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს პანდემია... ასე რომ, დროა, თქვენი ყურადღება არსებულ ვითარებაზე გავამახვილი...

მოგეხსენებათ, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო დღეების სტატისტიკა მძიმეა. ეპიდემიოლოგები უახლოეს ორ-სამ კვირაში ვითარების კიდევ უფრო გართულებასაც არ გამორიცხავენ. ამ ფონზე ხელისუფლება შეზღუდვებს სულ უფრო და უფრო ამკაცრებს, ეს კი ბუნებრივია, ისედაც შეზღუდულ ბიზნესს, დამატებით პრობლემებს უქმნის. საგანგებო მდგომარეობა, სავარაუდოდ, 10 მაისამდე გახანგრძლივდება... თუმცა, შესაძლოა, ეს რეჟიმი გაგრძელდეს კიდეც... ხელისუფლება არც სრული კარანტინის დაწესებას გამორიცხავს. ერთი სიტყვით, მართალია, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვები სხვადასხვა სახით მსოფლიოს მეტ-ნაკლებად ყველა სახელმწიფოში მოქმედებს, მათგან განსხვავებით, ჩვენში შეზღუდვები ვირუსის გავრცელების მომდევნო ფაზის წინმსწრებად წესდება. ამ ვითარებაში კი ბიზნესი არსებული შეზღუდვების ეტაპობრივად გაუქმების აუცილებლობაზე საუბრობს...

„ძალიან რთულია ითქვას, რა ვადით გაუძლებს ბიზნესი წნეხს. მე არა მგონია, შეზღუდვები 10 მაისს მოიხსნას. ჩვენი სურვილი რასაკვირველია ეს არის, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. ახლა საკითხი ასე არ დგას, რომელ ბიზნესს უფრო უჭირს და რომელს - ნაკლებად. კერძო სექტორი რომ ცუდ დღეშია, ყველა ხედავს. ძალიან ძნელია ითქვას, საიდან უნდა დაიწყოს შეზღუდვების მოხსნა, ფუფუნების საგნებს არ ვგულისხმობ... სხვა ყველაფრის წარმოება და გაყიდვა უკვე საჩქაროდ დასაბრუნებელია. კვების პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები, სამშენებლო მასალები, ყველაფერი ერთიმეორეზეა გადაბმული...“, − ეს მოსაზრება ბიზნესმენსა და ეკონომისტს, ზურაბ ტყემალაძეს ეკუთვნის.  

მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმლძღვანელი კიდევ ერთხელ და პირდაპირ, ამბობს, რომ შესაძლო ხანგრძლივი სტაგნაციის პირობებში ბიზნესის გადასარჩენად საჭიროა, შეღავათების ამოქმედება.

„ბიზნესისთვის ვადის კიდევ გახანგრძლივება ძალიან ცუდი იქნება. ასამოქმედებელია ბევრი სახის შეღავათი. ბიზნესიდან ფულის ამოღება უნდა შეწყდეს ან გადავადდეს. დაგროვებით საპენსიო სისტემაში გადარიცხვა უნდა შეჩერდეს. ნებისმიერი ის ვალდებულება, რომლის გრაფიკით გაწერა შესაძლებელია უნდა დაგრაფიკდეს. გარდა ამისა, საჭიროა, სახელმწიფომ დაიწყოს შეზღუდვების გაუქმება იმ სექტორებში, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შესაძლებელია... თქვათ, თუნდაც საოფისე მუშაობა...“, - აცხადებს მიხეილ ჭელიძე.

საგულისხმოა, რომ დაწესებულ შეზღუდვებზე ბიზნესმენთა ამგვარ პოზიციას ანალიტიკურ წრეებში ნაკლებად იზიარებენ. არის მოსაზრება, რომ რაც უფრო სწრაფად დასრულდება კარანტინი, მით უფრო სწრაფად დაიწყება ეკონომიკის გამოცოცხლება და პირიქით – რაც უფრო რბილი და ხანგრძლივი იქნება კარანტინის პირობები, მით უფრო ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობას მივიღებთ.

„კარგად უნდა გავიგოთ, რომ რაც უფრო მკაცრად შევზღუდავთ და მკაცრი რეგულაციები გვექნება, მით უფრო მალე მოვახერხებთ ეკონომიკური სექტორების გამოცოცხლებას. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება. თუ გვექნება რბილი რეგულაციები და სანახევროდ შემოღებული შეზღუდვები, ეკონომიკის შენელების პროცესი უფრო დიდხანს გაგრძელდება. ანუ ეს გარკვეულწილად ზიარჭურჭლის პრინციპს ჰგავს და დღეს რაც მეტად შევიზღუდავთ თავს, მოვითმენთ და დავრჩებით სახლში, მით უფრო მალე შევძლებთ, ავამოქმედოთ ეკონომიკა...“, –  აცხადებს ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი.

ამასობაში მოქალაქეებზე კრედიტის გაცემის პროცედურები გამარტივდა. როგორც ეროვნულ  ბანკში ამბობენ, განხორციელდა ტექნიკური ხასიათის ცვლილებები და მომავალში საბანკო რეგულაციები უფრო მოქნილი იქნება. ამიერიდან კომერციული ბანკები თავად დააწესებენ კლიენტის შემოწმების წესებს და ერთიანი სტანდარტით აღარ იხელმძღვანელებენ... თუმცა, სიახლე მხოლოდ ეს როდია... კობა გვენეტაძის უწყების ამ გადაწყვეტილების დეტალებსა და მათ შესაძლო საფინანსო-ეკონომიკურ შედეგებზე უახლოეს დღეებში ვისაუბრებთ, მანამდე კი, კიდევ ერთხელ ძირითად საკითხს დავუბრუნდები.

ანალიტიკოსთა შეფასებით, სამთავრობო სტრატეგია ამ ეტაპისათვის ოპტიმალურია, მაგრამ ყველა არსებული ინსტრუმენტი კრიზისის შემდგომი პერიოდის გრძელვადიან სტრატეგიაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ქვეყანა მხოლოდ, სწორი სტრატეგიის პირობებში, შეძლებს ამ რთული ვითარებიდან მინიმალური დანაკარგებით გამოსვლას... ის რომ დანაკარგები იქნება, საკამათო არ არის. სტატისტიკური მონაცემებით, ფისკალური მაჩვენებლების გაუარესება უკვე დაწყებულია. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ექსპორტი 5.6 პროცენტით, იმპორტი კი 1.4 პროცენტით შემცირდა. მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ასევე შემცირდა უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა. კლება 9 პროცენტია. მსოფლიო პანდემიის ვითარებაში ძნელი არ არის ვივარაუდოთ, რომ ეს და სხვა მაჩვენებლები კიდევ უფრო გაუარესდება... ვინც წინასწარ მომზადებულია, ყველაზე კარგად შეირაღებულიც ის არის, − ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის, ეს ძველი რომაული სიბრძნეა და ვეჭვობ, მისი კარგად გააზრებაა საჭირო...

 

მთავარი თემები