წყაროზე ნათქვამი... ანუ ვინ მიდის და ვინ დარჩება?

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მთავრობის კანცელარია
საქართველოს მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიდის თუ არა გიორგი გახარია, ვინ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის პოსტს, შედგება თუ არა ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად მეორედ მოსვლა, ვის ემუქრება მინისტრის სავარძელთან განშორება და, ბოლოს, რას ამბობენ წყაროზე – როდის მოვა და რას მოიტანს გაზაფხული?

სამსონ ხონელი

დიდი დრო არ გასულა... თებერვლის შუა რიცხვებში ბანკირების საგაზაფხულო მოლოდინებსა და გათვლებზე ვწერდი. მკითხველს ემახსოვრება, ვთქვი, რომ საფინანსო სექტორში მარტის თვიდან საბანკო რეგულაციების გამარტივებას ელიან, იმედი აქვთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლის შემოდგომიდან დაწესებული საკრედიტო შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნება და სესხის გაცემის პროცედურები გაიოლდება. შედეგად – გაიზრდება კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი, შემოსავალი და, რაც მთავარია, მოგება... თუმცა, საბანკო სექტორის საგაზაფხულო გათვლები ჯერ რა სალაპარაკოა, როცა საზოგადოების დიდი თუ მცირე ნაწილი მარტში დაგეგმილი სამთავრობო ცვლილებების მოლოდინშია...  

ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო
ბანკირების საგაზაფხულო გათვლები... ვინ რას ელის და ვის რისი იმედი აქვს?  

ფაქტია, უკვე რამდენიმე დღეა წყაროზე, ანუ ხალხში ამბობენ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ბრუნდება, ხოლო გიორგი გახარია, ერთ-ერთი ვერსიით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩაიბარებს... მთავრობის თავმჯდომარე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. „დაელოდეთ გაზაფხულს, მალე მოვა“, − ბრძანა გიორგი გახარიამ და მისთვის ჩვეული სარკაზმით დასვა წერტილი. თუმცა მხოლოდ ეს როდია. იმასაც ამბობენ, რომ მმართველი გუნდი მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე განახლებული შემადგენლობით წარდგება. კაცმა რომ თქვას, რა გასაკვირია, აბა ერთსა და იმავე სახეებს მტერმა უყურა − ბრძანებს მკითხველი და მართალიც იქნება. ერთი სიტყვით, წყაროზე უთქვამთ, რომ იუსტიციის მინისტრი სამთავრობო გუნდს ტოვებს. თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ათეულში იქნება და პოლიტიკურ მოღვაწეობას უკვე პარლამენტში გააგრძელებს... საინტერესოა, თავად რას ფიქრობს? „გაზაფხულს დაველოდოთო, გიორგი გახარიამ რომ ბრძანა, ალბათ გულისხმობდა, რომ გაზაფხულზე ია აყვავდება“, − იხუმრა თეა წულუკიანმა. „მე არ ვიცი, ვიქნები თუ არა სიაში, ეს არის სიმართლე. მე არ ვიცი, სამინისტროში ვიქნები თუ სახლში“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 Expo GEORGIA - Sputnik საქართველო
ცოტა ღვინო, ცოტაც თხილი... კიდევ რას ვყიდით მსოფლიო ბაზარზე?

საპარლამენტო კულუარებში ჯიუტად ამტკიცებენ, რომ თანამდებობის დატოვება მოუწევთ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს. თუმცა, თავად პარლამენტის თავმჯდომარეს მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია არ აქვს. „ოდესღაც, რომელიღაც გაზაფხულზე ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ამ გაზაფხულის მოსვლამდე არის ერთი კვირა. მთავრობა და ხელისუფლება გააგრძელებს სტაბილურად საქმიანობას. ჩვენ ვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის“, − განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნიც. „არ არის საუბარი სამთავრობო ცვლილებებზე. დღეს ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერ-მინისტრი, ჰყავს მთავრობა, რომელიც მუშაობს არსებული გამოწვევების საპასუხოდ“, − განაცხადა კახა კალაძემ.

ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო
მთავარი ბანკის გადაწყვეტილება და გახარებული მსესხებლები...

განსხვავებულია ანალიტიკოსების შეფასებები. მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეს პრემიერ-მინისტრის შეცვლა მმართველი გუნდისთვის მომგებიანი არ უნდა იყოს.

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე: „პრემიერ-მინისტრების ხშირ ცვლას საზოგადოებაში მთელი რიგი უარყოფითი მოლოდინები მოჰყვება ხოლმე. ყოველი ახალი პრემიერ-მინისტრის მოსვლის შემდეგ სამთავრობო ვერტიკალსა და სახელმწიფო აპარატში იწყება გარკვეული საკადრო ცვლილებები, რაც ხალხში არასტაბილურობის განცდას აჩენს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ გიორგი გახარია მოსალეობის გარკვეული ფენების სიმპათიით სარგებლობს. ეს კი არჩევნების წინ მნიშვნელოვანი ფაქტორია... გარდა ამისა, გიორგი გახარიას ცვლილება გამოიწვევს ჩრდილოვანი მმართველობის შესახებ უკვე მრავალჯერ გაჟღერებული ბრალდების კიდევ უფრო მწვავედ დაყენებას. გაუგებარია, პრემიერ-მინისტრები, რომლებიც ქვეყანაში პირველი პირები არიან, რატომ უნდა მიდიოდნენ ასეთი სისწრაფით?! წესით, მმართველ გუნდს ასეთი გადაწყვეტილებები არ უნდა აწყობდეს“.

თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
სურვილები ციფრებში... ვინ საით უბერავს, ვის რა უნდა და რატომ?

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, ამ ეტაპზე მმართველი გუნდი პრემიერ-მინისტრისა და, ზოგადად, მთავრობის შემადგენლობის შეცვლაზე კი არა, საარჩევნო სიის ფორმირებასა და ახალი სახეების მოძიებაზე უნდა ზრუნავდეს.   

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე: „მეეჭვება, არჩევნების წინ მომგებიანი იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების განახლება. არის სიტუაცია, როდესაც რთული მონაკვეთი იმავე შემადგენლობით უნდა გაიარო. გაცილებით მნიშვნელოვანია საპარლამენტო არჩევნებისთვის სიის განახლება. ეს ძალიან ფრთხილად, სტრატეგიულად და საფუძვლიანად არის გასაკეთებელი, თანაც უამრავი ნიუანსის გათვალისწინებით. როგორი სახეებით დაკოპლექტდება „ქართული ოცნების“ გუნდი – ეს ჯერ, ვეჭვობ, რომ თავადაც არ იციან და ამ მიმართულებით მმართველ პარტიას ნამდვილად ბევრი აქვს სამუშაო“.

არის განსხვავებული მოსაზრებაც. პოლიტოლოგთა ნაწილი ფიქრობს, რომ მმართველი გუნდის შემადგენლობის განახლება საჭიროა, თუმცა მას პირველ რიგში უნდა ჰქონდეს იდეოლოგიური საფუძველი.  

პენსიონერი დეზერტირების ბაზართან - Sputnik საქართველო
ნაბახუსევზე მივიწყებული ამბავი, ანუ ღირსეული სიბერის ისტორია

პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა: „თავის დროზე, როდესაც არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, ლიბერალურმა წრეებმა კოალიციის სახით თავს მოგვახვიეს სოროსის სკოლაგამოვლილი ხალხი. ასევე 2016 წელსაც ლიბერალები და სოროსის ბიზნეს-პარტნიორები იყვნენ კოალიციაში. დღეს მთელ მსოფლიოში ვითარება იცვლება, ლიბერალების და გლობალისტების წინააღმდეგ მიდის აქტიური დაპირისპირება. ეს პროცესი ჩვენშიც დაწყებულია. ამიტომ თუ მმართველი პარტია განახლებას აპირებს, ეს უნდა იყოს იდეოლოგიურ საფუძველზე განახლება. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა ჩამოიშოროს ის ლიბერალები, რომლებიც, პირდაპირ ვთქვათ, მოსახლეობაში არ არიან პოპულარულები. ასევე გადასახედია ლიბერალური დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს თავს მოახვიეს და კონკრეტული კანონების სახით მიაღებინეს. ეს უსათუოდ გააძლიერებს „ქართული ოცნების“ პოზიციებს საპარლამენტო არჩევნებისთვის და შემდგომშიც“.

დასკვნის დროა. როგორც იკვეთება, ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში აღმასრულებელ ხელისუფლებას რადიკალური ცვლილებები არ უნდა შეეხოს. მათივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა, პირველ რიგში, საპარლამენტო გუნდის განახლებაზე უნდა იზრუნოს. პოლიტოლოგების ერთი ნაწილი კატეგორიულია და აცხადებს, რომ იდეოლოგიის ცვლილების გარეშე პერსონალიების ცვლილებას აზრი არა აქვს...

საპროტესტო აქციაზე - Sputnik საქართველო
უფრო გრძელი სია დავდო?... ანუ პოლემიკა უწყინარი პოსტის გამო...

ორიოდე სიტყვას თავადაც მოგახსენებთ, არახალია, რომ საპარლამენტო წარმომადგენლობისა თუ მთავრობის შემადგენლობის ცვლილება შეიძლება იყოს წარმატებული და წარუმატებელიც, მაგრამ მთავარია არა საკადრო ცვლილება, არამედ მისი შედეგი – რა რეაქციას გამოიწვევს მოსახლეობაში და რამდენად მოიზიდავს ის ახალ ელექტორალურ რესურსს. ხალხს მოთხოვნა აქვს პოლიტიკის და არა პიროვნებების ცვლილებაზე. ასე რომ, მმართველი გუნდი, ვფიქრობ, პირველ რიგში სწორედ ამ მიმართულებით უნდა ჩამოყალიბდეს...

ყველა ახალი ამბავი
0