უფრო გრძელი სია დავდო?... ანუ პოლემიკა უწყინარი პოსტის გამო...

© Sputnik / Shota Nozadzeსაპროტესტო აქციაზე
საპროტესტო აქციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო ბიუჯეტი და პოლიტიკური პარტიების ყულაბა... ვის რამდენი და რატომ... რას ფიქრობს ხალხი... პოსტი სოციალურ ქსელში და მძაფრი რეაქცია... შეიცვლება თუ არა თამაშის წესები?

სამსონ ხონელი

გამოგიტყდებით, ბოლო ჟამს ერთი მავნე ჩვევა დამჩემდა... მხოლოდ ერთი? − შესაძლოა, ირონიული ტონით ჩამეძიოთ... „დაცინვას კაცი არ მოუკლავს...“, − გეტყვით საპასუხოდ და განვაგრძობ თხრობას. აშკარად ვატყობ, ვირტუალურ სამყაროს სულ უფრო მეტ დროს ვუთმობ... რატომ, ცხოვრებას ხომ არ გაურბიხარ? − დაინტერესდება მკითხველი და რა გაეწყობა, არც ამ რეპლიკას დავტოვებ უპასუხოდ. ის პარალელური სამყაროც ხომ ჩვენი შექმნილია, იქაც ის გვხვდება, რასაც აქ ვტოვებთ და პირიქით. ასე რომ, „გაქცევა“ შეუძლებელია... ფაქტია, სოციალურ ქსელში მოგზაურობა ცხოვრების წესად იქცა. ვის რა მოტივი აქვს? სხვისი არ ვიცი, მე კი, ძირითადად, პროფესიული ინტერესი მამოძრავებს. დიახ, არ დავმალავ, რომ კომპიუტერის კლავიატურას ხშირად მორიგი „ექსკურსიიდან“ შთაბეჭდილებებით დაბრუნებული მივუჯდები ხოლმე და მორიგი სტატიაც იწერება. ასე ახლაც...

ყურადღება „ფეისბუქის“ უწყინარმა პოსტმა მიიქცია... „მე არ მინდა ჩემი გადასახადებიდან ბიუჯეტმა ხელფასი უხადოს ბოკუჩავას, ხოშტარიას, ქებურიას, ნადირაშვილს და ბოკერიას!...“, − ამ სიტყვების ავტორი ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გახლავთ. არა, მგონი, შევცდი. პატივცემული ექსპერტის ეს ნააზრევი ყველასთვის როდი აღმოჩნდა უწყინარი... კომენტარებმა არ დააყოვნა. რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ. ავტორთა ვინაობას არ დავასახელებ, ანალიტიკოსის პირადი გვერდი ღიაა და ყველა დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია, თავად გაეცნოს... მაშ ასე, სტილი დაცულია...

„არც მე!...“, „არც მე!...“, „არც მე!...“, − პირველმა სამეულმა ანალიტიკოსს ლაკონურად მხარი დაუჭირა. „ვაა, რა ერთნაირად ვფიქრობთ, ცოტა ხნის წინ მეც ეს დავწერე...“, − ამაყად ჩაერთო შემდეგი. „და არა მხოლოდ მათ!...“, − მიანიშნა მომდევნომ. „არ მინდა, ვუხადო, თალაკვაძეს, ფოხანაშვილს, კუხიანიძეს, დავითულიანს... მორჩა, არც „ნაცი“ მინდა და არც „ქოცი“...“, − დააკონკრეტა მეექვსემ. „სავარაუდოდ, არ არსებობს საამისო მექანიზმი, მაგრამ სასტიკად ვეწინააღმდეგები ნაცსექტის ჩემი გადასახადიდან დაფინანსებას...“, − კატეგორიული იყო მეშვიდე. „რატომ ვუხდით?... პარტიები პარტიის წევრებმა უნდა შეინახონ, ბიზნესმენებმა დააფინანსონ თავიანთი ფავორიტი პოლიტიკური ძალები... მესამე სექტორმა კი გრანტები მოიძიოს!...“, − რეპლიკის ავტორი გასცდა თემას და გადაწვდა არასამთავრობო ორგანიზაციებს. „არც მე!...“, − მეათემ სათქმელი ლაკონურად გამოხატა. „ოხანაშვილს, მათიკაშვილს, კალაძეს და კობახიძეს კი, ხო?...“, − ჩაეკითხა ავტორს მეორე ათეულიდან პირველი. ზაალ ანჯაფარიძე მოკლე რეპლიკით შემოიფარგლა, ბრძანა, ვისაც ვინ სურს, ის დაასახელოსო და პასუხმა არ დააყოვნა. „თალაკვაძეს და მდინარაძეს დავამატებდი...“, − დააზუსტა მეთორმეტემ. „რა პრობლემაა? ჩათვალეთ, რომ თქვენი გადახდილი გადასახადებიდან ხელფასს უხდიან ოქრიაშვილს, კაკულიას, ყაველაშვილს, პაპუაშვილს, მაჭავარიანს, ვოლსკის, ხალვაშს. განა ამდენს რას ვიხდით?!...“, − პოლემიკაში ჩაერთო პროფესიით ჩემი კოლეგა, ჟურნალისტი... პირობას არ დავარღვევ, ვინაობას არ გავამხელ. „არსებითი არ არის, რამდენს ვიხდით? არსებითია, რატომ ვიხდით?...“, − კოლეგას გამოეხმაურა კოლეგას. „უფრო გრძელი სია დავდო?...“, − დაისვა კითხვა, თუმცა უპასუხოდ ის დარჩა. „რატომ უხდიან? პარლამენტში არ დადიან, ააყროლეს რუსთაველი... მოაშორეთ ყველა და დადგით ნაძვის ხე!...“, − გაისმა მოწოდებაც. შეისმენს თუ არა ვინმე, ამას დრო გვიჩვენებს. „პოლიტიკური ჭაობის საბიუჯეტო უზრუნველყოფა დავასრულოთ!...“, − ტონი თანდათან გამკაცრდა. ერთსაც მოვიშველიებ... „პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსება უნდა შეწყდეს!...“ დროა, აქ დავსვა წერტილი.    

დარწმუნებული ვარ, ანალიტიკოსის პოსტზე „ფეისბუქის“ მომხმარებლების გამოხმაურების პათოსი თქვენამდე მოვიტანე. დავსძენ, რომ ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებამ და მის გარშემო გამართულმა პოლემიკამ თქვენთვის მოცემული ერთი პირობა გამახსენა. დაახლოებით ათი დღის წინათ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები მიმოვიხილე. სტატიის მიწურულს აღვნიშნე, რომ პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო სექტორი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14.3 მილიონ ლარს მიიღებს. დავსვი კითხვა − რატომ? და დავაანონსე, რომ პასუხს კითხვაზე უახლოეს მომავალში მოვიძიებდით. ერთი სიტყვით, ახლა დანაპირების შესრულებას ვეცდები. ყურადღებას პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხზე გავამახვილებ... მესამე სექტორისთვის სხვა დროს მოვიცლი...

სახელმწიფო ბიუჯეტი უნდა აფინანსებდეს თუ არა პოლიტიკურ პარტიებს? − ხალხისთვის ეს არავის უკითხავს. სავარაუდოდ, პასუხი წინასწარ იცოდნენ და იციან. მიუხედავად ამისა, არ ვიფიქროთ, რომ ვინმე თავნებობს. საკითხს კანონმდებლობა არეგულირებს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მიზანიც კარგად გაწერილია. კითხულობ და გულს უხარია. „პოლიტიკური დაფინანსების სფეროში კორუფციის თავიდან აცილება, ასევე კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შექმნა...“ პარტიების ბიუჯეტბის საბიუჯეტო დაფინანსების პრინციპიც არ არის უცხო. კვალიფიციური პარტიის სტატუსი აუცილებელი პირობაა. 2018 წლიდან პროცედურა გამარტივდა. დეტალური აღწერა შორს წაგვიყვანს. ინფორმაცია საჯაროა და მკითხველს შეუძლია, თავად გაეცნოს. რაც შეეხება ყოველწლიური დაფინანსების მოცულობას, ის  ფორმულით განისაზღვრება. საბაზო დაფინანსება 300 ათასი ლარია, მაგრამ არჩევნებში მიღებული ხმებისა და პარლამენტში მოპოვებული მანდატების რაოდენობის შესაბამისად, პარტია დამატებით თანხას მიიღებს. დაფინანსება გაიზრდება თუ წარდგენილ საარჩევნო სიაში გენდერული ბალანსი იქნება დაცული... მკითხველს შევახსენებ, რომ ბიუჯეტიდან ფინანსდება ფასიანი პოლიტიკური რეკლამაც. პარტიებს შეუძლიათ, მიზნობრივი დაფინანსებაც მიიღონ კვლევების, კონფერენციების, მივლინებების, ამომრჩეველთა სამოქალაქო და საარჩევნო განათლების დასაფინანსებლად.  

საინტერესოა, პოლიტიკური პარტიები როგორ იყენებენ საბიუჯეტო დაფინანსებას და რას ხმარდება ჩვენი, გადამხდელთა, გადასახადები? კითხვაზე საპასუხოდ აუდიტის სამსახურის მონაცემები უნდა მოვიშველიოთ. მივყვეთ თანმიმდევრულად და მოთმინებით აღვივსოთ. გასულ წელს პოლიტიკურმა პარტიებმა ბიუჯეტიდან 11.6 მილიონი ლარის დაფინანსება მიიღეს. ეს თანხა ცხრამეტ პოლიტიკურ პარტიაზე გადანაწილდა.

მიზნობრივმა დაფინანსებამ 8.7 მილიონი ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი 2.080 მილიონი ლარის საბიუჯეტო დაფინანსება მმართველ პარტიას აქვს. „ნაციონალური მოძრაობა“ ბიუჯეტიდან 2.039 მილიონ ლარს, ხოლო „ევროპული საქართველო“ 2.036 ლარს იღებს. საბიუჯეტო დაფინანსებას, წესით, „პატრიოტთა ალიანსიც“ არ უნდა უჩიოდეს. ის 1.2 მილიონ ლარს ღებულობს. ხოლო მიზნობრივი დაფინანსების სახით, მათი შემოსავალი 337 576 ლარია. კიდევ უფრო  საინტერესო ვითარებაა პარტიებში, რომელსაც ერთი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს, მრავალი წელია მოღვაწეობს, მაგრამ წლიდან წლამდე არჩევნებში ყველაფერს აგებს... მუდმივად უყალბებენ და იმიტომ, − ალბათ, მიმანიშნებს მკითხველი. ხუმრობას არ შევიმჩნევ... „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გასულ წელს ჯამში 1 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. შემოსავლის უდიდესი ნაწილი, თითქმის რვაასი ათასი ლარი შრომის ანაზღაურებაზე დახარჯა. მშრომელების ლიდერმა იცის შრომის ფასი და რა გინდა რომ ქნა? აფერუმ მის ნიჭსა და უნარს. „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, ამ პარტიამ სახელმწიფოსგან გასული წლის განმავლობაში 1.1 მილიონი ლარის დაფინანსება მიიღო და 863 ათასი ლარი ხელფასის სახით გაანაწილა. „თავისუფალი დემოკრატების“ გასული წლის საბიუჯეტო დაფინანსება 1 მილიონი ლარი იყო. ხელფასებზე პარტიამ 780 თასი ლარი დახარჯა. მეოთხედ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო დაფინანსება ერგო ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ პარტიას „დემოკრატიულ მოძრაობა − ერთიანი საქართველო“... ნახევარი მილიონი ლარით დაფინანსდა კახა კუკავას „თავისუფალი საქართველო“...

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური არია უიღბლო გამოდგა, თუმცა მისი ყოფოლი დასი „სახელმწიფო ხალხისთვის“ ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარის დაფინანსებას ღებულობს... ბიუჯეტიდან ჯამში 496 ათასი ლარით ფინანსდება „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“, რომელსაც საბიუჯეტო ასიგნებათა გარდა სხვა შემოსავალი არ აქვს და მიღებული თანხები მხოლოდ ხელფასებზე და მივლინებებზე იხარჯება. საბიუჯეტო დაფინანსებით მიღებულ თანხებს სახელფასო ფონდში წარმართავს „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა“ და „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“. მათი დაფინანსება შესაბამისად 707 ათასი და 504 ათასი ლარია. „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ ორივეს უსწრებს. მისი დაფინანსება 897 ათას ლარს შეადგენს...

ერთი სიტყვით, პოლიტიკური პარტიები საბიუჯეტო დაფინანსების უდიდეს ნაწილს ხელფასებსა და მივლინებებში ხარჯავენ... ერთხელ ვთქვი და გავმეორდები, გასაგებია, პოლიტიკური პარტიების განვითარების, ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ფორმირების სურვილი, მაგრამ მრავალი წელია, რაც  ეს მცდელობა უკუშედეგს იძლევა და ეგება, დროა, პოლიტიკურ პარტიათა საბიუჯეტო დაფინანსების მიზანშეწონილობის საკითხზე დავფიქრდეთ. ბოლოში გავედი და მხოლოდ ახლა გამახსენდა, მგონი, პირობა დავარღვიე, აკი ერთი თვის წინათ ვთქვი, პოლიტიკისკენ არ გავიხედავდი... თუმცა, ვეჭვობ, საბიუჯეტო სახსრებით პოლიტიკურ პარტიებში ხელფასების გაცემა პოლიტიკის სფეროდან იყოს...      

 

ყველა ახალი ამბავი
0