სამსონ ხონელი
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი დათქმულ დროს შეიკრიბა. არც ვერდიქტმა დააყოვნა... კობა გვენეტაძის უწყებამ რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 9 პროცენტზე დატოვა. არადა, მილოდინი სხვაგვარი იყო... გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული ქვეყნის მთავარმა ბანკირმა რამდენჯერმე, ხაზგასმით აღნიშნა, მონეტარული პოლიტიკა მომავალშიც გამკაცრდებაო... მახსოვს, დაისვა კითხვა − კი, მაგრამ, მაინც როდემდე?!.. „მანამდე, სანამ ლარის გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა არ განეიტრალდება...“, − მკაფიო იყო კობა გვენეტაძის პასუხი. ახლა ის დროა, გავარკვიოთ, რატომ შეიცვალა პოზიცია, რა არის მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი და არგუმენტები... ამ კითხვას თავად ეროვნული ბანკი პასუხობს...
„ეროვნულმა ბანკმა გასული წლის სექტემბრის თვიდან პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო და შედეგად, დეკემბერში ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი მცირედით გამყარდა. ამან კი ინფლაციაზე ზრდის წნეხი შეამცირა...“, − ასეთია კობა გვენეტაძის უწყების პოზიცია. რაც შეეხება საბანკო სფეროს სპეციალისტებსა და ექსპერტებს, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც ანალიტიკურ წრეებში აღნიშნავენ, იანვრის ინფლაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ უცნობია და ეროვნულმა ბანკმაც მკვეთრი ზომების მიღებისგან, სწორედ ამ მიზეზით შეიკავა თავი. მეტიც, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე მომდევნო პერიოდში ეროვნული ბანკისგან გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ელის. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია იანვრის ინფლაციის მაჩვენებლის მონიტორინგი, კერძოდ რამდენად ახლოს იქნება ის მიმდინარე წლის სამიზნე მაჩვენებელთან...
ერთი სიტყვით, გადაწყვეტილება მიღებულია... შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების ერთ ნაწილს უნდა მივულოცოთ... რატომ? − სავარაუდოდ, ჩამეძიება მკითხველი და რა გაეწყობა, მეც განვმარტავ... ხუმრობა ხომ არ არის, 116100 მომხმარებელს, რომელთა კრედიტებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, სესხზე პროცენტი არ ეცვლება. თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსალოდნელი იყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთის გაზრდა, იმედი მაქვს, მილოცვის საფუძველი მარტივად გასაგებია. რაკი ცვლად საპროცენტო განაკვეთებზე მიბმული სესხები ვახსენეთ, უფრო დეტალურად მიმოვიხილოთ მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სულ რა მოცულობის სესხია გაცემული, როგორი იყო საშუალო საპროცენტო მაჩვენებელი და რას მოხმარდა საბანკო სექტორის საკრედიტო რესურსი. ვიცი, მარტივი არ არის, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მონაცემებს მოვიშველიებ. თანმიმდევრულად მივყვეთ...
2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სულ 116100 სესხია გაცემული. აბსოლუტური უმრავლესობის პროცენტი რეფინანსირების განაკვეთზეა დამოკიდებული. დღესდღეობით, 6147.77 მილიონი ლარის მოცულობის სესხია გაცემული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ერთ თვეში, 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე, გაცემული სესხების რაოდენობა 1800-ით გაიზარდა, ხოლო მთლიანი საკრედიტო პორტელის მოცულობამ 87.77 მილიონი ლარით მოიმატა. საინტერესოა, რა ტიპის სესხებია გაცემული და რომელი მათგანი დომინირებს საერთო საკრედიტო პორტფელში?..
116100 ხელშეკრულებიდან რაოდენობრივად ყველაზე მეტი, 43100 კრედიტი უძრავი ქონებით არის უზრუნველყოფილი. სულ 1933.95 მილიონი ლარის ე.წ. იპოთეკური სესხია გაცემული, საშუალოდ 11.6 პროცენტში. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ მეორე პოზიცია ე.წ. ბიზნესსესხებს უკავია. ამ ტიპის 36400 სესხია გაცემული. მოცულობა 3186.55 მილიონი ლარია... მცირე და საშუალო ბიზნესი ბანკებმა
საშუალოდ 14.13 პროცენტში 1095.85 მილიონი ლარით დააფინანსეს, მსხვილი ბიზნესი კი საშუალოდ 11.89 პროცენტში 2090.70 მილიონი ლარით დააკრედიტეს. სამომხმარებლო სესხი მხოლოდ მესამე ადგილზეა. ამ ტიპის სულ 32800 კრედიტია გაცემული. ჯამური მოცულობა კი 789 მილიონი ლარია. სამომხმარებლო კრედიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 15.3 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მცირე რაოდენობით ავტოსესხია გაცემული. 900 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 14.465 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 14.97 პროცენტში გაასესხეს. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 2800 სესხის მიზნობრიობა უცნობია. მათი მთლიანი მოცულობა კი 78.174 მილიონი ლარია. და ბოლოს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი 2643.44 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები 12.18 პროცენტიდან 12.49 პროცენტამდე გაიზარდა... ვეჭვობ, ციფრების სიმრავლით მკითხველი დავღალე და თუკი ასეა, ბოდიში მომიხსენებია...
ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ, რომ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების სტრუქტურა საგრძნობლად შეცვლილია. სამომხმარებლო სესხმა მთლიან საკრედიტო პორტფელში ლიდერის პოზიცია დათმო. ჯერ კიდევ ახლო წარსულში ამ ტიპის სესხების ხვედრითი წილი საერთო მოცულობაში გაცილებით მაღალი იყო. როგორც საფინანსო სფეროს სპეციალისტები და ექსპერტები აღნიშნავენ, საბანკო რეგულაციებმა ყველაზე მეტად სწორედ სამომხმარებლო სესხებს დაარტყა. ახალ ვითარებაში ბანკებმა საკრედიტო რესურსი ბიზნესის დასაფინანსებლად მიმართეს. საინტერესოა, რა შედეგი მოჰყვება საბანკო სისტემაში გამკაცრებული წესების გადახედვას. შეგახსენებთ, რომ მარტის თვიდან რეგულაციების გამარტივებაა მოსალოდნელი. ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით, როცა თამაშის წესების გადასინჯვის მასშტაბებს შევიტყობთ. ამ ეტაპზე, როგორც ამას კობა გვენეტაძე აცხადებს, ბიუროკრატიის გამარტივების მიზნით ტექნიკური ხასიათის ცვლილებები იგეგმება...
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა გაზაფხულზე, 18 მარტს არის ჩანიშნული და სავარაუდოდ, სწორედ მაშინ გაირკვევა, გამართლდება თუ არა ანალიტიკოსთა დიდი ნაწილის ვარაუდი რეფინანსირების განაკვეთის შესაძლო შემცირების თაობაზე. ლოგიკურია, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იანვარ-თებერვლის ინფლაციის მაჩვენებელზე, რასაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ლარის კურსი. საინტერესოა, როგორია ეროვნული ბანკის პროგნოზი. კობა გვენეტაძის უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და დაკრედიტების მოცულობის მატება დაფიქსირდა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მაჩვენებლების დინამიკა დამატებით ინფლაციურ წნეხს შექმნის, ეს შეიძლება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნების წინაპირობა გახდეს. სხვა თანაბარ პირობებში კი, ინფლაცია მიმდინარე წლის უკვე დასაწყისიდან შემცირებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელსაც მიუახლოვდება. მონეტარული პოლიტიკა, მკაცრი დარჩება მანამ, სანამ საშუალოვადიანი ინფლაციის მოლოდინები მიზნობრივ სამ პროცენტამდე არ შემცირდება. ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზომიერი ზრდის ტემპი ნარჩუნდება. ასევე საგულისხმოა, რომ მიუხედავად ზაფხულის ჩავარდნისა, გასული წლის შემოდგომიდან ტურისტული შემოსავლების წლიური ცვლილება კვლავ დადებითია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელსაც გაგრძელდა წინა წლების ტენდენცია და მიმდინარე ანგარიშის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს... ეროვნული ბანკი გვპირდება, რომ მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს, ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად... ასე რომ, ვიყოთ მოლოდინის რეჟიმში...