სამსონ ხონელი
აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) თავისას არ იშლის და განწყობებს ითვლის. ჯიუტად იჩემებს, რომ ზუსტად იცის რას ფიქრობს ხალხი და საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებსაც პერიოდულად აქვეყნებს. არახალია − ბრძანებს მკითხველი და მართალიც იქნება...
ვეჭვობ, მრავალი წელია, კვლევის შედეგების არც დამკვეთს სჯერა და არც შემსრულებელს. მიუხედავად ამისა, ფაქტია, ჩვენში უყვართ ციფრებით თამაში. წინასაახალწლოდ კვალავაც დათვალეს, თადარიგი კი ადრიანად დაიჭირეს. საველე სამუშაოები ნოემბრის მეორე დეკადიდან დეკემბრის შუა რიცხვების პერიოდში ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს სახით წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 180 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის ავტორები გვარწმუნებენ, რომ ცდომილება მხოლოდ 1.9 პროცენტია. არადა, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგების ნაწილში, რეალობას წარსულში ნაკლებად ასახავდა, ცდომილება ორნიშნაც კი იყო... ნათქვამის დასტურად მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანს, დარწმუნებული ვარ, მოულოდნელი არაფერი მითქვამს. კარგი, მხოლოდ ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, NDI-ს კვლევის შედეგებით, მმართველ გუნდს გამოკითხულთა 15 პროცენტი უჭერდა მხარს. არჩევნებში კი „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 49 პროცენტი მიიღო... წარსულს გავეშვათ, ამჯერად რა არის ახალი? − ჩამეძიება მკითხველი. უცვლელი ტენდენცია ცვალებად ციფრებში. ჩვენში უმრავლესობას არავინ და არაფერი მოსწონს. თანმიმდევრულად მივყვეთ. ყურადღებას რამდენიმე კომპონენტზე გავამახვილებ.
სიახლით უნდა დავიწყოთ. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია, პირველად ბოლო ათი წლის განმავლობაში მოსახლეობის 59 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. დიახ, დემოკრატიასთან მიმართებაში საზოგადოებას დღეს უფრო კრიტიკული განწყობა აქვს, ვიდრე 2010, 2011 და 2012 წლებში ჰქონდა...
ბრძენ კაცს უთქვამს, „შიში შეიქმს სიყვარულსაო“. აღარ განვმარტავ, გამგები გაიგებს... ისე, ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე, დემოკრატიის არარსებობის პირობებში ხალხი საკუთარ პოზიციას თავისუფლად აფიქსირებს და სათქმელს ხმამაღლა აცხადებს. თავად განსაჯეთ, გამოკითხულთა 64 პროცენტი მთავრობის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს. 2019 წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 49 პროცენტი იყო.
ამთავითვე უნდა ითქვას, საგრძნობლად გაზრდილია სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის უარყოფითად შეფასების მაჩვენებლები. გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე ცუდად პარლამენტის საქმიანობას აფასებს. რესპონდენტთა 57 პროცენტი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობით უკმაყოფილოა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 48 პროცენტით გაიზარდა. საინტერესოა, მოსახლეობა რა კრიტერიუმებით აფასებს ხალხის რჩეულების მუშაობას? ამ კითხვას კვლევა არ პასუხობს, მაგრამ არის მკაფიო პასუხი სხვა კითხვაზე, კერძოდ, რას მოელით პარლამენტის წევრისგან? რესპონდენტთა უდიდესი ნაწილი – 73 პროცენტი მიიჩნევს, რომ დეპუტატი იმას გააკეთებს, რასაც მას პარტია ეტყვის...
რეკორდულად გაზრდილია და 45 პროცენტს შეადგენს სასამართლოების საქმიანობის შეფასების უარყოფითი მაჩვენებელიც. გასული წლის დასაწყისში კი ანალოგიური მაჩვენებელი 38 პროცენტი იყო, ხოლო 2015 წელს – მხოლოდ 12 პროცენტი. ასე რომ, სასამართლოების უარყოფითი შეფასება წლიდან წლამდე მზარდია. ასევე ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც პოლიციის საქმიანობასაც ნეგატიურად აფასებს. ასეთი გამოკითხული მოსახლეობის 19 პროცენტია, როცა შვიდი წლის წინ მხოლოდ 2 პროცენტი იყო. საკმარისია თვალი გადავავლოთ NDI-ს ბოლო ორი წლის კვლევის შედეგებს, ადვილად დავრწმუნდებით, რომ გასულ წლებთან შედარებით, ყველა სამინისტროს უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა. ამჯერად კონკრეტულ მონაცემებს არ მოვიყვან, დაინტერესებულ მკითხველს თავად შეუძლია გაეცნოს NDI-ს ვებ-გვერდზე. ერთს დავძენ, როგორც გამოკითხული მოსახლეობის 53 პროცენტი მიიჩნევს, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. იმედია, რომ ამჯერად მაინც რესპონდენტებმაც და კვლევის ავტორებმაც კარგად იციან, რა არის სწორი და რა არა...
მიმდინარე წელს ცხელი შემოდგომა გველოდება. ტემპერატურის ცელსიუსით მატებას არ ვგულისხმობ. ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია. მანამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ელექტორატი საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს, ჩამოყალიბდება, მივიდეს თუ არა საარჩევნო უბანში და ვის ანდოს ოთხი წლით ქვეყნის ბედი. არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს, NDI-ს კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 65 პროცენტი არჩევნებზე წავიდოდა. მეტიც, რესპონდენტთა 39 პროცენტმა ისიც კი იცის, ხმას ვის მისცემდა. კვლავაც ბევრია გადაუწყვეტელი ამომრჩეველი – 56 პროცენტი. კვლევის ამ მონაკვეთს დეტალურად წარმოგიდგენთ. გამოკითხული მოსახლეობის 49 პროცენტი ამბობს, რომ არსებობს პარტია, რომელიც მის შეხედულებებს ასახავს და ხმას მას მისცემდა. ხოლო რესპონდენტთა 34 პროცენტის აზრით, არსებული პარტიებიდან მის შეხედულებებს არც ერთი არ ასახავს და ამიტომაც არ ჰყავს რჩეული. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 33 პროცენტი წინა არჩევანის ერთგული რჩება და ხმას იმავე პარტიას მისცემდა, ვისაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისცა. რესპონდენტთა 23 პროცენტი იმავე პარტიას მხარს არ დაუჭერს. გამოკითხულთა 16 პროცენტი კი პოლიტიკურმა ამნეზიამ შეიპყრო, არ ახსოვს, 2016 წლის არჩევნებზე ვის მისცა ხმა. ცუდია, სულ უნდა გვახსოვდეს, ვის მივეცით და რატომ! რაკი სიტყვა მიცემის შესაძლო მოტივზე ჩამოვარდა, გეტყვით, რომ კვლევის ავტორები დაინტერესდნენ, რომელი საკითხია ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებში ხმის მიცემისას. გამოკითხულთა 38 პროცენტს არ დაუმალავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პარტიის ეკონომიკური პოლიტიკაა. ან რა არის დასამალი, ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას... მმართველ პარტიას გამოკითხულთა 20 პროცენტი მისცემდა ხმას. მომდევნო პოზიცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უკავია 13 პროცენტით. ხუთეულში არიან „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ 8 პროცენტით, „ლეიბორისტული პარტია“ 5 პროცენტით და „პატრიოტთა ალიანსი“ 4 პროცენტით. თუ კვლევის შედეგებს დავეყრდნობით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ერთჯერადად სამ პროცენტამდე დაწეულ ე.წ. საარჩევნო ბარიერს გადალახავდნენ პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველო“ და „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“. მათი მხარდაჭერაც სწორედ 3 პროცენტია. პარტიათა ჩამონათვალს 2 პროცენტით ასრულებს „გირჩი“, მას სანუკვარ ნიშნულამდე მხოლოდ 1 პროცენტი აშორებს...
პოლიტიკოსების რეიტინგს რომ გადავხედე, ერთი ანეკდოტი გამახსენდა: ექიმმა პაციენტი გასინჯა, რამდენიმე წუთით გარეთ დამელოდეთო, სთხოვა და თავისთან მისი მეუღლე იხმო. − პირდაპირ უნდა გითხრათ, თქვენი მეუღლის მდგომარეობა არ მომწონს. − ეჰ, ექიმო, მაი მეც დიდი ხანია არ მომწონს, მარა, ბალღებს უყვართ ნამეტნავად, − მიუგო დასტაქარს ავადმყოფის მეორე ნახევარმა... კვლევა ჩვენი დროების მარადიულ კითხვასაც პასუხობს. ეს რომელია? – სავარაუდოდ, დაინტერესდება მკითხველი. ბიძინა თუ მიშა? არ არის უცხო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული სწორედ ასე დგას საკითხი. NDI-ს კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი გამოკითხული მოსახლეობის 17 პროცენტს მოსწონს, ხოლო მიხეილ სააკაშვილი 26 პროცენტს. რაც შეეხება უარყოფითი შეფასების მაჩვენებელს, ამ შემთხვევაშიც 49 პროცენტით მმართველი პარტიის თავმჯდომარე „ლიდერობს“... კაცმა რომ თქვას, შეგვიძლია დავსვათ წერტილი. სხვა პოლიტიკოსთა რეიტინგები, თავისი მოწონება-არმოწონებით, მხოლოდ მთავარი კერძის ე.წ. „გარნირია“. ასე რომ, ქართული პოლიტიკური სამზარეულოს ვრცელ ჩამონათვალზე დეტალურად აღარ შევჩერდები. დარწმუნებული ვარ, კვლევის ავტორთა მთავარი გზავნილიც ეს არის. ძველი სჯობს ახალს. მავანთ, არ დავაკონკრეტებ, ვის ვგულისხმობ, ძალიან სურთ, წარმოაჩინონ ვითარება, თითქოს საზოგადოებისთვის კვლავაც მისაღებია ის, რაც უკვე იყო... არახალია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები ასახავს არა რეალურ განწყობებს, არამედ გარკვეული ჯგუფების სურვილებს...