04:22 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (595)
76 0 0

მთავრობის ღონისძიებები ბიზნესის მხარდასაჭერად კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ეკონომიკას მილიარდი ლარის ოდენობის სტიმულს აძლევს

თბილისი, 19 მარტი - Sputnik. საქართველოს მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებას აწარმოებს დამატებითი სახსრების მისაღებად, განუცხადა ქვეყნის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს.

საქართველოს მთავრობამ პარასკევს მიიღო გადაწყვეტილება, გადაავადოს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი, დააბრუნოს დღგ-ის ნაწილი და ფული მოახმაროს ინფრასტრუქტურას, რათა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ბიზნესის წარმომადგენლებს დაეხმაროს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებები მილიარდ ლარად შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზებისთვის.

„საერთაშორისო ორგანიზაციებმა ფინანსური პაკეტის მობილიზება მოახდინეს ახალი კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად. რა თქმა უნდა, ასეთი სახსრები საქართველოსთვისაც იქნება ხელმისაწვდომი“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გასული წლის დეკემბერში საქართველომ ერთი წლით გაახანგრძლივა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერის სამწლიანი პროგრამა, რომელიც 2021 წლის აპრილში დასრულდება.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოქმედი პროგრამის არსებობა მოულოდნელ საგარეო თუ შიდა შოკებთან გასამკლავებლად კარგ საშუალებას იძლევა. დღეს საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ უპირატესობის გამოყენებას აპირებს“, - ხაზი გაუსვა გვენეტაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველო მოლაპარაკებას აწარმოებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დახმარების გასაზრდელად.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდთან უკვე დავიწყეთ დისკუსია, მოქმედი პროგრამის ფარგლებში, ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაზრდასთან დაკავშირებით. სავალუტო ფონდისგან დახმარება, სხვა საერთაშორისო და ორმხრივი დონორებისგან ფინანსური დახმარების სწრაფად მიღების კარგ წინაპირობას ქმნის“, - განაცხადა გვენეტაძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა, საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა სელიმ ჩაქერმა აღნიშნა, რომ კმაყოფილია საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკით.

კორონავირუსის გამო საქართველოში ავტომობილების განბაჟებაზე შეღავათები დაწესდა>>

„ქართულ მხარეს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების ძლიერი გამოცდილება გააჩნია, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა უცხოური და ფისკალური რეზერვების შექმნა. მათი გამოყენება შეიძლება პოლიტიკური რეაგირების ნაწილი გახდეს საქართველოს ეკონომიკაში კორონავირუსის  ეკონომიკურ ეფექტსა და გავლენასთან საბრძოლველად“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, სსფ განაგრძობს პროდუქტიულ თანამშრომლობას და ღია, კონსტრუქციულ დიალოგს საქართველოს ხელისუფლებასთან.

„ჩვენ ერთად ვმუშაობთ შოკის ეფექტისა და გავლენის შესაფასებლად, დროული და გადამწყვეტი ნაბიჯების შესამუშავებლად, რათა პანდემიის ეკონომიკური ეფექტი განეიტრალდეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი  მზად არის, საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს ამ გამოწვევებით აღსავსე და რთულ ვითარებაში“, – განაცხადა სელიმ ჩაქერმა ერთობლივ ბრიფინგზე.

რას ითვალისწინებს ანტიკრიზისული პროგრამა

მსოფლიოში კორონავირუსის აფეთქების შემდეგ საქართველოს ტურისტული სექტორი სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. უკვე თებერვალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 0,7%-ით შემცირდა. ექსპერტები ელიან, რომ ვარდნა მარტშიც გაგრძელდება, განსაკუთრებით, იმის ფონზე, რომ საქართველოში იზრდება საშიში ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა.

საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 19 მარტისთვის ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული 40 შემთხვევაა გამოვლენილი. კარანტინში რჩება 1344 ადამიანი, სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ - 216 პაციენტი. ამ დროისთვის 40 ინფიცირებულიდან ერთი გამოჯანმრთელდა.

ტურიზმის სფეროში დასაქმებულ კომპანიებს - სასტუმროებს, რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებს, საექსკურსიო კომპანიებსა და სხვებს, მთავრობამ საშემოსავლო და ქონების გადასახადი 1 ნოემბრამდე გადაუვადა. ეს შეეხება 18 ათას კომპანიას, რომლებიც დღეს საქართველოში ოპერირებენ, და ამ კომპანიებში დასაქმებულ 50 ათას მოქალაქეს. მთავრობა გეგმავს ასევე, სასტუმროებს კრედიტების გადახდაში დაეხმაროს.

გარდა ამისა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დააბრუნოს 1,2 მილიარდი ლარის ოდენობის დღგ-ს დამატებითი მოცულობა.

მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის წასახალისებლად დამატებით დახარჯავს 300 მილიონ ლარს კაპიტალურ ხარჯებსა და ინფრასტრუქტურაზე. ქვეყნის ყველა კომპანია შეძლებს, კრედიტების რესტრუქტურიზაციით ისარგებლოს.

ეროვნულმა ბანკმა დაკრედიტების წესების გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო>>

„დღეს ზუსტად ვერავინ იტყვის, ერთ თვეს გაგრძელდება ეს კრიზისი, ორ თვეს თუ სამ თვეს. რასაკვირველია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კრიზისი სწრაფად დასრულდეს. თუ ის გაგრძელდება, ჩენი ღონისძიებები - ანტიკრიზისული და ეკონომიკის წამახალისებელი, გაგრძელდება. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმოქმედებთ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ანტიკრიზისული ღონისძიებები როგორც პანდემიასთან ბრძოლისათვის, ისე ეკონომიკის სტიმულირებისთვის, სრულ ჰარმონიაში იყოს რეგიონებთან, მეზობლებთან და გლობალურად“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული პროგრამის პრეზენტაციაზე.

მთავრობის პროგრამა ეგზოგენურ შოკებს შეამცირებს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ მთავრობის პროგრამა მიზნად ისახავს, შეარბილოს დარტყმა ეკონომიკაზე, რომელიც ეგზოგენური შოკებითაა გამოწვეული.

„ესაა გარეშე დარტყმები, რომლებიც მოქმედებს გლობალურ ეკონომიკაზე, და ვინაიდან ჩვენ ვართ ქვეყანა საბაზრო და ღია ეკონომიკით, რასაკვირველია, გლობალური შოკები ჩვენზეც მოქმედებს“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ბაირახტარმა.

მისი სიტყვებით, შეღავათები საშემოსავლო გადასახადზე და ქონების გადასახადზე - ეს ყველაფერი ეკონომიკისთვის ცუდი არაა.

„საგადასახადო შეღავათები კერძო სექტორს გაჯანსაღების შესაძლებლობას მისცემს, რადგან ბიზნესში მეტი ფულის დატოვება, მით უფრო ასეთ კრიზისულ ვითარებაში, ყოველთვის პოზიტიურია“, - აღნიშნა ეკონომისტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ჯერ არ გაუგია, საიდან დაბალანსდება ეს დანაკარგი ბიუჯეტში.

19 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით მთელ მსოფლიოში დაავადებულია 207 860 ადამიანი, გარდაცვლილია 8657 ადამიანი. ვირუსი 166 ქვეყანაში გავრცელდა.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (595)

მთავარი თემები