ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა არ გაამკაცრა

© Sputnik/ Alexander Imedashvili საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის შენობა
საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში  განიხილავს, თუ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

თბილისი, 18 მარტი - Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ისევ 9%-ს შეადგენს, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.

ბანკომატი  - Sputnik საქართველო
ბანკების ინიციატივა სესხების გადავადებაზე – ვის აძლევს ხელს შემოთავაზებული პირობები

რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია და ის ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენს საბაზრო განაკვეთებისათვის.

გადაწყვეტილება პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის ცვლილებაზე მიიღება მიმდინარე და მოსალოდნელ ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებზე დაკვირვების შედეგად.

იანვარ-თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 6,4% შეადგინა, მაშინ როცა მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. 

უწყების ცნობით, კომიტეტის წინა სხდომაზე არსებული პროგნოზებით მოსალოდნელი იყო, რომ ინფლაცია წლის დარჩენილ პერიოდში შემცირდებოდა და ეტაპობრივად მიზნობრივ დონეს დაუბრუნდებოდა. აღნიშნული შეფასება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას ითვალისწინებდა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიისა და მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა გლობალურად მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები შენელდება როგორც ჩვენ სავაჭრო პარტნიორებში, ისე საქართველოში, რის გამოც ამ ეტაპზე არსებული მონაცემების საფუძველზე, ზუსტი შეფასებების გაკეთება შეუძლებელია“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

სწრაფი გადახდის ტერმინალი - Sputnik საქართველო
ეროვნულმა ბანკმა კრედიტებზე შეღავათები დააწესა: ახალი წესები

უწყების ცნობით, იკვეთება ინფლაციაზე როგორც ზრდის, ასევე შემცირების მიმართულებით მოქმედი ფაქტორები.

„საქართველოშიც და რეგიონის სხვა ქვეყნებშიც სავალუტო ბაზრებზე მერყეობა მაღალია და ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით იმოქმედებს. ამავე დროს, შესუსტებული საგარეო მოთხოვნა ქვეყანაში ერთობლივ მოთხოვნას მნიშვნელოვნად ამცირებს, რაც ინფლაციაზე კლების მიმართულებით იმოქმედებს. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის დინამიკას ამ ორი ფაქტორის ურთიერთქმედება განსაზღვრავს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე. 

იმ შემთხვევაში, თუ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას განიხილავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ საგარეო და შიდა მოთხოვნის შემცირება იმდენად ძლიერი და გრძელვადიანი იქნება, რომ, კურსის გაუფასურების მიუხედავად, ინფლაციაზე დაღმავალ ზეწოლას შექმნის, ეროვნული ბანკი მზად იქნება დაიწყოს მონეტარული პოლიტიკის შერბილება.

თბილისი - Sputnik საქართველო
მსოფლიო ეკონომიკის კორონიზაცია და ჩვენებური ვარაუდები

„არსებული მაღალი გაურკვევლობის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიიჩნია საპროცენტო განაკვეთს უცვლელად დატოვება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება“, - ნათქვამია ვებ-გვერდზე.

ამასთან, ეროვნულმა ბანკმა მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდს, მის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში უახლოეს მომავალში საქართველოსთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაზრდასთან დაკავშირებით, რასაც ასევე დაემატება სხვა საერთაშორისო დონორების მიერ კორონავირუსის პანდემიის შედეგების შესარბილებლად გამოყოფილი სახსრები.

„ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საგარეო დისბალანსის აღმოფხვრას და ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსსა და, შესაბამისად, ინფლაციის საშუალოვადიან დინამიკაზე დადებითად აისახება“, - ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 29 აპრილს ჩატარდება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ვითარება საკმაოდ სწრაფად იცვლება, საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტი რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესაძლებლობასაც განიხილავს.

ყველა ახალი ამბავი
0