23:29 14 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2778
  • 100 RUB4.6307
  • USD2.9701
ბიძინა ივანიშვილი

რატომ წავიდნენ, გაუგებარია - ივანიშვილმა ბესელიას პოლიტიკური პერსპექტივები შეაფასა

© AFP / VANO SHLAMOV
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
სასამართლო სკანდალი საქართველოში (31)
16201

„ქართული ოცნებისგან“ განდგომილი ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა, მათ გაჩუმება აიძულოს

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ეჭვი შეიტანა იმაში, რომ დეპუტატები, რომელთაც მისი გუნდი დატოვეს, თავიანთი პოლიტიკური ამბიციების რეალიზებას შეძლებენ.

„ეშმაკი განხეთქილებისკენ გვიბიძგებს!“ – ივანიშვილის ახალი გზავნილი >>

საპარლამენტო უმრავლესობაში ვნებათაღელვა ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში დაიწყო. დეპუტატებს შორის სასამართლო რეფორმაზე კამათი მალე ურთიერთშეურაცხყოფაში გადაიზარდა და საბოლოოდ იქამდე მივიდა, რომ პარლამენტისა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა წევრმა ეკა ბესელიამ დემონსტრაციულად დატოვა პარტია.

გადაწყვეტილება მან თებერვალში, მას შემდეგ გამოაცხადა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა მის ინიციატივას საქალაქო, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის 2025 წლამდე შეჩერების შესახებ.

ბესელიას კვალდაკვალ უმრავლესობის რიგები დატოვეს გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა, გია ჟორჟოლიანმა, მირიან წიკლაურმა და კობა ნარჩემაშვილმა. შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

გვიან გამოფხიზლდნენ

ბესელიასა და პარტიიდან წასული სხვა დეპუტატების არგუმენტები ივანიშვილისთვის არადამაჯერებელი აღმოჩნდა.

„ღია კარის მტვრევით წავიდნენ და ამას დავასაბუთებ... თუმცა მათ ძალიან გაუჭირდებათ პოლიტიკური მომავლის შექმნა, რადგან ვერ ჩამოაყალიბეს წასვლის მიზეზი. საბაბადაც ვერ გამოდგება ის მიზეზი, რასაც ისინი ასახელებდნენ, რომ ეს იყო მოსამართლეების საკითხი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ამ დეპუტატებს უნდა შერცხვეთ თავიანთი საქციელის გამო, რადგან ყველა წინადადება, რომელიც მათგან მოდიოდა მოსამართლეებთან დაკავშირებით, მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას.

მმართველი პარტია მარტში მილიონი ლარით გამდიდრდა >>

„მათ მეექვსე წელს გაახსენდათ, რომ სასამართლო თითქოს არ ვარგა და ასეთი სასამართლო მათ არ აწყობთ. მეექვსე წელს! ამას ხაზს ვუსვამ. სად იყვნენ ადრე, როდესაც კონსტიტუცია მივიღეთ, ევროპული კონსტიტუცია? იქ იყო საუბარი სასამართლოებზე, იუსტიციის საბჭოს (მოსამართლეების - რედ.) შერჩევაზე და მათ ამ ყველაფერს მხარი დაუჭირეს“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის განცხადებით, ბესელიასა და დანარჩენ დეპუტატებს, რომლებმაც გადაწყვიტეს მისი (ბესელიას; რედ.) მსგავსი პოზიცია დაეჭირათ, ყველაფერი აუხსნეს, მაგრამ მოსმენა არ მოინდომეს. ასე რომ, მათი წასვლის რეალური მიზეზი მოგვიანებით გაირკვევა.

ყოფილი თანამებრძოლების პასუხი

ივანიშვილის კრიტიკა რეაგირების გარეშე არ დაუტოვებიათ ყოფილ თანამებრძოლებს. ბესელიას განცხადებით, ივანიშვილი არ იყო გულწრფელი.

 „მე არ მახსოვს ბიძინა ივანიშვილი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ინტერვიუს დროს, განსაკუთრებით, იმ ნაწილში, რომელიც პარტიიდან ჩვენი წასვლის მიზეზებს ეხებოდა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ იგი არ იყო გულწრფელი, როდესაც ამაზე საუბრობდა. შეუძლებელია, არ ახსოვდეს ჩვენი პროტესტი ჯერ კიდევ პოლიტიკაში მის მოსვლამდე, თუ, რასაკვირველია, იგი თვალს ადევნებდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას იმ მოსამართლეთა ქმედებების გამო, რომლებიც ძალადობის მსახურები იყვნენ და არა მსხვერპლნი“, - აღნიშნა ბესელიამ.

სასამართლო სკანდალი 2018 წელს აგორდა, როდესაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სია წარუდგინა და მისი დაჩქარებული წესით განხილვა სთხოვა.

„დაიცავი საქართველო“ ბრძოლას იწყებს - საქართველოს პოლიტიკურ არენაზე კონკურენცია ძლიერდება >>

ამ სიაში აღმოჩნდნენ მოსამართლეები, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში სდებდნენ ბრალს. ბესელიამ განაცხადა, რომ არასდროს დაუჭერდა მხარს იმ პოლიტიკური გუნდის მოსამართლეებს, რომელსაც იგი მრავალი წლის განმავლობაში, 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილებამდე ებრძოდა.

„ჩემი ბრძოლა არ დაწყებულა არც შარშან, არც შარშანწინ და არც გუშინ. სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის უკვე 20 წელია ვიბრძვი. ჩემი და სხვათა პოლიტიკური მეხსიერება გაცილებით მეტია, ვიდრე, სამწუხაროდ, გუშინ მას (ივანიშვილს; რედ.) აღმოაჩნდა“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ბესელია საქართველოში სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ინიციატორი და ავტორი იყო. იგი „ქართული ოცნების“ შექმნის სათავეებთან იდგა და იყო სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე თავგამოდებული მოწინააღმდეგე.

„სააკაშვილმაც ვერ მიაღწია იმას, რომ გავჩუმებულიყავი, როდესაც მსჯავრდებულთა სკამზე, ერთი მხრივ, იჯდა ჩემი შვილი, სკოლის მოსწავლე, მეორეზე კი - ჩემი ძმა. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ გავჩუმებულიყავი. ახლა ბიძინა ივანიშვილმა მოინდომა, გავჩუმებულიყავი მოკრძალების გამო. მაგრამ, მაპატიეთ, როდესაც საქმე ეხება ამ ქვეყნის მომავალს, იდეალებს, სამართლიანობას, ვერავინ მაიძულებს გაჩუმებას“, - ხაზი გაუსვა ბესელიამ.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილმა მას სრული თავისუფლება მიანიჭა >>

ივანიშვილის განცხადებაზე კომენტარი გოგიჩაიშვილმაც გააკეთა.

„იგი ითხოვდა, რომ ჩვენ გავჩუმებულიყავით, რათა როგორმე გაგვეტანა ეს ათკაციანი სია იურიდიულ კომიტეტზე. დღეს ის გაბრაზებულია ჩვენზე და ამასთანავე, ძალიან საშიშია, რადგან ვერ მალავს ჩვენდამი თავის ანტაგონიზმს“, - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

იგი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი ყველა ღონეს იხმარს, რათა მოსამართლეები, რომლებიც ასოცირებული არიან მოძალადე რეჟიმთან, უვადოდ დაინიშნონ.

სასამართლო სისტემა

ვიდრე სასამართლო სკანდალი არ ცხრება,  უზენაეს სასამართლოში კვლავ კადრების სიმცირეა - მოსამართლეთა 28 ადგილიდან 18 ვაკანტურია.

პრობლემის გადასაჭრელად უმრავლესობამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი წამოაყენა. ცვლილებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის წესს ეხება. საუბარია შერჩევის ხუთსაფეხურიან მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცედურაზე. დოკუმენტი პირველი მოსმენით მიღებულია. ახლა „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება.

გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ მუშაობს შესწორებებზე, რომლებიც საქალაქო, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა უვადო დანიშვნის პროცედურას ეხება.

შესწორებები სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ფარგლებში პარლამენტმა გაზაფხულის სესიის დასრულებამდე უნდა მიიღოს.

ყველა ინსტანციის სასამართლოების დაკომპლექტების პროცესი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გზით 2024 წლისთვის უნდა დასრულდეს.

თემები:
სასამართლო სკანდალი საქართველოში (31)

მთავარი თემები